პორტალი:საქართველო/რჩეული სტატია/3

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შავი ზღვის აუზი ძვ. წ. 5600 წლამდე მუქი ლურჯი ფერით

შავი ზღვის დატბორვა პრეისტორიული წყალდიდობის ჰიპოთეზაა, რომელიც უნდა მომხდარიყო შავი ზღვის აუზის სწრაფი ავსებით. ეს თეორია პირველად ნიუ-იორკ ტაიმსში გაჟღერდა 1996 წელს, შემდეგ კი სწრაფად აიტაცა საერთაშორისო მედიამ. 1998 წელს უილიამ რაიანმა და უოლტერ პიტმანმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის გეოლოგებმა, გამოაქვეყნეს მტკიცებანი მასიური წყლის მოვარდნის მიმანიშნებელ ფაქტებზე ბოსფორის სრუტეში, რომელიც ძვ. წ. 5600 წელს უნდა მომხდარიყო.

ძვ. წ. მეექვსე ათასწლეულში კავკასიონისა და კარპატების მთების ყინულის მასიურმა დნობამ შავი და კასპიის ზღვები უზარმაზარ მტკნარი წლის ტბებად აქცია, მაშინ როცა მსოფლიო ზღვის დონე შედარებით დაბალი რჩებოდა. მტკნარი წლის ტბები ეგეოსის ზღვაში იღვრებოდა. კლიმატის აცივებამ ალპური ყინულების მომძლავრება გამოიწვია, შესაბამისად შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარეების წყლის მოცულობა მკვეთრად შემცირდა, ზოგიერთმა მდინარემ კი გასავალი ჩრდილოეთის ზღვაში გაიკვალა, ამასთან ერთად შავი ზღვის წყლის დონე აორთქლებითაც მცირდებოდა. შემდეგ, ძვ. წ. 5600 წლისთვის, მსოფლიო ზღვის საერთო დონე გაიზარდა, და როგორც რაიანი და პიტმანი ვარაუდობენ, აწეული ხმელთაშუა ზღვა საბოლოოდ ბოსფორის ფუძის კდლოვან ბარიერს არღვევს და წარმოუდგენელი სისწრაფით შავ ზღვაში იღვრება. ამ მოვლენამ 155.000 კმ² ფართობი მიწა დატბორა და მნიშვნელოვნად გააფართოვა შავი ზღვის სანაპირო ზოლი ჩრდილოეთითა და დასავლეთით.