პორტალი:საქართველო/რჩეული ბიოგრაფია/3

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვერიკო ანჯაფარიძე

ვერიკო ანჯაფარიძე (დ. 6 ოქტომბერი, 1900, ქუთაისი ― გ. 30 იანვარი, 1987, თბილისი) — ქართველი მსახიობი, საქართველოსა (1943) და საბჭოთა კავშირის (1950) სახალხო არტისტი. თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ვერიკოსთვის დამახასიათებელი იყო საოცარი სცენური მომხიბვლელობა, მგზნებარება, მეტყველების მელოდიურობა, ვირტუოზული ტექნიკა. მის სახელთან არის დაკავშირებული მარჯანიშვილის თეატრის მრავალი დადგმა. ამ თეატრში მუშაობის 60 წლის მანძილზე ვერიკო ანჯაფარიძემ განსაკუთრებული სცენური სახეების მთელი გალერეა შექმნა. მათ შორის იყო: ოფელია (შექსპირის „ჰამლეტი“), ივდითი (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), დეზდემონა (შექსპირის „ოტელო“), ლიზი (ნ. შიუკაშვილის „სულელი“), გინატრე (შალვა დადიანის „ნინოშვილის გურია“), მარგარიტა (ალექსანდრე დიუმას „მარგარიტა გოტიე“), ცაბუ (შ. დადიანის „ნაპერწკლიდან“), ჯავარა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), მაყვალა (ალექსანდრე ყაზბეგის „მოძღვარი“), კლეოპატრა (შექსპირის „ანტონიოს და კლეოპატრა“) და მრავალი სხვა დაუვიწყარი სახე. ანჯაფარიძის გამორჩეული ეკრანული სახეებია: კნეინა ბარათაშვილისა („არსენა“, 1937), რუსუდანი („გიორგი სააკაძე“, 1943), ოთარაანთ ქვრივი („ოთარაანთ ქვრივი“, 1958), კნეინა („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, 1965), პელაგია („შეხვედრა წარსულთან“, 1966), მგზავრი („მონანიება“, 1984).