პორტალი:ომი/რჩეული სტატია/5

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ესპანეთის სამოქალაქო ომი — მასშტაბური კონფლიქტი, რომელმაც ესპანეთი გაანადგურა 1936 წლის 17 ივლისიდან 1939 წლის 1 აპრილამდე. კონფლიქტი დაიწყო მანუელ ასანიას მეორე ესპანეთის რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობით ესპანეთის არმიის გენერალთა ერთი ჯგუფის მიერ. ნაციონალისტების გაძლიერებას ხელს უწყობდა დამოუკიდებელ მემარჯვენეთა ესპანური კონფედერაცია (Confederación Española de Derechas Autónomas, ან C.E.D.A), კარლისტები, და ფაშისტური ფალანგა (Falange Española de las J.O.N.S.). ომი დასრულდა აჯანყებულთა ძალების გამარჯვებით, რესპუბლიკური მთავრობის დამხობით, და დიქტატურის დამყარებით, გენერალ ფრანსისკო ფრანკოს მეთაურობით. სამოქალაქო ომის შემდეგ ყველა მემარჯვენე პარტია ფრანკოს რეჟიმის მმართველ პარტიაში გაითქვიფა.

რესპუბლიკელებს (republicanos) მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირი და მექსიკა, ხოლო აჯანყებულთა მიმდევრებს, ნაციონალისტებს (nacionales), მხარდაჭერა ჰქონდათ ფაშისტური იტალიისა და ნაცისტური გერმანიისგან, ასევე ავტორიტარული ესტადო ნოვოს რეჟიმისგან პორტუგალიაში. მიუხედავად იმისა, რომ აშშ ოფიციალურად ნეიტრალური იყო, ძირითადი ამერიკული კორპორაციები, როგორიცაა ტექსაკო, ჯენერალ მოტორსი, ფორდ მოტორსი და ფაირსტოუნი მნიშვნელოვან დახმარებას უწევდნენ ნაციონალისტ აჯანყებულებს სატვირთო მანქანების, საბურავების, სამანქანო ხელსაწყოებისა და საწვავის მუდმივი მიწოდებით.

ომმა უკიდურესად დაძაბა საერთაშორისო ურთიერთობები ევროპაში მეორე მსოფლიო ომის წინაპირობებში და განიხილებოდა, როგორც ირიბი ომი საბჭოთა კავშირის კომუნისტებსა და იტალიისა და გერმანიის ფაშისტურ ფლაგმანებს შორის. კონკრეტულად, ამ ომში გამოყენებულ იქნა ახალი სატანკო ბრძოლის ტაქტიკა და ქალაქების საჰაერო დაბომბვა დატერორების მიზნით, რაც გვიანდელი საერთო ევროპული ომის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

ესპანეთის სამოქალაქო ომს ასევე დაერქვა "პირველი მედია ომი", ვინაიდან მასში აქტიურად იყვნენ ჩაბმული მწერლები და ჟურნალისტები, რომელთაც საკუთარი წვლილის შეტანა სურდათ "მიზეზის მხარდასაჭერად". უცხოელ კორესპონდენტთა შორის, რომლებიც ამ ომს აშუქებდნენ, იყვნენ ერნესტ ჰემინგუეი, მართა გელჰორნი და რობერტ კაპა. (…სრულად)