პორტალი:ომი/რჩეული მხედართმთავარი/4

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიმიტრი გიორგის ძე ამილახვარი (დ. 1906, ბაზორკინო (ახლანდ. ჩერმენი), თერგის ოლქი ― გ. 24 ოქტომბერი, 1942, ელ-ალამეინი, ჩრდ. ეგვიპტე), საფრანგეთის არმიის ქართველი მოღვაწე, საფრანგეთის უცხოეთის ლეგიონის პოლკოვნიკი. დაბადების ადგილის მიხედვით „ბაზორკად“ იწოდებოდა. XIX საუკუნის გამოჩენილი სამხედრო და საზოგადო მოღვაწის, გენერალ ივანე ამილახვრის (1829-1905) შვილიშვილი. მისი მამა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ასევე სამხედრო მოღვაწე. შემდეგ პოლკოვნიკი გიორგი ამილახვარი ოჯახით ემიგრაციაში წავიდა 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიისთანავე. 1926 წელს ამილახვარმა დაამთავრა სან-სირის სამხედრო სასწავლებელი. იმავე წელს დაიწყო მისი სამხედრო კარიერა საფრანგეთის უცხოეთის ლეგიონში. მონაწილეობდა მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებში ჩრდილოეთ აფრიკაში.

გერმანელთა მიერ საფრანგეთის ოკუპაციისთანავე უცხოეთის ლეგიონის მაიორი დიმიტრი ამილახვარი ლონდონში ჩავიდა და შეუერთდა გენერალ შარლ დე გოლის „თავისუფალი საფრანგეთის“ არმიას. აქ მსახურისას ის მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში ერიტრეასა და სირიაში. ამის შედეგად მას პოლკოვნიკის ჩინი მიენიჭა. 1942 წელს ბირ-ჰაკეიმის ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის ის „გათავისუფლების ჯვრით“ დაჯილდოვდა.

საბოლოოდ ამილახვარი დაიღუპა 1942 წლის 24 სექტემბერს, ელ-ალამეინის ბრძოლის დროს. იგი დიდი პატივით იქნა დაკრძალული ლიბიის უდაბნოში. სიკვდილის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტის, გენერალ დე გოლის ბრძანებით პოლკოვნიკი დიმიტრი ამილახვარი დაჯილდოვდა „საპატიო ლეგიონის“ უმაღლესი ორდენით. (…სრულად)