პორტალი:ომი/რჩეული მხედართმთავარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პაულ იოზეფ გებელსი (გერმ. Paul Joseph Goebbels, IPA: [ˈɡœbəls]) (დ. 29 ოქტომბერი, 1897, რაიდტი (მენხენგლადბახი), გერმანია — გ. 1 მაისი, 1945, ბერლინი, გერმანია) — გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე, პუბლიცისტი, გერმანული ლიტერატურის და ფილოსოფიის დოქტორი. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი მესამე რაიხის პერიოდში. უამრავ სახელმწიფო და პარტიულ თანამდებასთან ერთად 1933-1945 წ.წ. ეკავა სახალხო განათლების და პროპაგანდის რაიხსმინისტრის პოსტი. ის იყო გერმანიის დიქტატორი ადოლფ ჰიტლერის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი და ყველაზე ერთგული მიმდევარი. გებელსი ცნობილი იყო შთამბეჭდავი ორატორული ნიჭით და მწვავე ანტისემიტიზმით; მრავალი ისტორიკოსი მას მიაწერს კრისტალნახტის ორგანიზაციას.

გებელსმა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში 1921 წელს, სადაც სადოქტორო დისერტაცია XVIII საუკუნის გერმანული რომანტიზმის თემაზე დაიცვა. მომდევნო წლებში ის ჯერ ჟურნალისტად მუშაობდა, შემდეგ კი ბანკის კლერკად და სააქციო ბირჟის გარიგებების დარბაზში კოტირებების აგენტად. ამ პერიოდში მან რამდენიმე რომანი და პიესა დაწერა, თუმცა გამომცემლები მათ დაბეჭდვაზე უარს ამბობდნენ. გებელსი ნაცისტურ პარტიას 1923 წელს გაეცნო ფრანგების მიერ რურის ოკუპაციის პერიოდში, 1924 წელს კი მისი წევრი გახდა. ამავე წელს ის პარტიის ბერლინის რეგიონალურ ხელმძღვანელად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე ის საკუთარ პროპაგანდისტულ ნიჭს სრულად ამჟღავნებს, რისი წყალობითაც წარმატებით ებრძვის ადვილობრივ სოციალისტურ და კომუნისტურ პარტიებს მის მიერ მომზადებული ნაცისტური პროკლამაციებით. 1928 წლისთვის ის უკვე ნაცისტური პარტიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლიდერი გახდა.

1933 წელს ნაცისტების გერმანიის მთავრობაში მოსვლის შემდეგ, ის პროპაგანდის მინისტრად დაინიშნა. მისი ერთ-ერთი პირველი ღონისძიება ამ პოსტზე ნაცისტების მიერ უარყოფილი წიგნების სახალხო დაწვა იყო. ის მალე გერმანიის ყველა საინფორმაციო წყაროზე სრულ კონტროლს აწესებს. მისი დანიშვნიდანვე თავდასხმები გერმანელ ებრაელებზე სულ უფრო მწვავე ხასიათს იღებდა. ებრაელებზე დევნამ კულმინაციას 1938 წელს კრისტალნახტში მიაღწია, რომელიც ნაცისტების მიერ განხორციელებული პირველი ღია "პოგრომი" გახდა. (…სრულად)