პორტალი:ევროპა/ბიოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვალტერ ადოლფ გეორგ გროპიუსი (Walter Adolph Georg Gropius; დ. 18 მაისი, 1883 – გ. 5 ივლისი, 1969) — გერმანელი არქიტექტორი, ბაუჰაუზის დამფუძნებელი. ლუდვიგ მის ვან დერ როესა და ლე კორბუზიესთან ერთად მოდერნისტული არქიტექტურის პიონერი.

დაიბადა ბერლინში, მთავრობის სამშენებლო მრჩევლის ოჯახში. გროპიუსი, მამამისის და დიდი ბიძა მარტინ გროპიუსის მსგავსად, არქიტექტორი გახდა. თუმცა ყველა წყაროს მიხედვით ვალტერ გროპიუსს ხაზვა არ ეხერხებოდა და კოლაბორატორებსა და პარტნიორებზე იყო დამოკიდებული მთელი კარიერის განმავლობაში. სკოლაში მან თანაშემწე იქირავა მისთვის საშინაო დავალებების შესასრულებლად.

1908 წელს გროპიუსმა სამსახური დაიწყო პეტერ ბეჰრენსის ფირმაში, რომელიც უტილიტარული სკოლის ერთ-ერთი პირველი მიმდევართაგანი იყო. მისი თანამშრომლები ამ პერიოდში იყვნენ ლუდვიგ მის ვან დერ როე და დიტრიხ მარკსი. 1910 წელს გროპიუსმა ბეჰრენსის ფირმა დატოვა და ყოფილ თანამშრომელ ადოლფ მაიერთან ერთად ბერლინში საკუთარი პრაქტიკა დააარსა. მათი ერთობლივი დამსახურებაა ერთ-ერთი სანიმუშო მოდერნისტული ნაგებობა შექმნილი ამ პერიოდში, ფაგუსვერკი, ალფერლდ-ან-დერ-ლაინი, გერმანია, ფეხსაცმელების ფაბრიკა. ამ შენობის მინის ფარდისებრი კედლები მოდერნისტული პრინციპის დემონსტრაციაა, რომელშიც ფორმა ფუნქციასა და მშრომელთათვის ჯანსაღი სამუშაო პირობების შექმნის გროპიუსის მისწრაფებას ასახავს. ამ პერიოდის სხვა ნამუშევართა შორისაა ოფისისა და ფაბრიკის შენობა ვერკბუნდის გამოფენისთვის (1914) კიოლნში.

ვრცლად ვალტერ ადოლფ გეორგ გროპიუსის შესახებ