პორტალი:გერმანია/ სტატია 59

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გერჰარტ ჰაუპტმანი (1905 წ.)
გერჰარტ ჰაუპტმანი (1905 წ.)

გერჰარტ ჰაუპტმანი (დ. 15 ნოემბერი, 1862, ობერზალცბრუნი ― გ. 6 აპრილი, 1946, აგნეტენდორფი), გერმანელი მწერალი. ნობელის პრემიის ლაურეატი (1912). XIX საუკუნის 80-იან წლებში ლექსებით გამოვიდა ლიტერატურის ასპარეზზე.

მის პირველ მოთხრობებში უკვე შეიმჩნეოდა ნატურალისტური ტენდენციები. სახელი გაითქვა დრამით "მზის ამოსვლის წინ" (1889), რომლის თემა - ბურჟუაზიული ოჯახის რღვევა - მის არაერთ ნაწარმოებში დამკვიდრდა ("დაზავების ზეიმი", 1890; "მარტოხელანი", 1891). ჰაუპტმანი მიჩნეული იყო გერმანული ნატურალიზმის მეთავედ, თუმცა მის შემოქმედებაში თვალსაჩინოა რეალისტური ელემენტებიც, აგრეთვე პესიმისტური ინტონაცია. თემისა და სტილის მხრივ ნოვატორულად აღიარეს მისი დრამა "ფეიქრები" (1892). ჰაუპტმანმა მრავალ ჟანრში სცადა კალამი, წერდა ლექსებს, კომედიებს, დრამებს, ზღაპრებს; აღსანიშნავია ისტორიული ტრაგედია "ფლორიან გაიერი" (1896). პირველი მსოფლიო ომის დროს პაციფისტის პოზიცია ეკავა; ამ პერიოდში ისტორიული და მითოლოგიური თემებით გატაცებასთან ერთად გადაიხარა ირაციონალიზმისკენ (დრამები "ზამთრის ბალადა", 1917; "თეთრი მხსნელი", 1920; რომანი "გიჟი ქრისტეისითა - ემანუელ კვინტი", 1910 და სხვები), ფაშიზმის წლებში დაწერა ავტობიოგრაფიული რომანი "ჩემი სიჭაბუკის თავგადასავალი" (ტ. 1-2, 1937), დრამატული ტეტრალოგია ბერძნული ლეგენდის სიუჟეტზე (1941-1944); ნაციზმისადმი მტრული განწყობილება გამოჩნდა მის პოემაში "დიდი სიზმარი" (1942-1943). სიკვდილის წინ 1945 წელს, აირჩიეს "კულტურბუნდის" საპატიო პრეზიდენტად.

ჰაუპტმანის შემოქმედებას ქართული საზოგადოება უკვე XX საუკუნის დასაწყისშივე იცნობდა.1902 "მოამბის" მე-2 - მე-4 ნომრებში გამოქვეყნდა ვინმე იან-იანის თარგმანი "დაძირული ზარი" (დაიდგა 1915); ქართულ სცენაზე იდგმებოდა ჰაუპტმანის პიესები - "დაზავების ზეიმი" სათაურით "ავადმყოფი ხალხი" (1901), "წავის ქურქი" სათაურით "მელანიას ოინები" (1903), "როზა ბერნდი" (1904), "ფეიქრები" (1904-1905, გამოქვეყნდა 1910), "მარტოხელანი" (1906), "ამხანაგი კრემპტონი" (1907), "მზის ამოსვლამდეს" (1910), "ჰანელეს ამაღლება" (1911), "მიხაელ კრამერი" (1911), "შლუკი და იაუ" (1912), "ვილჰელმ ჰენშელი" (1915); 1979 "მზის ჩასვლის წინ" დაიდგა მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში (რეჟისორი მ. ჟვანია).

სრულად...