შეერთებულ შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ჩრდილოეთ კაროლინის შტატს დაატყდა გრიგალი „აირინი“. მოელიან, რომ კვირას ის ქალაქ ნიუ-იორკს მიაღწევს. სულ ცოტა სამი ადამიანი დაიღუპა გრიგალის გამო, რომელიც სანაპიროს მძლავრი ქარიშხლებით, კოკისპირული წვიმებითა და წყალდიდობით დაატყდა. (რადიო თავისუფლება)
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა გაიმარჯვა. პარასკევს გამართულ კენჭისყრაში მან ხმების 55 % მოიპოვა. რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა მას მერე, რაც მაისში გარდაიცვალა პრეზიდენტი სერგეი ბაგაფში. ეს პირველი საპრეზიდენტო არჩევნები იყო თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მას მერე, რაც 2008 წელს მოსკოვმა მისი დამოუკიდებლობა ცნო. (რადიო თავისუფლება)
ტროპიკული შტორმიფილიპინებზე – ბოლო მონაცემებით, სტიქიას რეგიონში 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 640 ადამიანი კი დაშავდა. ახლა ქარიშხალმა კუნძულის ჩრდილოეთით გადაინაცვლა და სამხრეთ ჩინეთის მიმართულებით ვრცელდება. (1 არხი)
დასავლეთის საინფორმაციო საშუალებები შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ანონიმ წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ პაკისტანში მოკლულია ალ-ყაიდის რანგით მეორე პირი, ატია აბდ ალ-რაჰმანი. იტყობინებიან, რომ ალ-რაჰმანი ალ-ყაიდის რიგით მეორე პირად იქცა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებულ სპეცოპერაციაში მოკლულ იქნა ორგანიზაციის ლიდერი ოსამა ბინ ლადენი. (რადიო თავისუფლება)
ევროპის სუპერთასი„ბარსელონამ“ მოიგო. ევროპის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პეპ გუარდიოლას გუნდი ევროპის ლიგის ჩემპიონ „პორტუს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. კატალონიელებმა ევროპის სუპერთასი მეოთხედ მოიგეს. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი ანდრეს ინიესტა დასახელდა. (1 არხი)