პორტალი:ახალი ამბები/2010 აგვისტო 3

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიმდინარე მოვლენები 3 აგვისტო, 2010 (2010-08-03) (სამშაბათი)
  • ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ამ დროისთვის ცეცხლის მცირე კერები კვლავ რჩება . ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პაპუნა ხაჩიძემ აცნობა. „რამდენადაც ცეცხლი წიწვოვან ტყეშია გავრცელებული, ჯერ კიდევ რჩება ხანძრის ბევრი მცირე კერა, რომელთა ჩაქრობა მიწიდან – ქვეითთა მიერ უფროა შესაძლებელი. თუმცა, სამი ვერტმფრენი დილის 07:00 საათიდან ინტენსიურად მუშაობს. ამ დროისთვის ცეცხლი კვლავ 15 ჰექტარზეა გავრცელებული“, - განაცხადა პაპუნა ხაჩიძემ. მისივე თქმით, დღეს ხანძრის ჩასაქრობად შედარებით ხელსაყრელი კლიმატური პირობებია, რადგან ქარი არ ქრის. თუმცა, ხაჩიძე აქვე განმარტავს, რომ ხანძარი რთულ რელიეფზეა გავრცელებული და სწორედ ეს ფაქტორი ართულებს ცეცხლის საბოლოო ლიკვიდაციას. ხანძარი ბორჯომის ხეობაში 31 ივლისს გაჩნდა. (new.interpressnews.ge)
  • პაკისტანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავენ. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმით გამოწვეულ ნგრევას უკვე ემსხვერპლა 1500-მდე ადამიანი. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, უსახლკაროდ დარჩა 980 000 ადამიანი. იმავე წყარო ამ რიცხვის მილიონამდე გაზრდას ვარაუდობს. ამ დროისათვის დანგრეულია 80 000, დაზიანებული კი 50 000 სახლი. გაერო, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები პაკისტანში ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნიან. (რადიო თავისუფლება)
  • მექსიკის ყურეში ბიპის დაზიანებული მილსადენიდან ჩაღვრილი ნავთობის რაოდენობამ თითქმის 5 მილიონ ბარელს მიაღწია. ამის შესახებ ორშაბათს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ განაცხადა. ჯერჯერობით ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოების შედეგად მხოლოდ 800 000 ბარელი ნავთობის შეჩერება და გადაქაჩვა გახდა შესაძლებელი. შესაბამისად, მექსიკის ყურეში მომხდარი კატასტროფა ამ ტიპის უმსხვილეს შემთხვევად ითვლება. წინა შემთხვევაც მექსიკის ყურეში მოხდა. მაშინ, წელს, ზღვაში 3 მილიონ 300 000 ბარელი ნავთი ჩაიღვარა. (რადიო თავისუფლება)
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ თავისი სანქციების სიიდან ამოიღო თალიბანის 10 და ალ ყაიდას 35 წევრი. თომას მაირ ჰანტინგმა, გაეროს უშიშროების საბჭოს კოლეგიის თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ სიაში თალიბანისა და ალ ყაიდას წევრთა 433 გვარია მოხვედრილი - მათგან 132 თალიბანს წარმოადგენს, 311 კი ალ ყაიდას. შავის სიის სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვასა და გადაადგილების შეზღუდვას. (რადიო თავისუფლება)
  • გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი დღეს იაპონიაში ჩადის, სადაც მონაწილეობას მიიღებს ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებულ ცერემონიალში. ბან კი მუნი გაეროს პირველი გენერალური მდივანია, რომელიც ამ მემორიალურ ცერემონიალში მონაწილეობს. იაპონიის ლიდერებთან შეხვედრების თემა ატომური განიარაღება და სხვა გლობალური საკითხები იქნება. (რადიო თავისუფლება)
  • პაკისტანის ქალაქ კარაჩიში წუხელ, სულ ცოტა, 37 ადამიანი დაიღუპა პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის შედეგად. არეულობა მოჰყვა 2 აგვისტოს ადგილობრივი დეპუტატის, რაზა ჰაიდერის მკვლელობას. წუხელ სროლის დროს კარაჩიში, სულ ცოტა, 80 ადამიანი დაიჭრა. ცეცხლი წაუკიდეს ათობით მაღაზიასა და ავტომანქანას. სროლა დილამდე ისმოდა, ქალაქის ქუჩებში სამთავრობო ჯარების განთავსების მიუხედავად. თვით კარაჩიში და მიმდებარე დასახლებებში სკოლები დახურული რჩება. (რადიო თავისუფლება)
  • ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცნობით, ხანძრის ე.წ. ღია კერები აღარ არსებობს და ამჟამად ნიადაგის შიდა წვა მიმდინარეობს, რასაც მაშველებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც ებრძვის. ხანძრის რაიონში კვლავ იმყოფებიან ვერტმფრენები, რომლებიც მუშაობას ახალი ღია კერების წარმოქმნის შემთხვევაში განაახლებენ. ბორჯომის ხეობაში ივლისის ბოლოს გაჩენილმა ხანძარმა 15 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. (რადიო თავისუფლება)