პორტალი:ახალი ამბები/2010 აგვისტო 26

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 26 აგვისტო, 2010 (2010-08-26) (ხუთშაბათი)
  • პაკისტანში დღეს კვლავ გამოცხადდა მოსახლეობის ევაკუაცია ქვეყნის სამხრეთში მდებარე სინდის რეგიონში, სადაც 400 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მდინარე ინდის კალაპოტიდან გადმოსვლის შედეგად დაიწყო მოსახლეობის გაყვანა არაერთი დატბორილი ქალაქიდან. ერთი თვის წინ პაკისტანში ხანგრძლივი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობით 17 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა. დაღუპულთა რიცხვი 1500-ს აღემატება. (რადიო თავისუფლება)
  • კოლუმბიაში ვულკანმა „გალერასმა“ გაიღვიძა. ქალაქ პასტოს, ვულკანიდან ამოსული ფერფლი და მომწამვლელი გაზი უახლოვდება. უკვე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია. ათასობით უსახლკაროდ დარჩენილისთვის სპეციალური დროებითი საცხოვრებლები ააგეს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლავის ამოფრქვევის შემთხვევაში, კოლუმბიის დიდი ნაწილი შესაძლოა კატასტროფის ზონად იქცეს. (პირველი არხი)
  • აფეთქებების სერია განხორციელდა ერაყში. ტერაქტები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ბაღდადში მოხდა. აფეთქებებს სულ 60 ადამიანი ემსხვერპლა, 250 დაშავებულია. დაღუპულთა შორის 20 სამართალდამცველია. (პირველი არხი)
  • ნიგერიის ხელისუფლება შეშფოთებულია ქვეყანაში ქოლერით დაავადების შემთხვევათა მომრავლებით. ბოლო სამი თვის განმავლობაში ამ სენს 350-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 6400-ს გადააჭარბა. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ექსპერტთა ვარაუდით, ქოლერის სწრაფ გავრცელებას ხელი შეუწყო სეზონურმა წვიმებმა, სასმელი წყლის უკმარისობამ და ელემენტარული სანიტარული პირობების დაუცველობამ. ნიგერიის მეზობელ კამერუნში ქოლერით 200-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. (რადიო თავისუფლება)
  • არეულობა იერუსალიმში – სილვანის არაბულ დასახლებაში ერთმანეთს პალესტინელები და ებრაელები დაუპირისპირდნენ. პალესტინელებმა იერიში ებრაელების საცხოვრებელ სახლებზე მიიტანეს და მათ მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. მომხდარის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა, დაიწვა მანქანები. არეულობის ორგანიზატორების შეჩერება სამართალდამცველებმა სცადეს, თუმცა დემონსტრანტებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. (პირველი არხი)
  • ავიაკატასტროფა მოხდა კონგოში. ბანდუნდუს პროვინციაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ მაშველები. ნამსხვრევებიდან უკვე 19 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. ზუსტად რამდენი მგზავრი იმყოფებოდა ავიაკატასტროფისას თვითმფრინავის ბორტზე, ამ დრომდე უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, 2 მგზავრი გადარჩა. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. (პირველი არხი)