პორტალი:ახალი ამბები/2010 აგვისტო 23

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 23 აგვისტო, 2010 (2010-08-23) (ორშაბათი)
  • ფილიპინების პოლიციამ იერიში მიიტანა ავტობუსზე, რომელშიც შეირაღებულ პირებს მძევლად ჰყავდათ 15-მდე მგზავრი. ინციდენტი დედაქალაქ მანილაში მოხდა. თვითონ გამტაცებელი მოკლეს. მანილის პოლიციის ცნობით, სულ მცირე შვიდი მძევალია ასევე დაღუპული. პოლიციამ თავიდან ალყა შემოარტყა ავტობუსს, საიდანაც სროლის ხმა ისმოდა. ინციდენტი, რომლის დროსაც შეიარაღებულმა პირმა ტურისტული ავტობუსი ჩაიგდო ხელში 25 მგზავრით, ცხრა საათი გრძელდებოდა. ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელი ყოფილი პოლიციელი იყო, რომელიც სამსახურში აღდგენას მოითხოვდა. მოგვიანებით შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე მძევალი გაუშვა. ცნობით, ტურისტები ჩინეთიდან იყვნენ. (რადიო თავისუფლება)
  • სულ მცირე 21 ადამიანი დაიხოცა ორი სხვადასხვა აფეთქების დროს პაკისტანის სამხრეთ ვაზირისტანსა და ქურამში. „რადიო თავისუფლება“ - რადიო თავისუფალი ევროპის პაკისტანური რედაქციის, „რადიო მაშაალის“ კორესპონდენტის თანახმად, სამხრეთ ვაზირისტანში აფეთქება მოხდა მეჩეთში, სადაც „ყურანის გაკვეთილი“ მიმდინარეობდა. დაიხოცა 16 პირი, დაშავდა 30. მეორე ინციდენტი, სადაც ხუთი ადამიანი დაიხოცა, თემის უხუცესთა შეკრებისას მოხდა. (რადიო თავისუფლება)
  • ტაჯიკეთის ხელისუფლების ცნობით, 25 ისლამისტი მეამბოხე გაიქცა საპატიმროდან. მათ სულ მცირე, ხუთი გუშაგი მოკლეს. პატიმრებმა დუშანბეს სახელმწიფო უშიშროების ციხიდან გაქცევა მოახერხეს ღამით, 23 აგვისტოს. (რადიო თავისუფლება)
  • ხანძარი თურქეთში. იზმირში ტყის მასივი იწვის. ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს უახლოვედბა. რამდენიმე სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში ათობით მეხანძრეა მობილიზებული. ხანძრის ჩასაქრობად, ქვეყნის მთავრობამ რამდენიმე ვერტმფრენი გამოყო, თუმცა ცეცხლის ლოკალიზებას ხელს ძლიერი ქარი უშლის. (პირველი არხი)
  • ჩილეში, 17 დღის წინ, ერთ-ერთ მაღაროში მომხდარი ნგრევის შედეგად, მიწისქვეშ მოყოლილი 33 მაღაროელი ნიშანს იძლევა, რომ ისინი ცოცხლები არიან. ოქროსა და სპილენძის მომპოვებელ მაღაროში მომხდარმა ნგრევამ დაახლოებით 700 მეტრის სიღრმეზე მოიქცია მაღაროელები. კვირას მაშველებმა მაღაროში სპეიალური ზონდი ჩაუშვეს, რომელზეც მიწისქვეშ მოქცეულმა მაღაროელებმა წერილი მიამაგრეს, საიდანაც იტყობინებიან, რომ ნგრევისას მათ მოახერხეს უსაფრთხო ადგილას თავის შეფარება და ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მაღაროელთა ამოსაყვანად შესაძლებელია რამდენიმე კვირა გახდეს საჭირო. ამ დროის განმავლობაში მაღაროელებს მიაწვდიან, საკვებს, წყალსა და ჟანგბადს. (რადიო თავისუფლება)
  • ერაყის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბაღდადის ცენტრალური ციხიდან საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლის მკვლელობისათვის, 2004 წელს გასამართლებული ჯასარ არ რავი გაიქცა. როგორც იუსტიციის მინისტროს მოადგილე აცხადებს, ამ დროისათვის იკვლევენ, როგორ მოახერხა მკვლელმა ციხიდან გაქცევა. როგორც ირკვევა, ის ბაღდადის ცენტრალური ციხიდან 2009 წლის სექტემბერში გაიქცა, ამის შესახებ კი მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. (რადიო თავისუფლება)
  • როგორც ფილიპინების ოფიციალური წარმომადგენლები იტყობინებიან, სამსახურიდან დათხოვილმა შეიარაღებულმა პოლიციელმა ტურისტული ავტობუსი დააკავა, სადაც 20–ზე მეტი სამხრეთ კორეელი ტურისტი იმყოფება, მათ შორის რამდენიმე ბავშვია. პოლიციის განცხადებით, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა ალყაში მოაქციეს ავტობუსი და მიმდინარეობს მოლაპარაკებები. როგორც ოფიციალური პირები იტყობინებიან, პიროვნება, რომელმაც ტურისტული ავტობუსი დააკავა პოლიციიდან ცუდი ყოფაქცევისა და კრიმინალური საქციელის გამო გაათავისუფლეს. (რადიო თავისუფლება)