პორტალი:ახალი ამბები/2010 აგვისტო 22

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 22 აგვისტო, 2010 (2010-08-22) (კვირა)
  • პაკისტანში ქვეყნის სამხრეთი რაიონების მოსახლეობა სახლებს ტოვებს ახალი წყალდიდობის საფრთხის გამო. პროვინცია სინდის ხელისუფლება იტყობინება, რომ უკანასკნელი დღეღამის განმავლობაში 200 ათასამდე ადამიანი გაიქცა მაღლობ რაიონებში. ახლახან მომხდარი წყალდიდობის შედეგად პაკისტანში 1600 ადამიანი დაიღუპა. დაზარალებულად ითვლება 20 მილიონი ადამიანი. (რადიო თავისუფლება)
  • თურქეთის დასავლეთ რეგიონში ტყეები იწვის. ყველაზე მძიმე მდგომარეობა იზმირის ოლქშია, სადაც ცეცხლი უკვე დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება და რამდენიმე სოფელს განადგურებით ემუქრება. სტიქიის ზონაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ცეცხლის ლოკალიზებას 1 500-მდე მეხანძრე ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს. ადგილზე სახანძრო ავიაციაც მუშაობს. (პირველი არხი)
  • ქაიროს სამხატვრო მუზეუმიდან მოიპარეს ვან გოგის ნახატი „ყვავილებიანი სურა“, რომელიც 50 მილიონ დოლარდაა შეფასებული. ეგვიპტის კულტურის მინისტრმა, ჰოსნი ფარუქმა განაცხადა, რომ ქურდის დაკავებისთვის განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ნახატს, რომელიც ასევე ცნობილია სახელწოდებით, „ყაყაჩოები“ მეორედ იპარავენ. პირველად ის ამავე მუზეუმიდან მოიპარეს 1978 წელს. მოგვიანებით ის ქუვეითში იპოვნეს და ქაიროში დააბრუნეს. (რადიო თავისუფლება)
  • ხანძარი გლდანის ტყეში. დამწვარია დაახლოებით 3 ჰექტარამდე ტერიტორია. ცეცხლი გვიან ღამით ნაგავსაყრელის ტერიტორიას გაუჩნდა. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ამ დროისთვის დაუდევრობა სახელდება. სამაშველო ჯგუფი შემთხვევის ადგილას გამოძახებიდან 5 წუთში მივიდა. ცეცხლის ლოკალიზება 8 სახანძრო ბრიგადამ, დაახლოებით ნახევარ საათში შეძლო. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. (პირველი არხი)
  • ავსტრალიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ჯერჯერობით ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ ახერხებს მოიპოვოს მთავრობის შექმნისთვის საჭირო უმრავლესობა. იუწყებოდნენ, რომ ხმების 75 პროცენტის დათვლის შემდეგ მცირე უპირატესობით ლიდერობდა ოპოზიციური ლიბერალური და ნაციონალური პარტიების კოალიცია. (რადიო თავისუფლება)
  • ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროებს ქარიშხალმა გადაუარა. ქარის სიჩქარე წამში 20 მეტრს აღწევდა. ყველაზე მეტად სტიქიამ სოხუმი დააზარალა. ძლიერმა ქარმა ხეები ძირფესვიანად ამოგლიჯა, სახლებს სახურავები გადახადა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი მოსახლეობის დიდი ნაწილი. სტიქიისგან მიყენებული ზარალი ჯერ დათვლილი არ არის. (პირველი არხი)