პორტალი:ახალი ამბები/2010 აგვისტო 1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 1 აგვისტო, 2010 (2010-08-01) (კვირა)
  • სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი სერბულმა დრამამ, „ტილვა როსმა“ მოიპოვა. კინორეჟისორ ნიკოლა ლეზაიჩის ფილმი მოგვითხრობს ორ მოზარდზე, მათს ცხოვრებაზე აღმოსავლეთ სერბიის ქალაქში - მაღაროელთა ქალაქში, რომელშიც სულ უფრო მატულობს უმუშევართა რიცხვი. სერბს - მარკო ტოდოროვიჩს - ერგო საუკეთესო მსახიობისთვის განკუთვნილი ჯილდოც, „ტილვა როსში“ შესრულებული როლისთვის. სარაევოს ფესტივალი ყველაზე მასშტაბური კინოფორუმია ბალკანეთის რეგიონში. (რადიო თავისუფლება)
  • ბორჯომის ნაკრძალი ისევ იწვის. გუშინ გაჩენილ ცეცხლს მეხანძრეები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების ჯგუფები მთელი ღამე ებრძოდნენ. (rustavi2.com)
  • პაკისტანიდან გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ხიბერ-პახტუნხვის რეგიონში ძლიერი წყალდიდობების შედეგად 1100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს ცნობა რეგიონის ინფორმაციის მინისტრ მიან იფტიხარ ჰუსაინის განცხადებაზე მითითებით ვრცელდება. ამავე მინისტრის თქმით, სტიქიურმა უბედურებამ რეგიონში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა. ჰუსაინის ვარაუდით, მონაცემები კიდევ უფრო გაიზრდება. წყალდიდობები ძლიერმა მუსონურმა წვიმებმა გამოიწვია. პაკისტანის ეროვნული მეტეოროლოგიური დეპარტამენტი წვიმას წინასწარმეტყველებს მომდევნო დღე-ღამის მანძილზეც. (რადიო თავისუფლება)
  • ავღანეთში გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად ექვსი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ინციდენტი სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების პრეს-მდივნის განცხადებით, დაღუპულებს შორის ორი ბავშვია. დაიჭრა ცხრა ადამიანი, რომლებიც საავდმყოფოში მოათავსეს. (რადიო თავისუფლება)
  • რუსეთის ცენტრალურ რეგიონებში ჯერ კიდევ არ შემცირებულა ხანძრით მოცული ტერიტორიის ფართობი - ის 120 000 ჰექტარს აღწევს. ნიჟეგოროდის ოლქში ხანძრის შედეგად დაღუპულების რიცხვი 14-მდე გაიზარდა. სულ, ხანძარმა რუსეთის ცენტრალურ რეგიონებში 30-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. მოსკოვის ოლქში ამ დროისთვის ხანძრის 130 კერაა აღრიცხული. ევაკუირებულია 5 000-ზე მეტი ადამიანი. ხანძრების ჩასაქრობად მიმდინარე ოპერაციებში თავდაცვის სამინისტრის ძალებიც მონაწილეობენ. პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ორშაბათისთვის საგანგებო შეკრებაზე, მოსკოვში მიიწვია ხანძრებით დაზარალებული რეგიონების გუბერნატორები. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა, პატრიარქმა კირილემ ხალხს მოუწოდა, წვიმისთვის ილოცონ. (რადიო თავისუფლება)
  • ჩეჩნეთში დღეს ორი მილიციელი დაიღუპა. სამართალდამცავი უწყებების განცხადებით, დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა იერიში განახორციელეს მილიციელებზე სოფელ ჩერნორეჩიესთან, გოროდსკოის რაიონში. მიმდინარეობს ოპერაცია თავდამსხმელების მოსაძებნად, რომლებიც გროზნოს მახლობლად, ტყეში ეგულებათ. (რადიო თავისუფლება)
  • 73 წლის როინ ხატიაშვილი გლდანის ტბაში შვილიშვილის გადასარჩენად შევიდა და დაიღუპა. შვილიშვილი გადარჩა. 11 წლის ჯონი ჯიქიძე ახლა იაშვილის სახელობის კლინიკაშია და ექიმები აცხადებენ, რომ მის სიცოხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბოლო მომენტში ბავშვი წყლიდან თვითმხილველებმა ამოიყვანეს. ბაბუას კი სავარაუდოდ, გულის შეტევა დაემართა. უბედური შემთხვევა გლდანში მდებარე ტბაზე საღამოს საათებში მოხდა. (rustavi2.com)