შინაარსზე გადასვლა

პოპოლოს კარიბჭე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოპოლოს კარიბჭე

პოპოლოს კარიბჭე (პორტა დელ პოპოლო, ან პორტა ფლამინია) — ავრელიანეს კედლის კარიბჭე, რომელიც გასდევს გასაყარს ქუჩებს: პიაცა დელ პოპოლოსა და პიაცალე ფლამინიოს შორის.

უწინ ერქვა პორტა ფლამინია, რადგან საკონსულო ვია ფლამინია გადიოდა, როგორც ახლაც გადის, მისი გავლით (ძველ დროში, ვია ფლამინია იწყებოდა პორტა ფონტინალისთან, ამჟამინდელი ვიტორიანოს ახლოს). XX საუკუნეში კარიბჭეს პორტა სან ვალენტინო, ბაზილიკისა და კატაკომბის გამო ეწოდა, რომლებსაც იგივე სახელი ჰქონდათ და მდებარეობდნენ ვიალე პილსუდსკის დასაწყისში.

პორტა დელ პოპოლო არის კარიბჭე აურელიანეს კედლებში, რომში. ამჟამინდელი პოპოლოს კარიბჭე ააშენა პაპმა სიქსტუს IV-მ 1475 წლის იუბილისათვის, ძველი რომაული კარიბჭის ადგილზე, რომელიც იმ დროისთვის ნაწილობრივ დამარხული გახლდათ.

კარიბჭისა და მის წინ მდებარე მოედნის სახელის წარმოშობა ნათელი არ არის: სავარაუდოა, რომ იგი შეიძლება მომდინარეობდეს მრავალი ალვის ხისგან (ლათ. populus), რომლებიც ამ ტერიტორიას ფარავდნენ, მაგრამ უფრო შესაძლებელია, რომ ტოპონიმი დაკავშირებულია სანტა მარია დელ პოპოლოს ბაზილიკის წარმოშობასთან, რომელიც 1099 წელს პაპმა პასხალის II-მ, რომაელი ხალხის მეტ-ნაკლებად ნებაყოფლობითი შემოწირულობის წყალობით ააშენა.

ვია ფლამინიას მნიშვნელობის გათვალისწინებით, პორტა დელ პოპოლოს, მისი არსებობის დასაწყისიდანვე, უფრო მეტად ურბანული მოძრაობის დამარეგულირებლის როლი ენიჭებოდა, ვიდრე თავდასაცავი შენობისა. ამან გამოიწვია დაუდასტურებელი ვარაუდი, რომ კარიბჭე თავდაპირველად აშენდა ორი თაღით (ასევე ორი ცილინდრული გვერდითი კოშკით) და რომ მხოლოდ შუა საუკუნეებში, მოსახლეობის დემოგრაფიული კლების გამო მოძრაობის შემცირების შედეგად, ის ერთ თაღამდე დაიყვანეს. სიქსტუს IV-ის ეპოქაში კარიბჭე ნახევრად დამარხული, საუკუნეების განმავლობაში უყურადღებობის მსხვერპლი, და დროისა და შუასაუკუნეების ალყების შედეგად დაზიანებული გახლდათ; ზედაპირული რესტავრაცია შემოიფარგლებოდა სტრუქტურის ნაწილობრივი გაძლიერებით.

დღესდღეობით კარიბჭე დაახლოებით მეტრ-ნახევრით მაღლა დგას ძველი მიწის დონეზე. მდინარის მიერ მოტანილმა ნარჩენებმა წყალდიდობების დროს და პინციანის ბორცვის ნელმა, მაგრამ უწყვეტმა ფენებად დაშლამ გარშემო მიწა აამაღლა, ისე რომ მთელი კარიბჭის ამაღლება გადაუდებელ საქმედ ქცეულიყო. ეს საჭიროება უკვე იგრძნობოდა V საუკუნეში იმპერატორ ჰონორიუსის მიერ განხორციელებული რესტავრაციის დროს, მაგრამ ჩარევა არ განხორციელდა.

დღევანდელი იერსახე XVI საუკუნეში განხორციელებული რეკონსტრუქციის შედეგია, როდესაც კარიბჭემ კვლავ შეიძინა დიდი მნიშვნელობა ჩრდილოეთიდან მომავალი ურბანული მოძრაობისთვის. გარე ფასადი დაუკვეთა პაპმა პიუს IV-მ მიქელანჯელოს, რომელმაც თავის მხრივ ეს ამოცანა ნანი დი ბაჩო ბიჯიოს დაავალა: ის ტიტუსის თაღით იქნა შთაგონებული, და კარიბჭე 1562-დან 1565 წლამდე ააშენა. ფასადზე სამუშაოები კვლავ მიქელანჯელოს მიერ იყო დაპროექტებული და სამუშაოებს ჯაკოპო ბაროცი და ვინიოლა ხელმძღვანელობდა. ფასადის ოთხი სვეტი გადმონაშთია ძველი წმინდა პეტრეს ბაზილიკისა და ისინი ქმნიან ერთადერთი, დიდი თაღის ჩარჩოს, რომელსაც რესტავრაციის აღმნიშვნელი ქვა და პაპის გერბი გადმოჰყურებს, რომელსაც, თავის მხრივ, ორი სიუხვის რქა ეყრდნობა; ყოფილი წრიული კოშკები შეცვალა ორმა კვადრატულმა სათვალთვალო კოშკმა, და მთელი შენობა მორთული იყო ელეგანტური სალოდე ქონგურებით. 1638 წელს, ორი ქანდაკება (წმინდა პეტრესი და წმინდა პავლესი), რომლებიც ფრანჩესკო მოჩიმ გამოაქანდაკა, ჩასმული იქნა სვეტების ორ წყვილს შორის: ქანდაკებები უარყოფილი იყო სან-პაოლო-ფუორი-ლე-მურას მიერ და მოქანდაკეს უკან სამუშაოს საფასურის დაფარვის გარეშე დაუბრუნდა.

წარწერა ცენტრალურ ქვაზე, რომელიც ახსენებს პიუს IV-ის მიერ განხორციელებულ რესტავრაციას, ამბობს:

PIVS IIII PONT MAX
PORTAM IN HANC AMPLI
TVDINEM EXTVLIT
VIAM FLAMINIAM
STRAVIT ANNO III

შიდა ფასადი დააპროექტა ჯოვანი ლორენცო ბერნინიმ პაპ ალექსანდრე VII-ისთვის და ის გაიხსნა ტახტზე უარის მთქმელი დედოფლის, კრისტინა შვედის ჩამოსვლის აღსანიშნავად, 1655 წლის 23 დეკემბერს: ეს შემთხვევა აღნიშნულია შიდა ფასადის სხვენზე ამოკვეთილი წარწერით, პაპის ოჯახის გერბებთან ერთად.

FELICI FAVSTOQ(ue) INGRESSVI
ANNO DOM MDCLV

წარწერის განთავსება - შიდა ფასადზე გარე ფასადის ნაცვლად - და თვით საკმაოდ მოკლე ტექსტი, მეტად უჩვეულოა; ჩეზარე დ'ონოფრიო ასკვნის, რომ სავარაუდოდ პაპი უკუაქცევდა ახლად მონათლული ყოფილი დედოფლის შემაწუხებელ და ცოცხალ პიროვნებას, ყველა შესაძლებელი დიპლომატიური ჩართულობით. ვიზიტი მაინც დაუვიწყარი მოვლენა იყო რომაელი ხალხისთვის, როგორც პომპეზურობისა და ბრწყინვალების გამო, ასევე ვაჭრებისა და წვრილმანი მოვაჭრეების შეწუხების გამო, რომლებიც იძულებულნი იყვნენ რამდენიმე დღით შეეჩერებინათ თავიანთი საქმიანობა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო დასუფთავება და შენარჩუნებულიყო წესრიგი კარიბჭიდან წმინდა პეტრეს ბაზილიკამდე, კორტეჟის მთელ მარშრუტზე.[1]

სხვა მდიდრულ ამალებსაც გაევლოთ პოპოლოს კარიბჭეში: ყველაზე შთამბეჭდავი შარლ VIII-ის ფრანგული არმიის კორტეჟი იყო, რომელიც 1494 წლის 31 დეკემბერს ექვსი საათის განმავლობაში მარშირებდა, რითაც სამხედრო ძალის უჩვეულო დემონსტრირება მოახდინა; მაგრამ კარდინალების პროცესიებმაც, რომლებიც კონსისტორიაში პაპის ხელმძღვანელობით იკრიბებოდნენ, ხალხის აღფრთოვანება და პატივისცემით აღსავსე აღტაცება გამოიწვია.

ურბანული მოძრაობის ზრდის გამო, 1887 წელს ორი გვერდითი თაღი, კარიბჭის გვერდით მდგომი კოშკების 1879 წლის დემონტაჟის შემდეგ გაიხსნა; სამუშაოები 300.000 ლირა დაჯდა. ამ შემთხვევის დროს აღმოჩენილი იქნა ავრელიანეს ეპოქის ძველი სტრუქტურისა და ცილინდრული კოშკების ზოგიერთი ნაშთი: ეს აღმოჩენები ძალიან მნიშვნელოვანი გახდა კარიბჭის ისტორიული რეკონსტრუქციისთვის. სამუშაოები აღინიშნა ორი ქვით გარე ფასადზე; მარცხენა წარწერა პირველ სამუშაოებზე გვეუბნება:

ANNO MDCCCLXXIX
RESTITVTAE LIBERTATIS X
TVRRIBVS VTRINQVE DELETIS
FRONS PRODVCTA INSTAVRATA

ხოლო მარჯვენა მხარეს არსებული წარწერა მეორე ჩარევას ახსენებს:

VRBE ITALIAE VINDICATA
INCOLIS FELICITER AVCTIS
GEMINOS FORNICES CONDIDIT

კარიბჭესთან ახლოს, აღმოჩენილი იქნა 175 წელს განთავსებული „საბაჟო ქვებიდან“ ერთ-ერთი. მსგავსი ქვები იპოვნეს სხვადასხვა დროს, სხვა მნიშვნელოვან ქალაქის კარიბჭეებთან ახლოს (პორტა სალარია და პორტა ასინარია); ისინი აღნიშნავდნენ ერთგვარ ადმინისტრაციულ საზღვარს, სადაც დგებოდა „საბაჟო ოფისები“. ეს ოფისები ადრე გადასახადებს შემომავალ და გამავალ საქონელზე კრეფდნენ, მაგრამ შუა საუკუნეებში მათ კარიბჭეებში (რომელთაგან ზოგიერთი მდიდარ მემამულეებს ან კონტრაქტორებს ეკუთვნოდათ) გავლისთვის ბაჟის შეგროვებაც დაეკისრათ. ამ ინსტიტუციის პირველი ცნობები, რომელიც სულ მცირე XV საუკუნის დასაწყისამდე მოქმედებდა,[2] V საუკუნით თარიღდება. IX საუკუნეში (როდესაც პაპები, რომის მუნიციპალიტეტთან დაპირისპირებისას, ფლობდნენ ადმინისტრაციულ კონტროლს თითქმის ყველა კარიბჭის გადასახადებზე), პაპმა სერგიუს II-მ პორტა ფლამინიას ბაჟის შემოსავალი სან-სილვესტრო-ინ-კაპიტეს მონასტერს გადასცა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჯუზეპე ვასის ოფორტი, გამოსახავს კარიბჭის ორივე მხარეს მდგარ კოშკურებს, რომლებიც 1879 წელს განადგურდნენ.
  1. ჯიაკინტო ჯიგლიმ დღიურში ჩაწერა: „ოცდამეერთე დღეს გამოქვეყნდა ბრძანება, რომ მომდევნო დღეს მაღაზიები უნდა დახურულიყო, არაფერი გაყიდულიყო..., და ქუჩები პოპოლოს კარიბჭიდან წმინდა პეტრეს ბაზილიკამდე ორნამენტებით უნდა მორთულიყო, მაგრამ საღამოს გაირკვა, რომ ეს მგზავრობა ერთი დღით გადაედოთ.“
  2. 1467-68 წლებში პოპოლოს კარიბჭის ტენდერის ფასი 39 ფლორინად ფასდებოდა, და ამ თანხას მყიდველი წელიწადში ორჯერ იხდიდა.