პომპეუსის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1841 წელს ინჟინერ-მშენებელი პოლკოვნიკი ტერმინის მიერ აშენებული ხიდის ხედი 2011 წელს.

პომპეუსის ხიდი, მოგვთა ხიდი — არქეოლოგიურ-ისტორიული ძეგლი, რომელიც მდებარეობს ქალაქ მცხეთის შესასვლელში, დღესდღეობით მდინარე მტკვარზე არსებული გადასასვლელი ხიდის აღმოსავლეთით 100 მეტრში. ამჟამად იგი დაფარულია მდინარის მიერ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეცნიერო ლიტერატურასა და ადგილობრივ მოსახლეობაში მტკვარზე გადებული ძველი ხიდი უფრო ხშირად მოიხსენიება, როგორც „პომპეუსის ხიდი“. „პომპეუსის ხიდი“ ამ ადგილზე პომპეუსის ლაშქრობამდეც არსებობდა, ხოლო ნაგებობა, რომელიც მდინარის წყლის დონის დაწევისას ჩანს, არის 1839-1841 წლებში აშენებული ხიდი.

ამ ხიდს უნდა ემუშავა ძვ. წ. IV-III საუკუნეებიდან მაინც, როდესაც ვაჭრობამ საერთაშორისო ხასიათი მიიღო. მცხეთა ამ საერთაშორისო სავაჭრო გზების გზაგასაყარზე მდებარეობდა, რაზეც არა მხოლოდ ქართული, არამედ უცხოური წყაროებიც გადმოგვცემს (სტრაბონი, პლინიუსი, აპიანე, დიონ კასიუსი და სხვა). მცხეთის ხიდთან იყრიდა თავს ამიერკავკასიის მთავარი გზები — დარიალის ხეობიდან საქართველოს სამხრეთ საზღვრამდე და შავი ზღვიდან კასპიის ზღვის სანაპირომდე.

პომპეუსის ხიდი 1832 წ. ნიკანორ ჩერნეცოვის ფერწერა

ძვ. წ. 65 წელს მცხეთა და მტკვარზე გადებული ხიდი გახდა საბრძოლო ასპარეზი ქართლის მეფე არტაგსა და რომაელ სარდალ გნეუს პომპეუსს შორის.

პომპეუსის ხიდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომაელი ისტორიკოსის დიონ კასიუსის მიხედვით ქართლის მეფე არტაგმა დროის მოგებისათვის პომპეუსს ელჩები გაუგზავნა და მეგობრობა შესთავაზა. პომპეუსი დათანხმდა ზავზე, მაგრამ ეტყობა შემდეგ გამჟღავნდა არტაგის საბრძლო მზადების შესახებ და ძვ. წ. 65 წლის გაზაფხულზე პომპეუსი მოულოდნელად თავს დაესხა არტაგს არმაზციხესთან. ქართლის მეფემ სამეფო რეზიდენცია უბრძოლველად დატოვა, მცხეთაში გადავიდა და მტკვარზე ხიდი დაწვა. რომაელებმა არმაზციხე აიღეს. არტაგმა კვლავ ითხოვა ზავი, ხიდიც აღადგინა და რომაელებისათვის სურსათიც გაიღო. პომპეუსმა ამით ისარგებლა, მტკვარზე გადავიდა და მდინარე არაგვის ხეობას აჰყვა. ქართველები დამარცხდნენ და არტაგი იძულებული იყო ისევ განეახლებინა საზავო მოლაპარაკება.

ძვ. წ. III საუკუნის ბოლოს ქართლის ხიდის ყურში (იგივე პომპეუსის ხიდი) ქართლის მეფე ფარნაჯომს დაუსახლებია სპარსეთიდან ჩამოყვანილი მოგვები. სწორედ მათგან მიიღო ამ ადგილმა სახელწოდება „მოგვთაკარი“, ხოლო ხიდმა — „მოგვთა ხიდი“.

ვახტანგ გორგასლის ხიდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

V საუკუნეში ირანელებთან ბრძოლის დაწყების წინ ხიდი შეუკეთებია და 60 მხარით გაუფართოვებია ვახტანგ გორგასალს.

ვიკიციტატა
„ხოლო ვახტანგ განაფართა ხიდი მოგუეთისა ვითარ სამოცი მხარი ქცევისათვის მას ზედა სპათასა[1].“

ქართლის ცხოვრებაში ნახსენები სიტყვა „დანაფართა“ გულისხმობს არა ძველის დანგრევას და მის ადგილზე ახლის აშენებას, არამედ მანამდე არსებული 20 მეტრი სიგრძის ერთმალიანი ხის ხიდისათვის რეკონსტრუქცია ჩაუტარებიათ, რომელსაც თავიდან ორივე მხარეს ჰქონდა დახშული მისასვლელები, რომლებიც აბრკოლებდნენ ხიდის ქვეშ წყალის მსვლელობას. ვახტანგ გორგასალის დროს ეს მთლიანი მისასვლელები ჩაანაცვლა თაღოვანი სარკმლებით, მარცხენა სანაპიროსთან ხუთი და მარჯვენა სანაპიროსთან სამი. ამრიგად არსებული ოცმეტრიანი ხიდი გაფართოვდა 60 მხარით ანუ 100-120 მეტრით. ამ სახით მოგვთა ხიდმა იარსება 13.5 საუკუნე.

პომპეუსის ხიდი, 1825 წ. რობერტ ლაიელის ჩანახატი

1771 წელს ხიდი უნახავს აკადემიკოს იოჰან გიულდენშტედტს.

ვიკიციტატა
„მცხეთიდან ¼ საათი მივდიოდით დასავლეთისაკენ. ჩვენ მივყვებოდით მტკვრის მარცხენა ნაპირს ზევით. დაახლოებით ერთ ვერსზე და გადავედით მის ხიდზე, რომელიც სარგებლობისათვის ერთი მცხეთელი აზნაური იღებდა ბაჟს. ძლივს გაუძლო ჩვენს გადასვლას[2].“

XVIII საუკუნეში ხიდის მოვლა დაევალათ მცხეთელ აზნაურებს - გედევანიშვილებს, რომლებსაც უფლება მიეცათ შრომის საფასურად აეკრიფათ სახიდე გადასახადი.

1811 წელს მცხეთა მოუნახულებია ევროპელ მოგზაურს კარლ ფრეიგანგს:

ვიკიციტატა
„მცხეთიდან ერთი ვერსის დაშორებით არის ხიდი მტკვარზე. გვერდებზე აქვს ძველი კოშკები, რომლებიც ალბათ ძველ დროში თავდაცვისთვის იყო გამოყენებული. ამბობენ რომ ხიდი ააშენა პომპეუსმა, როცა თავისი ჯარით გაიარა მცხეთაშიო. მაგრამ სიმართლესთან ახლოს იქნება თუ ვიტყვით რომ პომპეუსის მოსვლამდე უნდა ყოფილიყო აშენებული[3].“

1823 წელს ხიდი მოინახულა ცნობილმა ორიენტალისტმა და მოგზაურმა იულიუს კლაპროთმა.

ვიკიციტატა
„დავტოვეთ მცხეთა და ავყევით მტკვრის მარცხენა სანაპიროს, იქედან ორ ვერსზე მდებარე ხიდამდე, რომელიც ნახევრად ხისაგან და ნახევრად ქვისაგან არის ნაგები და ძალიან კარგ მდგომარეობაშია[4].“

1833 წელს მცხეთის ხიდი უნახავს ცნობილ შვეიცარიელ მეცნიერ-არქეოლოგს და მოგზაურს ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს.

ვიკიციტატა
„თანდათან მივიწევდით მაღლა, მდ. მტკვრის ხეობის სიღრმეში. ძველ ხიდს, რომელიც ორ კლდეს შუა იყო გადებული, გადაჰყავდა მგზავრები მტკვრის შესართავთან, უძველესი კოშკის ძირას და სხვა ძეგლების ნანგრევებთან, რომლებიც პატარა ხიდს გამოჰყოფენ უფრო მოზრდილისაგან. მისი შუა ნაწილი ხისა იყო, თაღი დიდი ხანია მოშლოდა და თუ მართლაც ეს ხიდი პომპეუსის მიერ იყო აგებული, უნდა ითქვას რომ მას დიდხანს გაუძლია ბუნების სტიქიისათვის. ვინ იცის, არქეოლოგებისათვის საინტერესო რამდენ ძვირფას საგანძურს ინახავს ეს ნანგრევები, რომლებიც ჯერ არავის მოუნახულებია...“

მოგვთა ხიდის მისასვლელთან ადრე იდგა სადარაჯო ციხე-კოშკი, რომელიც დაანგრიეს და 1841 წლის ხიდის მშენებლობისას გამოიყენეს ხიდის მარცხენა ნაპირის მისასვლელის კონტრფორსების მოსაწყობად.

1839-41 წლებში ტერმინის მიერ აგებული ახალი ქვის ხიდი მცხეთაში

ტერმინის ხიდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნეში მძიმე ტრანსპორტის განვითარებასთან ერთად პომპეუსის ხიდის გამოყენება სახიფათო გახდა, ამიტომ ძველი ხიდი დაანგრიეს და მის ადგილას 1839-1841 წლებში ააშენეს მაღალი ოთხმალიანი ქვის თაღოვანი ხიდი (ინჟინერ-მშენებელი პოლკოვნიკი ტერმინი), რომლელმაც მხოლოდ 85 წელი იარსება. ამ ხიდს საერთო სიგრძე იგივე ჰქონდა, რაც ვახტანგისეულს. ამ უკანასკნელისგან მხოლოდ დიდი და ფართო აგურის თაღებით განსხვავდებოდა. საერთოდ ეს იყო ქვის პირველი ხიდი, რომელიც მეფის რუსეთში აშენდა. ხიდს შუაში კუთხური გარდატეხა ჰქონდა რაც გამოწვეული იყო მალებს შორის მდებარე კლდოვანი კუნძულით. ისევე როგორც ძველმა მშენებლებმა, ასევე ახლაც აღნიშნული კუნძული გამოიყენეს ხიდის შუა საყრდენ-ბურჯად.

ინჟინერ-პოლკოვნიკი ტერმინი ამ ძველ ხიდთან დაკავშირებით წერდა:

ვიკიციტატა
„ერთი ვერსის დაშორებით, მცხეთის ზემოთ მდებარეობდა ძველი ხიდი, რომლის აშენებას გადმოცემის თანახმად რომაელებს მიაწერდნენ. თუ ჩემს მიერ ნახული, ჩვენამდე მოღწეული ხიდის ნანგრევებით ვიმსჯელებთ, უნდა ვივვარაუდოთ, რომ აქ რომაელების მიერ აგებული ხიდი, ყოველ შემთხვევაში იმ დროისათვის უკვე დანგრეული ყოფილა. ჩანს იგი რეკონსტრუირებული ყოფილა ქართველების ან სპარსელების მიერ[5].“

1926 წელს ზაჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გაკეთდა ჯებირები, რის გამოც პომპეუსის ხიდი წყლით დაიფარა და მის მაგივრად დასავლეთით აშენდა ახალი რკინის სამ მალიანი ხიდი (პროექტის ავტორები ი. კარელინი, ინჟინერ-მშენებელი ბ. მიქელაძე).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 19947

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჯუანშერი, "ქართლის ცხოვრება" ტ. I თბილისი, 1955 წ. გვ. 180
  2. "გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში" თბილისი, 1962 წ. გვ. 59
  3. "Lettres sur le caucase et la georgie". Hambourg, 1816. გვ. 100
  4. "Voyage au mont Caucase et en Géorgie". Paris, 1823
  5. Термин. "журнал путей сообщения" 1841 г. т. III. кн. 2 ст. 207-215