პომპეია პლოტინა
პომპეია პლოტინა | |
---|---|
ავგუსტა | |
![]() პლოტინას ბიუსტი, ვატიკანის მუზეუმი | |
რომის იმპერატორის მეუღლე | |
მმართ. წლები: | ახ. წ. 98-117 |
დაბ. ადგილი: | ესკასენა-დელ-კამპო, ესპანია; ან ნემაუსუსი, გალია |
გარდ. თარიღი: | 121/122 |
მეუღლე: | ტრაიანე |
სრული სახელი: | პომპეია პლოტინა ავგუსტა |
დინასტია: | ანტონინუსების დინასტია |
მამა: | ლუციუს პომპეუსი |
პომპეია პლოტინა (გ. 121/122) — რომის იმპერატორ ტრაიანეს მეუღლე 98-დან 117 წლამდე. განთქმული იყო ფილოსოფიისადმი ინტერესით, სათნოებით, ღირსებითა და უბრალოებით.
განსაკუთრებული ზრუნვით ეპყრობოდა ეპიკურეიზმულ ფილოსოფიურ სკოლას ათენში, საბერძნეთში.[1] მას ხშირად თვლიან ადამიანად, რომელმაც რომაელებს წინანდელზე უფრო სამართლიანი გადასახადები დაუწესა, გააუმჯობესა განათლება, ყურადღება დაუთმო გაჭირვებულებსა და უპოვრებს, და რომაულ საზოგადოებაში შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის დონე აამაღლა.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პლოტინა ტეიადა ლა ვიეიაში (ესკასენა-დელ-კამპო), ესპანიის (თანამედროვე ესპანეთის) პროვინციაში გაიზარდა. შესაძლოა დაბადებულიყო ნემაუსუსში (ნიმში) (სამხრეთ საფრანგეთში), ნერონის (დაახლ. 54-68) მეფობის დროს. ალტერნატიულად, ის შეიძლება 70-იანებშიც დაბადებულიყო.
ის იყო ქალიშვილი ლუციუს პომპეუსისა. შესაძლებელია, რომ სხვა ქალი ნემაუსუსიდან, ვინმე პომპეია ლ. ფ. მარულინა, მისი ნათესავი ყოფილიყო;[2] ისტორიკოსი კრისტიან სეტიპანი ვარაუდობს, რომ მათი დედმამიშვილობის შანსებიც კი უნდა არსებობდეს.[3] მისი საგვარეულო სახელის („პლოტინას“) მიხედვით, დედამისს პლოტია ან რაიმე მსგავსი ერქმეოდა.[4] პომპეიში აღმოჩენილი წარწერა ვინმე ულპია პლოტინას ასახელებს, რაც შეიძლება მიანიშნებდეს, რომ პომპეია და ტრაიანე ერთმანეთთან ბიოლოგიურად იყვნენ დაკავშირებულნი. დედოფლის ბავშვობის შესახებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი.
ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პლოტინა ტრაიანეს ამ უკანასკნელის გამეფებამდე გაჰყვა ცოლად, და მათი ქორწინება ბედნიერი იყო. მათ არ ჰყოლიათ შვილები (ყოველ შემთხვევაში, რომ ჰყოლოდათ, მათ შესახებ წყაროებს ჩვენამდე არ მოუღწევია) სავარაუდოდ იმიტომ, რომ თავად ტრაიანეს მამაკაცები ბევრად მეტად იზიდავდა ვიდრე ქალები.
წყაროებზე დაყრდნობით, როდესაც პლოტინა, ტრაიანეს გამეფების შემდეგ საიმპერატორო სასახლეში შედიოდა, ის მაყურებლებს მიუბრუნდა და ფრთხილად გამოაცხადა: „მე შევდივარ ისეთი ქალი, როგორიც მსურს რომ ვიყო, როდესაც აქედან გამოვალ.“[5] დედოფალი ტრადიციული რომაელი მატრონას ცხოვრებით ცხოვრობდა, და ასოცირდებოდა წმინდა ქალღმერთებთან, როგორებიც იყვნენ ვესტა (რომის წმინდა ცეცხლის მცველი) და მინერვა (ომისა და სიბრძნის ქალღმერთი).[6] 100 წელს ის ტრაიანემ ავგუსტას ტიტულით დააჯილდოვა, მაგრამ პლოტინა ამ ჯილდოზე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ამბობდა უარს. მისი გამოსახულება მონეტებზე 112 წლამდე არ გამოჩენილა.[1]
როდესაც მომავალი იმპერატორი ადრიანე და მისი და 10 ან 11 წლის იყვნენ, მათ მშობლები დაეღუპათ. ტრაიანემ და რომაელმა ოფიცერმა პუბლიუს აცილიუს ატიანუსმა მათი მეურვეობა იკისრეს. ადრიანე ტრაიანეს შორეული ნათესავი იყო (იმპერატორის მამა და ადრიანეს ბებია და-ძმა იყვნენ). პლოტინამ ადრიანე ვიბია საბინას, მის მომავალ მეუღლეს გაურიგა.[7]
ტრაიანეს სიკვდილი და ადრიანეს ტახტზე ასვლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]117 წელს ტრაიანე სასიკვდილო სარეცელზე, კილიკიაში, სელინუსში იწვა, როდესაც მან, გადმოცემით, დაწერა წერილი, რომელშიც ის პირადად გადასცემდა ადრიანეს იმპერიის მმართველობას. წერილს დედოფალი პლოტინა აწერდა ხელს, და როდესაც მან რომში ჩააღწია, ის მაშინვე მითქმა-მოთქმის საგანი გახდა. ჭორები ატიანუსისა და პლოტინას მრუშობის შესახებ სწრაფად გავრცელდა - ორივე მათგანი ძალიან ახლოს იყო ადრიანესთან და ისინი ტრაიანეს გარდაცვალებასაც ესწრებოდნენ - ხალხი ვარაუდობდა, რომ მათ წერილი გაეყალბებინათ, რომ ადრიანე ტახტით უზრუნველყოთ.[1][8]
ანელის ფრაიზენბრუხი ამ ბრალდებას უარყოფს: „პლოტინა, მეორე საუკუნის მდუმარე მეუღლე, ამ ბრალდებებით ლივიას, აგრიპინა უმცროსსა და დომიციას იმ რომაელი სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ქალების გალერეაში შეუერთდა, რომლებსაც ქმრის სიკვდილის დაფარვაში ან შეთქმულებაში ედებოდათ ბრალი“. ფრაიზენბრუხი აღნიშნავს, რომ არსებობს მრავალი დამაჯერებელი ახსნა, თუ რატომ ჩაითვლება პლოტინას ხელმოწერა ამ დეკლარაციაზე ლეგიტიმურად: სულ ცოტა, ტრაიანე შესაძლოა ზედმეტად სუსტად ყოფილიყო თავად ხელის მოსაწერად. ფრაიზენბრუხი ასევე ამატებს, რომ ამგვარი ბრალდებები საუკუნეების განმავლობაში ატალახებდა მმართველთა მეუღლეების სხვანაირად სპეტაკ რეპუტაციას.[9]
ატიანუსსა და მატიდიასთან ერთად, მწუხარე პლოტინა ტრაიანეს სხეულს სელევკიამდე, ხოლო მის ფერფლს რომამდე მიჰყვა.[8]
შემდგომი წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პლოტინას დაქვრივების პერიოდში, მისი საუკეთესოდ დოკუმენტირებული ქმედება განხორციელდა. 121 წელს, როდესაც იმპერატორი ადრიანე პროვინციებს ამოწმებდა, პლოტინამ მას წერილების სერია მისწერა, რომლებშიც განიხილავდა თუ ვინ უნდა ყოფილიყო ეპიკურეიზმის ათენის ფილოსოფიის სკოლის ახალი მმართველი. მან მოითხოვა კანონში ცვლილება, რომ პოპილიუს თეოტიმუსს, მმართველის როლის შემსრულებელს, ოფიციალურ მმართველად გახდომა შეძლებოდა. საპასუხოდ, ადრიანე მის შემოთავაზებას დათანხმდა, და ეს მნიშვნელოვანი წერილები შემოინახა. ფრაიზენბრუხი აღნიშნავს: „ლიტერატურულ ჩანაწერებში მის პასიურ ანონიმურობასთან საოცარ კონტრასტში, ეს მინაწერები პლოტინას პორტრეტს გვიხატავს, როგორც ღრმად განათლებული ქალისა, რომელსაც გულთან მიაქვს ყველაფერი ის, რაზეც მუშაობს, და რომელსაც იმპერატორთან იმგვარი წვდომა გააჩნია, რომლითაც ოდესღაც ლივია სარგებლობდა.“[10]
პლოტინა ავადმყოფობით გარდაიცვალა და გაღმერთდა. მისი ფერფლი ტრაიანეს ფერფლს, ტრაიანეს სვეტის ძირში შეუერთდა. 123 წელს ადრიანემ მის პატივსაცემად ნიმიში, პროვანსში, ბაზილიკა ააგო.[11]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (in French) Minaud, Gérard, Les vies de 12 femmes d’empereur romain - Devoirs, Intrigues & Voluptés , Paris, L’Harmattan, 2012, ch. 6, La vie de Plotine, femme de Trajan, pp. 147–168.
- (in German) Temporini, Hildegard, Die Frauen am Hofe Trajans. Ein Beitrag zur Stellung der Augustae im Principat, Berlin, De Gruyter, 1979, pp. 10–183.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Simon Hornblower and Anthony Spawforth-E.A. (edd.), Oxford Classical Dictionary, Oxford University Press, 2003, p. 1214.
- ↑ Syme, Ronald (2002) The Roman Revolution, American Council of Learned Societies, illustrated, new, Oxford paperbacks, OUP Oxford, გვ. 502. ISBN 9780192803207.
- ↑ Settipani, Christian (2000). Continuité gentilice et continuité familiale dans les familles sénatoriales romaines à l'époque impériale: mythe et réalité, illustrated, Prosopographica et genealogica (It), Unit for Prosopographical Research, Linacre College, University of Oxford, გვ. 407. ISBN 9781900934022.
- ↑ Gildersleeve, Basil; Miller, Charles William Emil; Meritt, Benjamin Dean; Frank, Tenney; Cherniss, Harold Fredrik; Thompson Rowell, Henry (1991) American Journal of Philology. Johns Hopkins University Press, გვ. 515.
- ↑ Dio Cassius, LXVIII, 5
- ↑ Annalise, Freisenbruch (2010). Caesars' Wives: Sex, Power, and Politics in the Roman Empire. London and New York: Free Press, გვ. 159–161.
- ↑ Historia Augusta, "Hadrian", 3; translated by Anthony Birley, Lives of the Later Caesars (Harmondsworth: Penguin, 1976), p. 59
- ↑ 8.0 8.1 Jackson, Nicholas (2022) Trajan: Rome's Last Conqueror, 1st, Chapter: Conspiracy, Death and Deification: GreenHill Books. ISBN 978-1784387075.
- ↑ Freisenbruch, Caesars’ Wives, pp. 162f
- ↑ Freisenbruch, Caesars’ Wives, pp. 163f
- ↑ Bennett, Julian (1997). Trajan: Optimum Princeps. London: Routledge, გვ. 26. ISBN 0-203-36056-7.