პოლონური მუზეუმი (რაპერსვილი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლონური მუზეუმი (რაპერსვილი)
47°13′36″ ჩ. გ. 8°49′06″ ა. გ. / 47.22667° ჩ. გ. 8.81833° ა. გ. / 47.22667; 8.81833
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
მდებარეობა Rapperswil-Jona[1]
ოფიციალური საიტი http://www.muzeum-polskie.org
Map

რაპერსვილის პოლონური მუზეუმი - პოლონური მუზეუმი რაპერსვილში, შვეიცარიაში. დაარსდა 1870 წელს, პოლონელი გრაფის, ვლადისლავ ბროელ-პლატერის მიერ, აგატონ გილერის მოთხოვნის საფუძველზე.[2] ორი შუალედის გარდა (1927-1936, 1952-1975), მუზეუმი შვეიცარიაში, ქვეყანაში, სადაც ბოლო ორი ასწლეულის მანძილზე უამრავი პოლონელი გადასახლდა, პოლონური კულტურის ცენტრს წარმოადგენდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლონური მუზეუმი რაპერსვილის სასახლეშია განთავსებული. სასახლე XII საუკუნეში აშენდა გრაფ რუდოლფ რაპერსვილელის დროს და წლების მანძილზე ჰაბსბურგების დაქვემდებარებაში იყო. რაპერსვილი თავისუფალი ქალაქი (Freie Reichsstadt) გახდა 1415 წელს, საბოლოოდ კი, შვეიცარიის კონფედერაციას შეუერთდა. წლების მანძილზე უყურადღებობის გამო სასახლე ავარიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ადგილობრივმა მოხელეებმა ნოემბრის აჯანყების შემდეგ სასახლე 99 წლით იჯარით პოლონელ ემიგრანტს, გრაფ ვლადისლავ ბროელ-პლატერს (ემილია პლატერის, 1830 წლის აჯანყების გმირის ნათესავი) გადასცეს, რომელიც შვეიცარიაში 1844 წელს გადასახლდა. გრაფმა საკუთარი ხარჯებით სასახლეს რესტავრაცია ჩაუტარა და 1870 წლის 23 ოქტომბერს იგი გაიხსნა როგორც პოლონური ეროვნული მუზეუმი.[3]

1892 წლიდან მუზეუმში ერთი ან რამდენიმე ბიბლიოთეკარი იყო დასაქმებული. 1892-1896 წლებში მუზეუმში რომანისტი სტეფან ჟერომსკი მუშაობდა. 1895 წელს მუზეუმი ცნობილმა მწერალმა, ბოლესლავ პრუსმა მოინახულა.

სასახლის შესასაველი წინ ბარის კონფედერაციის სვეტი მდებარეობდა, რომელიც ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორის, იულიან სტადლერის დაპროექტებული იყო. 1868 წელს სვეტი გრაფმა პლატერმა საკუთარი სახსრებით მოახსნევინა. თავდაპირველად სვეტი ციურიხის ტბის სანაპიროზე მდებარეობდა, ამგრამ რუსების პროტესტის შემდეგ სასახლის წინ დადგეს, რათა ქალაქში მყოფებს ვერ დაენახათ. სვეტის თავზე არწივია, ფუძეზე კი დათვები და სხვა არსებები არიან გამოსახული. ლათინური წარწერა Magna Res Libertas ითარგმნება როგორც „თავისუფლება დიდი რამაა“. სვეტზე პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის გერბი (რომელზეც არწივია გამოსახული) და ლიეტუვური ვიტისია გამოსახული.

პოლონური მუზეუმი რაპერსვილში
სასახლე ახალი იონასტრასედან
აგატონ გილერი
ვლადისლავ პლატერი

1892-1994 მუზეუმში ჟერომსკისთან ერთად მუზეუმის ბიბლიოთეკარი ზიგმუნტ ვასილევსკიც იყო. მალე ბიბლიოთეკამ და არქივებმა მუზეუმის არტეფაქტებზე უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. 1874 წელს მუზეუმს ლეონარდ ხოძკოს კოლექცია დაემატა. შემდეგსი ბიბლიოთეკას დიდი ემიგრაციის პერიოდთან დაკავშირებული მასალები, ნაბეჭდი მასალა, გრავიურები და რუკები გადაეცა.

1883 წელს ბიბლიოთეკას გრაფ პლატერის არქივები გადაეცა, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავდა 1863 წლის იანვრის აჯანყებისა და აჯანყების შემდეგ შვეიცარიაში ემიგრირებული პოლონელების შესახებ. ბიბლიოთეკამ მიიღო არტურ ვოლინსკის კოლექციებიც ამ აჯანყების შესახებ.

წლების მანძილზე მუზეუმის ბიბლიოთეკას სხვადასხვა ქვეყნის ოჯახებისა და ორგანიზაციების მიერ ნაანდერძევი არქივები დაემატა. 1927 წლამდე ბიბლიოთეკაში იმ პოლონურ პერიოდულ გამოცემებს აგროვებდნენ, რომლებიც პოლონეთის საზღვრებს გარეთ გამოიცემოდა და უცხოურ პერიოდულ გამოცემებსაც, რომლებიც პოლონეთს შეეხებოდა.

XX საუკუნის ბოლოსთვის, რაპერსვილის მუზეუმის ბიბლიოთეკა უდიდესი პოლონური ბიბლიოთეკა იყო პოლონეთის საზღვარგარეთ.[4]

რეპატრიაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის დამფუძნებელმა, გრაფმა პლატერმა მუზეუმი ანდერძით პოლონელ ხალხს უსახსოვრა. 1927 წელს, პოლონეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პლატერის სურვილის შესაბამისად, მუზეუმის კოლექციები პოლონეთში გადაიტანეს: ხელოვნების 3 000 ნიმუში, 2 000 ისტორიული რელიქვია, 20 000 გრავიურა, 9 000 მონეტა და მედალი, 92 000 წიგნი და 27 000 ხელნაწერი. ვარშავაში ამ კოლექციების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით, ბიბლიოთეკა და არქივები, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა შეგნებულად გაანადგურეს.[5] გერმანელებს ტადეუშ კოსციუშკოს გული გადაურჩა, რომელიც ვარშავის სამეფო სასახლის სამლოცველოშია დასვენებული, რომელიც 1970-იან წლებში ხელახდა აშენდა.

თანამედროვე პოლონეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1936 წელს რაპერსვილის სასახლეში თანამედროვე პოლონეთის მუზეუმი დაარსდა და დამოუკიდებელი პოლონეთის ხელოვნების და მიღწევების პოპულარიზებას ისახავდა მიზნად. 1940 წელს, მას შემდეგ, რაც საფრანგეთში მებრძოლი 13 000 პოლონელი ჯარისკაცი შვეიცარიაში გადაიყვანეს, ინტერნირებულთა ბანაკში მუზეუმი საგანმანათლებლო და კულტურულ სამუშაოს ასრულებდა. 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მუზეუმი პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის დაქვემდებარებაში გადავიდა. 1952 წელს რაპერსვილის ადგილობრივმა მთავრობამ, იმის შიშით, რომ სასახლე კომუნისტური პროპაგანდის ცეტრი არ გამხდარიყო, მუზეუმი დახურა.[5]

მუზეუმი დღეს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი ხელახლა 1975 წელს გაიხსნა. დღეისთვის მუდმივი გამოფენებია: შვეიცარიელები პოლონეთში და პოლონელები შვეიცარიაში; XIX-XX საუკუნეებში დასავლეთით პოლონელთა ემიგრაციის ისტორია; პოლონელთა ეროვნული დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორია; ცნობილი პოლონელი მეცნიერები და ნობელის პრემიის ლაურეატები; XIX-XX საუკუნეების პოლონელ ხელოვანთა ნახატები; ებრაული კულტურა პოლონეთში; პოლონური სახალხო ხელოვნება. დამატებით, მუზეუმში პოლონეთის ისტორიისა და ხელოვნების შესახებ პერიოდული გამოფენებიც ეწყობა.[6]

პოლონური მუზეუმი მოიცავს ბიბლიოთეკასაც, რომელიც ამჯამად სასახლის ქვემოთ ბორცვზე, ბურგჰოფის სახლშია განთავსებული. მასში პოლონეთის ისტორიისა და კულტურის 20 000-მდე ტომია დაცული, მათ შორის დასავლურ ევროპულ ენებზე შესრულებული ნამუშევრებიც. ბიბლიოთეკის წიგნების კატალოგი ონლაინაცაა ხელმისაწვდომი.

მუზეუმში დაცული არტეფაქტები რამდენიმე საუკუნეს მოიცავს და ისეთ პიროვნებებთანაა დაკავშირებული, როგორებიც იყვნენ: ტადეუშ კოსციუშკო, ჰენრიკ სენკევიჩი, ვლადისლავ რეიმონტი და იან ნოვაკ-იეზიორანსკი.[5]

2008 წელს რაპერსვილის მკვიდრთა ნაწილმა სასახლიდან მუზეუმის გადასატანად პეტიცია შეადგინა. მეორე მხრივ, მუზეუმი სასახლეში დარჩენის კამპანიას ატარებს.[7]

ბიბლიოთეკარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1927 წლამდე, სანამ მუზეუმის კოლექციების პოლონეთში რეპატრიაცია მოხდებოდა, მუზეუმის ბიბლიოთეკარად რამდენიმე ცნობილი პიროვნება მუშაობდა, მათ შორის: ზიგმუნტ ვასილევსკი (1892-1894), სტეფან ზერომსკი (1892-1896), სტანისლავ გრაბსკი (1899-1901), ფლორიან ზნანეცკი (1901-1910), ადამ ლევაკი (1915-1927) და სხვ.[8]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Marek Żukow-Karczewski, Sprawa raperswilska (Rapperswil affair), "Życie Literackie", No. 34, 1987, p. 1, 10 (პოლონურად)
  • Janusz S. Morkowski, Polish Museum, Rapperswil: Guide through the Exposition (trilingual English-German-Polish guidebook), Rapperswil, 1994, ISBN 83-900559-9-6.
  • Gabriela Pauszer-Klonowska, "W Raperswilu śladami Żeromskiego i Prusa" ("In Rapperswil in the Footsteps of Żeromski and Prus"), Problemy: organ Towarzystwa Wiedzy Powszechnej (Problems: Organ of the Society of Universal Knowledge), rok XXV, nr 8 (281) [year XXV, no. 8 (281)], 1969, pp. 466–70.
  • Krystyna Tokarzówna and Stanisław Fita, Bolesław Prus, 1847–1912: Kalendarz życia i twórczości (Bolesław Prus, 1847–1912: Calendar of Life and Work), Warsaw, Państwowy Insytut Wydawniczy, 1969.
  • "Wyrzucają polskie Muzeum" ("Evicting Polish Museum"), Gwiazda Polarna (The Pole Star), vol. 106, no. 23 (15 November 2014), p. 4.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Swiss GLAM Inventory, 16 September 2016 — 2016.
  2. Gabriela Pauszer-Klonowska, "W Raperswilu śladami Żeromskiego i Prusa" ("In Rapperswil in the Footsteps of Żeromski and Prus"), pp. 466-67.
  3. Pauszer-Klonowska, pp. 466-67.
  4. Biblioteka Muzeum Polskiego w Rapperswilu: Historia Biblioteki, 1870–1927 (The Library of the Polish Museum in Rapperswil: History of the Library, 1870–1927): See External links, "Library of the Polish Museum, Rapperswil."
  5. 5.0 5.1 5.2 Polish Museum Rapperswil
  6. Janusz S. Morkowski, Polish Museum, Rapperswil: Guide through the Exposition.
  7. rapperswil-castle.com
  8. Library of the Polish Museum, Rapperswil დაარქივებული 2012-07-13 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links