შინაარსზე გადასვლა

პოლონური ბიბლიოთეკა (პარიზი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლონური ბიბლიოთეკა
Biblioteka Polska w Paryżu
ქვეყანა საფრანგეთი
ტიპი საჯარო ბიბლიოთეკა
დაარსდა 1838 წელი
მდებარეობა პარიზი, Quai d’Orléans, №6
კოორდინატები 48°51′05″ ჩ. გ. 2°21′21″ ა. გ. / 48.85139° ჩ. გ. 2.35583° ა. გ. / 48.85139; 2.35583
კოლექცია
მოცულობა 220 000
კოლექციის კრიტერიუმი წიგნები, პერიოდული გამოცემები და სხვა
სხვა ინფორმაცია
დირექტორი Kazimezh Potr Zaleskiy
საიტი https://www.shlp.fr/

პოლონური ბიბლიოთეკა (პოლ. Biblioteka Polska w Paryżu, ფრანგ.  Bibliothèque polonaise à Paris) — ბიბლიოთეკა პარიზში, მისამართი: Quai d’Orléans, 6.

პოლონური ბიბლიოთეკა დაარსდა 1838 წელს პოლონელი ემიგრანტი საზოგადო მოღვაწეების, ადამ ეჟი ჩარტორისკის, იულიან ნემცევიჩისა და კაროლ სენკევიჩის მიერ. ბიბლიოთეკის მიზანი იყო პოლონური წიგნების, არქივებისა და ეროვნული რელიქვიების შეგროვება და დაცვა, რომლებიც რუსეთის იმპერიაში პოლონური აჯანყებების შემდეგ შენარჩუნდა და პოლონელი ემიგრანტების მიერ ევროპულ ქვეყნებში მოხვდა „დიდი პოლონური ემიგრაციის“ პერიოდში. ბიბლიოთეკის კოლექცია ხელმისაწვდომი იყო როგორც პოლონელი ემიგრანტებისთვის, ასევე ყველა მსურველისთვის.

ბიბლიოთეკის შექმნის ინიციატორი იყო კაროლ სენკევიჩი, რომელმაც შესთავაზა პოლონური ლიტერატურის საზოგადოების და მეცნიერების მხარდაჭერის საზოგადოების წიგნადი კოლექციების გაერთიანება. ბიბლიოთეკის დაარსებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ფრანგული საზოგადოება „Société de Civilisation“, რომელმაც, ადამ მიცკევიჩის სტატიის „Rabunek bibliotek i muzeów w Polsce“ („პოლონეთში ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების ძარცვა“) გამოქვეყნების შემდეგ, ფრანგ საზოგადოებას მიმართა პოლონური ბიბლიოთეკის შექმნისთვის შეწირულობების გასაწევად.

1838 წლის 24 ნოემბერს ხელი მოეწერა პოლონური ბიბლიოთეკის შექმნის აქტს, ხოლო 1839 წლის 24 მარტს გაიმართა მისი საზეიმო გახსნა. შეიქმნა ბიბლიოთეკის საბჭო, რომელიც შედგებოდა რვა წევრისგან. ბიბლიოთეკის საბჭოს პრეზიდენტად აირჩიეს ადამ ეჟი ჩარტორისკი, ხოლო კაროლ სენკევიჩი გახდა საბჭოს მდივანი, ბიბლიოთეკარი და მოლარე.

თავდაპირველად დაგეგმილი იყო წიგნების კოლექციის განთავსება მომავალ პოლონურ სახლში, თუმცა ფინანსური რესურსების ნაკლებობის გამო ამ შენობის მშენებლობა გადაიდო. ამის შედეგად, ბიბლიოთეკის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შეეძინა ბიბლიოთეკისთვის ცალკე ოთხსართულიანი შენობა სენ-ლუის კუნძულზე. იმ დროისთვის ბიბლიოთეკა შენობის პირველ სართულზე მდებარე 11 ოთახს იკავებდა. დანარჩენი ბინები კი გადაეცა მაცხოვრებლებს, რათა ამ გზით დაფარულიყო შენობის შეძენისთვის აღებული კრედიტი.

ბიბლიოთეკა თავისი არსებობის საწყის პერიოდში ძირითადად კერძო კოლექციებით ივსებოდა. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი შემოწირულობები იყო იულიან ნემცევიჩის, ადამ სენკევიჩის და კაროლ კნიაჟევიჩის წიგნთა კრებულები.

1845 წელს პოლონურ ბიბლიოთეკას უკვე 15 ათასი ტომი ჰქონდა. 1848 წელს მისი კოლექცია 20 ათას წიგნს მოიცავდა. 1914 წელს ბიბლიოთეკაში დაახლოებით 100 ათასი საცავ ერთეული ინახებოდა. 1945 წლისთვის პოლონური ბიბლიოთეკის კოლექცია დაახლოებით 145 ათას ერთეულს ითვლიდა, მათ შორის იყო ათასამდე ხელნაწერი, თორმეტი ათასი გრავიურა, 2800 ატლასი და რუკა, ასევე 20 ათასი პოლონურ-ფრანგულ ურთიერთობებთან დაკავშირებული დოკუმენტის ასლი. კოლექციაში ასევე შედიოდა ფოტოები, მედლები და მონეტები.

1903 წლიდან პოლონურ ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს ადამ მიცკევიჩის მუზეუმი.

1989 წელს პოლონური ბიბლიოთეკის წიგნების კოლექცია დაახლოებით 220 ათას საცავ ერთეულს მოიცავდა, ასევე 5 ათას პოლონურ გეოგრაფიულ რუკასა და 7 ათას გრავიურას, რომლებიც XVI-XX საუკუნეებით თარიღდება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]