პოლონეთ-შვედეთის ომი (1621-1625)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლონეთ-შვედეთის ომი
პოლონეთ-შვედეთის ომის ნაწილი

პოლონეთ-შვედეთის ომი
თარიღი 1621-1625 წლები
მდებარეობა ესტონეთი, ლივონია, ლიტვა
შედეგი ზავი
მხარეები
პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის დროშა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა, შვედეთის დროშა შვედეთი
მეთაურები
სიგიზმუნდ III ვაზა
ალექსანდრე კორვინ გოსიევსკი
იან სტანისლავ საპიეჰა
კშიშტოფ "პიორუნ" რაძივილი
ლევ საპიეჰა
გუსტავ II ადოლფი
დელაგარდი, იაკობ პონტუსონი
გორნ გუსტავ

პოლონეთ-შვედეთის ომი — დაპირისპირება პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობასა და შვედეთს შორის. ბრძოლა იყო ამ ორი სახელმწიფოს ომების სერიის ერთ-ერთი ნაწილი. ომის მიზეზი იყო შვედეთის შეჭრა ლივონიაში, რომელსაც თანამეგობრობა აკონტროლებდა. შვედურმა ჯარებმა მოახერხეს ქალაქ რიგის აღება ალყის შემდეგ. თანამეგობრობა, რომელიც ორიენტირებული იყო ომზე ოსმალეთის იმპერიათან, ვერ შეძლო მნიშვნელოვანი ძალების გაგზავნა გუსტავ ადოლფის შესაჩერებლად და ხელი მოაწერა ზავს რომელიც შვედებისთვის იყო მომგებიანი. თანამეგობრობამ დათმო ლივონია მდინარე დუნაის ჩრდილოეთით და შეინარჩუნა მხოლოდ ნომინალური კონტროლი რიგაზე. ახალი ზავი მიტაუში (ჯელგავა, მიტავა) დაიდო და გაგრძელდა 1622 წლის ნოემბრიდან 1625 წლის მარტამდე.

პირველი ფაზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანამ პოლონეთ-ლიტვის არმია კონცენტრირებული იყო პოდოლიაში, თანამეგობრობის სამხრეთით, შვედური არმია დაეშვა პარნუსთან (დღევანდელი ესტონეთის ნაწილი) 1621 წლის 19 აგვისტოს. 148 ხომალდისგან იყო ფლოტი შემდგარი, (25 საბრძოლო ხომალდი, 7 გალერა, 7 პატარა ხომალდი და 106 სატრანსპორტო ნავი). გუსტავ ადოლფს ჰყავდა 14700 ქვეითი, 3150 მხედარი და 375 ქვემეხი. შვედები მაშინვე დაიძრნენ რიგისკენ და 29 აგვისტოს დაიწყეს ალყა. ლივონიის დედაქალაქს იცავდა 300 ჯარისკაცისგან შემდგარი გარნიზონი, პლუს 3700 შეიარაღებული მოსახლე. ჰეტმან კრშიშტოფ რაძივილს მხოლოდ 1500 ჯარისკაცი ჰყავდა მის განკარგულებაში, რადგან ქვედანაყოფების უმეტესობა პოდოლიასა და წითელ რუთენიაში იყო.

რიგის კაპიტულაცია მოხდა 25 სექტემბერს, სამი თავდასხმის შემდეგ. 2 ოქტომბერს შვედებმა აიღეს დუნამუნდის ციხე. დამპყრობლები, ჭაობებსა და ტყეებში ლაშქრობდნენ ლიტვური კავალერიის თავიდან აცილების მიზნით, შევიდნენ კურლანდისა და სემიგალიის საჰერცოგოში და აიღეს მისი დედაქალაქი მიტაუ წინააღმდეგობის გარეშე. შემდეგ შვედებმა სცადეს კოკნესეს ციხესიმაგრის აღება, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს ალექსანდრე გოსიევსკის ლიტვურ კავალერიასთან შეტაკების შემდეგ.

მას შემდეგ, რაც ბრძოლა გაჭიანურდა, 1622 წლის 10 აგვისტოს, ორივე მხარემ ხელი მოაწერა ზავს, რომელიც 1623 წელს გაგრძელდა 1625 წლის მარტამდე. მოლაპარაკებების დროს გუსტავ ადოლფის ელჩებმა შესთავაზეს შვედეთ-ლიტვური კავშირი.

ზავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვედებმა საბოლოოდ მოითხოვეს ზავი შვედეთის იმპერიის ფინანსური პრობლემების გამო, რადგან ომის ხარჯები ძალიან მაღალი იყო მათი ხაზინისთვის. გარდა ამისა, 1621 წლის შემოდგომაზე დასრულდა პოლონეთ-ოსმალეთის ომი (ხოტინის ბრძოლა (1621)) და თანამეგობრობის არმია მზად იყო ლივონიისკენ წასასვლელად. ლიტველების მიერ ხელმოწერილმა ზავმა აღაშფოთა მეფე სიგიზმუნდ III ვაზა, რომელიც გეგმავდა ყველა ძალის ჩრდილოეთით გადაყვანას, იმ იმედით, რომ ესპანეთის საზღვაო ძალების დახმარებით შეძლებდა თავად შვედეთში შეჭრას.

პოლონეთის თავადაზნაურობა და ისეთი ლიდერები, როგორებიც იყვნენ კრშიშტოფ რაძივილი და კრშიშტოფ ზბარასკი, არ ეთანხმებოდნენ სამეფო გეგმებს. მათ სურდათ, რომ მეფე დათანხმებულიყო შვედეთის პირობებს და დაეთმო შვედეთის ტახტი მუდმივი სამშვიდობო ხელშეკრულებისა და ლივონიის სანაცვლოდ. რაძივილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რეფორმების შემდეგ შვედური არმიის დამარცხება რთული იყო და პოლონეთ-ლიტვას ასევე სჭირდებოდა მისი შეიარაღებული ძალების, განსაკუთრებით ქვეითი და არტილერიის ძირითადი ნაწილის მოდერნიზაცია. თანამეგობრობას ასევე სჭირდებოდა ძლიერი საზღვაო ფლოტი და ინჟინრების სპეციალიზებული ნაწილები, რომლებიც გაწვრთნილი იყვნენ საველე სიმაგრეების აღმართვაში.

მიუხედავად მისი გენერლების აზრისა, სიგიზმუნდ III-მ ბრძანა ფლოტის აგება, რომელიც ესპანეთის იმპერიის დახმარებით გადასხავდა ჯარს შვედეთის ტერიტორიაზე. 1623 წელს პოლონეთის მეფე შეხვდა პაკის სტაროსტას, იან ვეჟერს და უთხრა, რომ ფლოტი აეშენებინა. თუმცა, ეს თავიდანვე ეჭვქვეშ დააყენა ძლიერმა და ნახევრად დამოუკიდებელმა ქალაქმა გდანსკმა, რომლის მთავრობა, შვედეთის ზეწოლის ქვეშ, ეწინააღმდეგებოდა თანამეგობრობის ფლოტის იდეას და არ აძლევდა მის პორტში დამაგრების უფლებას. ამ ვითარებაში სიგიზმუნდ III ვასამ გადაწყვიტა პუკის პორტისა და გემთმშენებლობის გაფართოება. 1624–1626 წლებში აქ აშენდა შვიდი საშუალო ზომის გემი, ტონაჟით 200-დან 400 ტონამდე. ისინი ძირითადად ადგილობრივი კაშუბელი მეთევზეებით იყვნენ დაკომპლექტებული, ხოლო საზღვაო ქვეითები შედგებოდა ინგლისელი დაქირავებული ჯარისკაცებისგან, რომლებსაც პოლონეთის მეფე 1621 წლიდან ამუშავებდა. ახალი ფლოტის ყველაზე დიდი გემი იყო გალეონი Król Dawid, რომელსაც მეთაურობდა ჯეიმზ მიურეი.

მეორე ფაზა (1625–26)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზავის დასრულებამდე გუსტავ ადოლფმა წამოიწყო მოლაპარაკებები მოსკოვთან და ოსმალეთის იმპერიასთან პოლონეთ-ლიტვაზე ერთობლივი თავდასხმის იმედით. გარდა ამისა, მან გაგზავნა თავისი ელჩები სიჩში, ცდილობდა ზაპოროჟელი კაზაკები, რომლებიც პოლონეთის ქვეშევრდომები იყვნენ, თურქეთზე თავდასხმისა და პოლონეთ-ოსმალეთის მორიგი ომის პროვოცირებას ცდილობდა.

1625 წლის 27 ივნისს გუსტავ ადოლფი გადავიდა ლივონიაში 20000-იანი არმიით. თითქმის 10000-იანი შვედური კორპუსი ავიდა მდინარე დაუგავასკენ და ალყა შემოარტყა კოკნესეს და თექვსმეტი დღის შემდეგ დაიპყრო იგი. 27 აგვისტოს შვედებმა აიღეს ტარტუ და მალევე მიტაუ. 1625 წლის სექტემბრის დასაწყისში შვედეთის ჯარები შეიჭრნენ ლიტვის დიდ საჰერცოგოში და აიღეს ბირჟაი 7 სექტემბერს. ამ წარმატებამ გაწყვიტა კავშირი ლივონიაში დარჩენილ პოლონურ-ლიტვურ გარნიზონებსა და ლიტვაში დისლოცირებულებს შორის, რადგან შვედეთი ახლა აკონტროლებდა დაუგავას ხაზს. გარდა ამისა, 27 სექტემბერს შვედეთმა აიღო ბაუსკას ციხე.

შვედეთის წარმატებები შესაძლებელი იყო აგრეთვე ორ ძლიერ ლიტველ ჰეტმანს, კრშიშტოფ რაძივილსა და ლევ საპიჰას შორის მწვავე კონფლიქტის გამო. შედეგად, ორივე ლიდერის შეიარაღებული ძალები არ გაერთიანდნენ და ცალ-ცალკე მოქმედებდნენ, რაც თანამეგობრობას არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებდა.

1625 წლის ოქტომბერში რაძივილმა დაიბრუნა რამდენიმე ციხე, ხოლო საპიჰა ებრძოდა შვედეთის თავდასხმას დაუგავპილსზე. შემდეგ რაძივილმა თავისი ძალები შეკრიბა კურლანდში და გაგზავნა რამდენიმე ბანერი ლივონიაში შვედური შენაერთების შევიწროების მიზნით. იმავდროულად, საპიეჰა დაბანაკდა ვალეს მახლობლად (უოლჰოფი, სამხრეთ ლატვია), რომელიც მდებარეობს ბაუსკასა და კოკნესეს შორის. გუსტავ ადოლფმა კარგად იცოდა ლიტველებს შორის შიდა განხეთქილება და გადაწყვიტა ესარგებლა ამით. 1626 წლის 13 იანვარს მან მოახდინა ძალების კონცენტრირება, ხოლო 1626 წლის 17 იანვარს გაიმართა უოლჰოფის ბრძოლა, რომელშიც პირველად შვედეთის ჯარებმა დაამარცხეს თანამეგობრობა ღია ბრძოლაში. გნიევის ბრძოლაში, 1626 წლის 22 სექტემბერს და 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე, შვედეთის ძალებმა შეაჩერეს ჰუსარების სამი შეტევა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Mała Encyklopedia Wojskowa, 1967, Wydanie I
  • Leszek Podhorodecki, Rapier i koncerz, Warszawa 1985, ISBN 83-05-11452-X
  • Leszek Podhorodecki, Wazowie w Polsce, Warszawa 1985, ISBN 83-205-3639-1
  • Paweł Jasienica, Rzeczpospolita Obojga Narodów. Srebrny Wiek, Warszawa 1982, ISBN 83-06-01093-0

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]