პოლიტეტრაფთორეთილენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოლიტეტრაფთორეთილენი ან ტეფლონი — ერთ-ერთი საუკეთესო ელექტროსაიზოლაციო მასალა, რის გამოც ფართოდ გამოიყენება ელექტრომრეწველობაში — სადენებისა და კაბელების იზოლაციისთვის. ქიმიურ მრეწველობაში გამოიყენება ისეთი დანადგარებისა და აპარატურის დასამზადებლად, რომლებიც გამიზნულია აგრესიულ გარემოში სამუშაოდ (შლანგები, მილსადენები, რეზერვუარები და ა.შ.).

ტეფლონი არ იკარებს წყალსა და ცხიმს, არ იწვავს საკვებს, რის გამოც შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე სრიალა ნივთიერება. ამ უნიკალური თვისების გამო, მისგან დამზადებულმა ჭურჭელმა დიდი ადგილი დაიკავა კვების ობიექტებისა თუ საოჯახო სამზარეულო ატრიბუტიკის არსენალში. ტეფლონის ქვაბები და ტაფები მსუბუქი და მტკიცეა მოხმარებაში, გამოირჩევა მაღალი ქიმიური მდგრადობით. ტეფლონი ქიმიური მდგრადობით აღემატება ყველა ცნობილ ქიმიურ მასალას და კეთილშობილ ლითონებს.

თუმცა ტეფლონი მაღალ ტემპერატურაზე გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს, მაგალითად, პერფტოროქტანმჟავას, რომელიც იწვევს სასუნთქი და რეპროდუქციული სისტემების დაზიანებას, დიაბეტს, თანდაყოლილ სიმახინჯეებს, კიბოს, უშვილობას, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს, სისხლშიზრდის ქოლესტერინის საერთო დონეს, იწვევს გასუქებას, არღვევს იმუნიტეტს. იგი შედის ადამიანისათვის ყველაზე საშიშ 28 ქიმიურ ნივთიერებათა სიაში. ტეფლონის მავნე გავლენისგან თავის დაღწევა შეუძლებელია, რადგან ჰაერში გამოიყოფა აქროლადი წვრილი ნაწილაკები და ტოქსინები, განსაკუთრებით, თუ მისი საფარი დაზიანებულია. ტოქსინების გამოყოფის პროცესი ასევე ჩქარდება გამრეცხ საშუალებათა ზემოქმედებით.

ტეფლონისგან გამოყოფილი ტოქსინები გროვდება პურში, წყალში, ნიადაგში. ნაპოვნია ჩიტების, თევზების, ზოგიერთი ძუძუმწოვრის სისხლში. ვირთხები, რომელთაც საკვებში უმატებდნენ პერფტოროქტანმჟავას, ჯერ კარგავდნენ საწინააღმდეგო სქესისადმი ინტერესს, შემდეგ მათ უვითარდებოდათ ავთვისებიანი სიმსივნეები და მალევე კვდებოდნენ.

რვა ამერიკულ შტატში დიასახლისებმა სარჩელი შეიტანეს ტეფლონის მწარმოებელ კონცერნ „დიუპონის“ წინააღმდეგ და მოითხოვეს მისი 5 მილიარდი დოლარით დაჯარიმება. მას ბრალი დასდეს კანცეროგენური თვისებების შესახებ ინფორმაციის დამალვაში. ტეფლონის კომპანიის თანამშრომელთა და ქარხნის ახლოს მცხოვრებთა შორის იზრდება ლეიკემიით დაავადებულთა რიცხვი. ქალებში ირღვევა რეპროდუქციული ფუნქცია, ბავშვები იბადებიან სახის სიმახინჯეებით, მამაკაცებში იზრდება პროსტატის კიბოს დაავადებები.

ამერიკის გარემოს დაცვის ფედერალურმა სააგენტომ კატეგორიულად აკრძალა ტეფლონით დაფარული ტაფების გამოშვება და გამოყენება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]