შინაარსზე გადასვლა

პოლისი (კვიპროსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
პოლისი
ბერძ. Πόλη Χρυσοχούς[1] [2]
ქვეყანა კვიპროსის დროშა კვიპროსი
შიდა დაყოფა Polis Chrysochous[1] [2] და Prodromi[1] [2]
კოორდინატები 35°02′02″ ჩ. გ. 32°25′31″ ა. გ. / 35.0340325000° ჩ. გ. 32.4255031694° ა. გ. / 35.0340325000; 32.4255031694
მმართველი Yiotis Papachristofe[3] [4]
ფართობი 13.3698 კმ²
ცენტრის სიმაღლე 20 მეტრი
მოსახლეობა 2 018 (2011)[5] [6]
სასაათო სარტყელი UTC+2[7] და UTC+3[7]
საფოსტო ინდექსი 8820[7] და 8854[8]
ოფიციალური საიტი https://www.polis.org.cy/
პოლისი (კვიპროსი) — კვიპროსი
პოლისი (კვიპროსი)

პოლისი ან პოლის-ხრისოხუსი (ბერძ. Πόλη Χρυσοχούς ან ბერძ. Πόλις Χρυσοχούς, თურქ. Poli) — ქალაქი და პოლის-ხრისოხუსის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური რაიონი კვიპროსის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ხრისოხუსის ყურის ცენტრში და აკამასის ნახევარკუნძულის ბუნებრივი ნაკრძალის პირას.

პოლისს ემსახურება ლაჩის სათევზაო პორტი.

ოსმალეთის მმართველობის პერიოდიდან პოლისი შერეულ დასახლებად იქცა, რომელშიც ბერძენი და თურქი კვიპროსელები ცხოვრობდნენ. 1831 წლის აღწერაში, რომელიც მხოლოდ მამრობით სქესს მოიცავდა, პოლისში 150 კაცი ფიქსირდება, უმრავლესობა — თურქი კვიპროსელი. 1891 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობა 476-ს შეადგენდა, საიდანაც 258 ბერძენი და 218 თურქი კვიპროსელი იყო, რაც მიუთითებს ბერძნების უმრავლესობაზე.[9]

ეთნიკური დაპირისპირების დროს ქალაქის ყველა თურქი კვიპროსელი და ახლომდებარე პროდრომის მცხოვრებნი პოლისის თურქულ საშუალო სკოლაში შეიკრიბნენ. დაახლოებით 714 თურქი კვიპროსელი მჭიდრო პირობებში ცხოვრობდა პატარა ტერიტორიაზე, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრს შეადგენდა. ეს თურქი კვიპროსელების ანკლავი კონტროლდებოდა TMT-ის მებრძოლების მიერ. 1974 წლის კონფლიქტის დროს ანკლავი ბერძენი კვიპროსელი მილიციელების მხრიდან იერიშის ქვეშ მოექცა. თურქი მებრძოლები გაიქცნენ, ნაწილი მოსახლეობისა მთების გავლით ჩრდილოეთში გადავიდა, ხოლო დანარჩენები 1975 წელს გაიყვანეს. მოგვიანებით, ჩრდილოეთიდან გადაადგილებული ბერძენი კვიპროსელები დასახლდნენ პოლისში.[9]

პოლისთან ახლოს მდებარეობს აფროდიტეს აბანოები და ახლად აღმოჩენილი შუა საუკუნეების ღალიის მონასტრის ნანგრევები, რომელიც ქართული მართლმადიდებლურია.

დღესდღეობით პოლისი არის ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც მოიცავს 23 თემს. უმსხვილესი დასახლებებია: პროდრომი, ლატჩი, ნეო ქორიო — დასავლეთით და არგაკა და ღალია — აღმოსავლეთით.

ქალაქს აქვს სანაპიროზე ბანაკი, რამდენიმე მცირე სასტუმრო, მაღაზიები, საბანკო ფილიალები, რესტორნები და ბარები, რომლებიც თავმოყრილია ქალაქის მოედნის გარშემო. ავტოსადგური აკავშირებს პოლისს მეზობელ სოფლებთან და პაფოსთან — № 645 მარშრუტით, რომელიც თითქმის ყოველ საათში მოძრაობს.[10]

ქალაქგარეთ ტურისტულ სერვისებს შორის არის ნავის დაქირავება ლაჩიში, ბუნების ბილიკები აფროდიტეს აბანოების მიდამოებში და სერფინგი არგაკაში. სანაპირო თითქმის უწყვეტად გრძელდება აფროდიტეს აბანოებიდან ღალიამდე და მერყეობს მჭიდროდ მოწყობილ ტურისტულ პლაჟებსა და მიუვალ, მხოლოდ ნავით მისადგომ ადგილებს შორის.[11]

პოლისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად ატარებს კულტურულ ღონისძიებებს — ტრადიციულ ცეკვებსა და მუსიკალურ საღამოებს, აგრეთვე გამოფენებსა და ფესტივალებს, ძირითადად ზაფხულის პერიოდში.[12]

პოლისის ერთ-ერთი პლაჟი

ქალაქი, რომელსაც დღეს პოლისი ეწოდება, სრულად ცნობილია როგორც პოლის-ხრისოხუსი. ეს სახელი მომდინარეობს მეზობელი სოფლისგან — ხრისოხუ, რომელიც ქალაქიდან დაახლოებით 2 კილომეტრით სამხრეთით მდებარეობს. რეგიონს, რომელზეც ქალაქი გაშენებულია, ასევე ეწოდება ხრისოხუსის ყურე.

სიტყვა „პოლისი“ (ბერძ. Πόλις) ძველ ბერძნულში ნიშნავს ქალაქს ან ქალაქ-სახელმწიფოს. შესაბამისად, „პოლისი ხრისოხუსი“ აღნიშნავს ხრისოხუსის რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. თავის მხრივ, სიტყვა „ხრისოხუსი“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „ხრისოს“ (ბერძ. χρυσός), რაც ნიშნავს „ოქროს“. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ცნობები ამ მიდამოში ოქროს მოპოვებაზე, სავარაუდოა, რომ სახელწოდება სიმბოლურად გამოხატავდა კეთილდღეობას, რაც დაკავშირებული იყო რეგიონში არსებული სპილენძის მაღაროებთან.[13]

პოლისი გამოირჩევა თბილი, ხმელთაშუაზღვაურის ტიპის კლიმატით. ზაფხულობით ცხელა და მშრალია, ზამთარი კი რბილი და შედარებით ნესტიანი. საშუალო წლიური ტემპერატურა დაახლოებით 19.2 °C-ია, ხოლო ნალექების რაოდენობა — 394,2 მმ.

ყველაზე მზიანი თვეებია ივნისი, ივლისი და აგვისტო, როცა მზე საშუალოდ 11–13 საათით ანათებს დღეში, ხოლო ყველაზე ნაკლები ნალექი აგვისტოში ფიქსირდება — პრაქტიკულად 0 მმ.

რესურსები ინტერნტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 STATISTICAL CODES OF MUNICIPALITIES/COMMUNITIES AND QUARTERS OF CYPRUS, 2015CYSTAT.
  2. 1 2 3 ΣΤΑΤΙΣΤΙΚΟΙ ΚΩΔΙΚΟΙ ΔΗΜΩΝ/ΚΟΙΝΟΤΗΤΩΝ ΚΑΙ ΕΝΟΡΙΩΝ ΤΗΣ ΚΥΠΡΟΥ, 2015Στατιστική Υπηρεσία της Κυπριακής Δημοκρατίας.
  3. Δημοτικό Συμβούλιο
  4. Municipal Council
  5. Απογραφή πληθυσμού 2011 — 14 — Στατιστική Υπηρεσία της Κυπριακής Δημοκρατίας, 2011.
  6. Census of population 2011 — 14 — CYSTAT, 2011.
  7. 1 2 3 Poli ChrysochousPostcode Query.
  8. ProdromiPostcode Query.
  9. 1 2 Polis – PRIO Cyprus Centre
  10. ავტოსადგური პოლისში – Pafos Transport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-10-05. ციტირების თარიღი: 2025-04-24.
  11. Polis Tourism Guide. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-24. ციტირების თარიღი: 2025-04-24
  12. Events in Polis Region Pafos area Cyprus (May 11, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 2, 2020. ციტირების თარიღი: May 30, 2021.
  13. Childs, William P. (2012). City of Gold: The Archaeology of Polis Chrysochous, Cyprus. Princeton University Art Museum; Yale University Press, გვ. 11. ISBN 978-0-300-17439-7. 
  14. Meteorological Service – Climatological and Meteorological Reports. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 21, 2010. ციტირების თარიღი: May 30, 2021.