შინაარსზე გადასვლა

პოზიციური თვლის სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პოზიციური თვლის სისტემათვლის სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ციფრების მნიშვნელობის პოზიციურ პრინციპზე, რომლის თანახმად, ერთსა და იმავე ციფრს აქვს სხვადასხვა რიცხვითი მნიშვნელობა იმისდა მიხედვით, თუ რა ადგილი უკავია მას რიცხვის ჩაწერაში.

პოზიციურ თვლის სისტემას მიეკუთვნება ამჟამად საყოველთაოდ გავრცელებული ათობითი თვლის სისტემა, აგრეთვე ორობითი, რვაობითი და სამოცობითებური თვლის სისტემები. ორობითმა თვლის სისტემამ დიდი გამოყენება ჰპოვა ელექტრონულ-გამოთვლით ტექნიკაში (მანქანურ მათემატიკაში).

მათემატიკის განვითარების ისტორიაში პირველი პოზიციური თვლის სისტემა იყო ძველი ბაბილონელების სამოცობითებური პოზიციური თვლის სისტემა, რომელიც შეიქმნა ძვ. წ. 2000 წლის წინათ. ეს სისტემა არ იყო სრულყოფილი – მასში არ იყო 0-ის სიმბოლო, რის გამოც მას არ ჰქონდა დასრულებული სახე. ამ სისტემის კვალი დღემდეა შემორჩენილი: 1 სთ იყოფა 60 წუთად, 1 წთ – 60 წმ-ად; წრეწირი იყოფა 360 რკალურ გრადუსად.

პოზიციური თვლის სისტემა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წარმოიქმნა მაიას ტომში (ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში) და ინდოეთში (VIII-IX საუკუნეები). თანამედროვე თვლის ათობითი სისტემის საწყის წყაროს წარმოადგენდა ინდური თვლის სისტემა, რომლის საფუძველი იყო რიცხვი 10 და მასში იყო ნულის აღმნიშვნელი სიმბოლო. ინდოეთიდან იგი გავრცელდა სხვა ქვეყნებში. ევროპის ხალხებში ციფრების გამოსახულება და რიცხვთა პოზიციური აღნიშვნის ხერხი გავრცელდა ესპანეთიდან, სადაც იგი გადმოიტანეს ინდოეთიდან წინა აზიის მავრიტანული სახელმწიფოების გავლით.

რუსულ ლიტერატურაში ინდური ნუმერაცია პირველად გვხვდება 1638 წელს, ლ. მაგნიცკის ცნობილ წიგნში „არითმეტიკა“, რომელიც მოსკოვში დაიბეჭდა 1703 წელს; ყველა გამოთვლა ტექსტში ხდება ინდური ჩაწერის რიცხვებზე.