პლოვდივის რეგიონული ეთნოგრაფიული მუზეუმი

პლოვდივის რეგიონული ეთნოგრაფიული მუზეუმი (ბულგ. Регионален етнографски музей — Пловдив ) — ეთნოგრაფიული მუზეუმი პლოვდივში, ბულგარეთში. 1938 წლიდან იგი განთავსებულია ვაჭარ არგირ კუიუმჯიოღლუს 1847 წლის სახლში, ქალაქის ძველ უბანში. მუზეუმში წარმოდგენილია ექვსი გამოფენა, თითოეული ცალკე ოთახში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ პლოვდივში ეთნოგრაფიული მუზეუმის ორგანიზების გეგმა ჯერ კიდევ 1891 წელს არსებობდა, მხოლოდ 1917 წელს დაარსდა რეგიონული მუზეუმი ადგილობრივი მეცნიერისა და ჟურნალისტის, სტოიუ შიშკოვის ძალისხმევით. შიშკოვი იყო მუზეუმის პირველი მდივანი და ერთადერთი თანამშრომელი. 1931-1932 წლებში 500 ექსპონატისგან შემდგარი კოლექცია გადატანილ იქნა პლოვდივის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და მუზეუმში. 1938 წელს გადაკეთდა მუნიციპალური მუზეუმის სახლად, პლოვდივის მერის, ბოჟიდარ ზდრავკოვის დამსახურებით, და განთავსდა კუიუმჯიოღლუს სახლში. მუზეუმი ოფიციალურად ხელახლა გაიხსნა 1943 წლის 14 ოქტომბერს; ექვსი წლის შემდეგ მუნიციპალური მუზეუმის სახლი გახდა სახალხო ეთნოგრაფიული მუზეუმი. მუდმივი გამოფენა მოეწყო 1952 წელს და მნიშვნელოვნად შეიცვალა 1962 წელს.[1]
დღეს პლოვდივის რეგიონულ ეთნოგრაფიულ მუზეუმს აქვს 40,000-ზე მეტი ექსპონატისგან შემდგარი კოლექცია, რომელიც განაწილებულია სოფლის მეურნეობის, ხელოსნობის, ქსოვილებისა და ტანსაცმლის, ავეჯისა და ინტერიერის, მუსიკალური ინსტრუმენტების, რელიგიური ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენებს შორის. გარდა ამისა, მუზეუმს აქვს სამეცნიერო არქივი, ბიბლიოთეკა და ფოტო არქივი.[1]
შენობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პლოვდივის რეგიონული ეთნოგრაფიული მუზეუმი განთავსებულია კუიუმჯიოღლუს სახლში, რომელიც 1847 წელს აიგო.
კუიუმჯიოღლუს სახლი, იგივე მუზეუმის სახლი, აშენდა 1847 წელს პლოვდივის ვაჭრისთვის, არგირ ჰრისტოვ კუიუმჯიოღლუსთვის. ის იყო თვალსაჩინო მანუფაქტურული ვაჭარი, რომელსაც საკუთარი კომპანია ჰქონდა ვენაში.[2] სახლი აშენებულია ჰაჯი გეორგის მიერ, როდოპის სოფელ კოსოვოდან, და აღწერილია, როგორც პლოვდივის XIX საუკუნის შუა პერიოდის ბაროკოს არქიტექტურის საუკეთესო ნიმუში. სახლს აქვს სიმეტრიული ფასადი; დასავლეთის მხრიდან ორსართულიანია, ხოლო აღმოსავლეთის მხრიდან — ოთხსართულიანი, ბუნებრივი დენივალაციის გამოყენებით. კუიუმჯიოღლუს სახლი მდებარეობს პლოვდივის ძველი ქალაქის აღმოსავლეთ კარიბჭესთან, ციხის კარიბჭესთან (ხისარ კაპია), და გადაჭიმულია 570 კვადრატულ მეტრზე. მას აქვს 12 ოთახი და ჰაეროვანი სალონები. როგორც სახლის შიდა, ისე გარე დეკორაცია ეყრდნობა დახვეწილ ყვავილოვან მოტივებს. ჭერი თითოეულ ოთახში ხისგანაა ნაკვეთი. სახლს აქვს შიდა ეზო ბაღით.[3][4]
ბულგარეთის ოსმალეთის ბატონობისგან განთავისუფლების შემდეგ, 1878 წელს, არგირ კუიუმჯიოღლუმ დატოვა პლოვდივი და დასახლდა ვენაში. 1898-იდან 1902 წლამდე, სახლი გამოიყენებოდა, როგორც გოგონათა პანსიონი. ამის შემდეგ მასში განთავსებული იყო გარაბეტ კარაგიოზიანის ქუდების ფაბრიკა, ფქვილის საწყობი და ძმრის ქარხანაც კი. 1930 წელს შენობა შეიძინა ბულგარელმა თამბაქოთი მოვაჭრემ, ანტონიო კოლარომ (ანტონი კოლაროვი რუსედან).[5] კოლაროს განზრახული ჰქონდა სახლის დანგრევა და თამბაქოს საწყობის აშენება, მაგრამ პლოვდივის მუნიციპალიტეტმა ნებართვა არ მისცა.
მუნიციპალიტეტმა შეიძინა სახლი 1938 წელს, ჩაატარა რემონტი და მოაწყო პლოვდივის რეგიონული ეთნოგრაფიული მუზეუმი.[3][4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 History. Plovdiv Regional Ethnographic Museum (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-06. ციტირების თარიღი: 2009-07-15.
- ↑ Делев, Петър (2006). „Стопанска активност на възрожденските българи“, История и цивилизация за 11. клас (Bulgarian). Труд, Сирма.
- ↑ 3.0 3.1 The house. Plovdiv Regional Ethnographic Museum (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-06. ციტირების თარიღი: 2009-07-15.
- ↑ 4.0 4.1 Терзиева, Екатерина (2006-06-14). „Къщата със 130-те прозореца“ (Bulgarian). Сега. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 September 2011. ციტირების თარიღი: 10 August 2016.
- ↑ 21-о Народно събрание; 17 юни 1926 г. Bulgarian. Народно събрание на Република България. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 November 2004. ციტირების თარიღი: 10 August 2016.