შინაარსზე გადასვლა

პლანეტათშორისი გარემო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პლანეტათშორისი გარემო, პლანეტათშორისი სივრცემზის სისტემის პლანეტებს შორის არსებულ სივრცეში გავრცელებული გაიშვიათებული ნივთიერებაა, რომელიც შედგება მზის გარშემო მოძრავი უმცირესი ზომის მყარი სხეულებისა და მტვრის ნაწილაკებისაგან, მზიდან ყოველი მიმართულებით გამოფრქვეული იონებისა და ელექტრონებისაგან, პლაზმისაგან, რომელშიც „ჩაყინულია“ მაგნიტური ველი, და გალაქტიკური კოსმოსური სხივებისაგან. მყარი სხეულები წარმოიშობა მცირე ცთომილების დაჯახებებით, მტვერი და მცირე ზომის ნააწილაკები კი — ძირითადად კომეტების დააშლით. მყარ კომპონენტებს (მცირე პლანეტების გამოკლებით) მეტეორულ ნივთიერებას უწოდებენ. დედამიწის ორბიტის ახლოს 1 მმ-ზე დიდ ნაწილაკებს შორის მანძილი საშუალოდ რამდენიმე კმ-ია, ასე რომ კოსმოსში ფრენისას მეტეორებთან შეხვედრის საშიშროება დიდი არ არის. 1 მმ-ზე უფრო დიდი ნაწილაკები 1 მ² ფართობს საშუალოდ რამდენიმე ათეულ წელიწადში ერთხელ ეჯახებიან. პლანეტათშორის გარემოს იკვლევენ დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრებზე, მთვარისა და პლანეტებისაკენ გაშვებულ კოსმოსურ ზონდებზე დადგმული აპარატურით, რომელიც ზომავს ნაწილაკთა განაწილებას (მასის, ენერგიისა და მუხტის მიხედვით), აგრეთვე მაგნიტური ველის მახასიათებლებს. პლანეტათშორის გარემოს მყარი სხეულებისა და ნაწილაკების უმეტესობა თავმოყრილია ეკლიპტიკის სიბრტყეში. მზის სინათლის წნევის გავლენით მცირე ზომის ნაწილაკები მზეს შედარებით შორდება, რის გამოც მზესთან ახლოს პლანეტათშორისი გარემოს მტვრის კომპონენტის წილი იზრდება. მტვრის ნაწილაკების მიერ გაბნეული მზის სინათლე ქმნის ზოდიაქურ სინათლეს. თუ ისინი დამუხტულია, მათზე მზის მიზიდულობის გარდა პლანეტათშორისი მაგნიტური ველიც მოქმედებს. ადრე ფიქრობდნენ რომ პლანეტათშორისი გარემო შეიცავდა აირებსაც, მაგრამ, როგორც შემდეგ გამოირკვა, მზის კორპუსკულური ნაკადები პლანეტათშორისი სივრციდან გამოდევნიან აირებს. ეს ნაკადები მოიცავს იონებს და ელექტრონებს და ქმნის ე. წ. მზისიერ ქარს. დედამიწის ორბიტის მიდამოებში მისი სიმკვრივე 5-10 ნაწილაკია 1 სმ³-ში, სიჩქარე კი 300-600 კმ/წმ. მზეზე ამოფრქვევების დროს კი მზის ზედაპირის ლოკალური უბნებიდან გამოიტყორცნება დიდი სიმკვრივის ჩქარი (2000 კმ/წმ) კორპუსკულური ნაკადები (200 იონი/სმ³), რომლებიც მიმართულია პლანეტათშორისი გარემოს მაგნიტური ველის ძალწირების გასწვრივ. დედამიწის ზედაპირს პლანეტათშორისი გარემოს გავლენისაგან იცავს დედამიწის ატმოსფერო და მაგნიტური ველი.