პისტოლეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ინდივიდუალური გამოყენების, მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღების კლასი.

მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღების სხვა მნიშვნელოვანი კლასი არის რევოლვერები.

პისტოლეტების კლასის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი არის ისეთი მუშაობის პრინციპი, როცა გასროლის შემდეგ, იარაღი თავისით, ავტომატურად მოდის საბრძოლო მდგომარეობაში და მზად არის შემდეგი გასროლისათვის.

პისტოლეტები დანიშნულების მიხედვით იყოფა რამდენიმე კატეგორიად:

1) სამხედრო

2) საპოლიციო

3) სამოქალაქო

4) სპორტული

5) სანადირო

Beretta 92FS. Beretta 92-ს ერთ ერთი მოდიფიკაცია

მოყვანილი დაყოფა პირობითია და ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ახდენს კონკრეტული იარაღის პოზიციონირებას მწარმოებელი. ხშირად ეს კატეგორიები ერთმანეთს გადაფარავს, მაგ. სამხედრო-საპოლიციო, სამოქალაქო-საპოლიციო და ა.შ. ამის თვალსაჩინო მაგალითია Beretta 92, პისტოლეტი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იდგა აშშ-ს და სხვა ქვეყნების არმიის შეიარაღებაზე. იყო უამრავი საპოლიციო და სპეციალური დანაყოფების საშტატო იარაღი, უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობდა, როგორც სამოქალაქო იარაღი და ა.შ.

პისტოლეტის პოზიციონირებას განსაზღვრავს ის მოთხოვნები, რომელსაც მას უყენებს თითოეული კატეგორია.

Colt M1911. ჯონ ბრაუნინგის შედევრი, რომელიც აშშ არმიის შეიარაღებაში 100 წელზე მეტი იყო

სამხედრო დანიშნულების იარაღს მოეთხოვება საცეცხლე ძალა, უსაფრთხოება, გამძლეობა არაიდეალური მოვლის პირობებში, საიმედოობა დაბინძურების პირობებში, საიმედოობა სხვადასხვა კლიმატურ პირობებში და სხვა. ამავე დროს, დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება პისტოლეტის ვიზუალურ მხარეს, გარკვეულ ფარგლებში გაბარიტებს, საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანის დროის სიმცირეს, გამოშვერილ ნაწილებს, როლებიც შეიძლება ტანსაცმელს წამოედოს და სხვა. სამხედრო დანიშნულების პისტოლეტის მაგალითია Colt M1911, იგივე Colt Government.

საპოლიციო იარაღის მიმართ, ძირითადი მოთხოვნებია დიდი საცეცხლე ძალა, საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანის მინიმალური დრო, უსაფრთხოება. ნაკლებად მოეთხოვება საიმედოობა უხეში მოპყრობის და ცუდი მოვლის პირობებში. სპორტული პისტოლეტის მიმართ მთავარი მოთხოვნებია - დიდი სიზუსტე, სასხლეტი მექანიზმის რბილი და თანაბარი მუშაობა, უკუცემის მკაცრი ჩარჩოები, მასის კარგი ბალანსი.

გარდა იმისა, რომ პისტოლეტების კატეგორიებად დაყოფა ძალიან პირობითია, ისინი თავის მხრივ იყოფიან უამრავ ქვეკატეგორიად. ამის საჩვენებლად, ყველაზე კარგი, სამოქალაქო პიტოლეტების მაგალითია. მისი შეძენისას, მთავარი კითხვაა - რისთვის უნდა მყიდველს პისტოლეტი. სახლის დასაცავად, ღია ტარებისთვის, ფარული ტარებისთვის, დამხმარე, ე.წ. "უკანასკნელი შანსის იარაღი", სავარჯიშოდ, გასართობი სროლისთვის. დღეისთვის არსებული პისტოლეტები ყველა ამ მოთხოვნას პასუხობს. ასევე, არსებული პისტოლეტები პასუხობს ისეთ მოთხოვნებს, როგორიცაა მსროლელის კვალიფიკაცია, ფიზიკური მონაცემები და სხვა.

პისტოლეტის ძირითადი მახასიათებელი არის ვაზნა, რომელთანაც ეს იარაღი მუშაობს. ვაზნას აქვს კალიბრი, რაც ზოგადად, აღნიშნავს ლულის დიამეტრს. (განსხვავდება დასავლეთში მიღებული და რუსული სტანდარტები. ვრცლად სტატიაში - კალიბრი). ის იზომება მილიმეტრებში ან დიუმის ნაწილებში. მაგალითად .38 კალიბრი არის იგივე, რაც 9მმ. თუმცა ვაზნის დასახელება შეიცავს სხვა მონაცემებსაც, გარდა კალიბრისა. მაგალითად: .38, .38 acp იგივე auto, .357, .10, 9mm PM, .38+P, .38 special - ყველას კალიბრი არის 9მმ, თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

Desert Eagle - უდაბნოს არწივი. Israel Military Industries(IMI) -ს ქმნილება. პროექტი, რომელიც დაიწყო Magnum Research Inc-მა და დაასრულა IMI-მ
Mauser C96

პისტოლეტი(რევოლვერიც), როგორც წესი, გამოიყენება ახლო მანძილზე, 0-დან 15 მეტრამდე, იშვიათად 25 მეტრამდე და გამონაკლის შემთხვევებში 50 მეტრზე. შესაბამისად, მისი გამოყენების მთავარი მიზანი არის მოწინააღმდეგის მომენტალურად გამოყვანა მწყობრიდან. ისე, რომ შეიარაღებულმა მოწინააღმდეგემ, ვეღარ შეუქმნას საფრთხე მსროლელს. ამ ეფექტის მიღწევის გზა არის იარაღის რაც შეიძლება დიდი კალიბრი. მაგრამ დიდი კალიბრი ნიშნავს იარაღის გაბარიტების და უკუცემის ზრდას. დღეისთვის, ყველაზე მსხვილ კალიბრიანი, .50 ან 12.7მმ, სერიული პისტოლეტი არის Desert Eagle. ტექნიკურად, კონსტრუქციულად, შესრულების ხარისხით - შესანიშნავი იარაღი. თუმცა მისი გამოყენების არეალი, შემოიფარგლება მხოლოდ მძაფრსიუჟეტიანი ფილმებით. მიზეზი არის მისი დიდი გაბარიტები, დიდი წონა, ლულიდან გამოტყორცნილი უზარმაზარი ალი და შთამბეჭდავი უკუცემა. Desert Eagle, მწარმოებლის მიერ პოზიციონირდებოდა, როგორც სანადირო პისტოლეტი, მაგრამ მან ვერ ჰპოვა გამოყენება ვერ ერთ სეგმენტში, გარდა ფილმებისა. მის მინუსებად ასევე ითვლება დიდი ფასი და ვაზნების მცირე ტევადობა(7 ვაზნა). მეორეს მხრივ, მცირე კალიბრი ვერ უზრუველჰყოფს საკმარის შემაჩერებელ ეფექტს, მიუხედავად იმისა, რომ მათი სამიზნე მანძილი, ხვრეტის უნარი, შეიძლება საშუალოზე მაღალიც იყოს. არასაკმარისი შემაჩერებელი ეფექტის და დიდი გაბარიტების გამო, გამოყენება ვერ ჰპოვა ისეთმა შესანიშნავმა პისტოლეტმა, როგორიც Mauser C96-ა.

Luger P08 Parabellum. 9მმ კალიბრის მოდელი. პირველი მოდელი, 7.65 კალიბრის, შეიქმნა 1898 წელს

1903 წელს, გეორგ ლუგერის მიერ შეიქმნა ვაზნა 9x19 Parabellum. როგორც აღმოჩნდა, ის ძალიან კარგად აერთიანებდა ყველა იმ თვისებას, რაც ტყვიას მოეთხოვება. მაღალი სიმძლავრე, ტყვიის სტაბილური ტრაექტორია, ტყვიის საკმარისი მასა, სიჩქარე, შემაკავებელი ეფექტი. ყოველივე ამის და თვითონ იარაღის თვისებების გამო, უდიდესი პოპულარობა მოიპოვა ამ ვაზნაზე შექმნილმა, ერთერთმა პირველმა პისტოლეტმა - Luger P08 Parabellum და მოგვიანებით, მისმა მემკვიდრემ Walther P38. დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში არსებული პისტოლეტების დიდი უმრავლესობა იყენებს 9x19 Parabellum-ს, იგივე 9x19 Luger, 9x19 Para, .38 Para. დღეისთვის ამ ვაზნის შესანიშნავი ბალისტიკური მონაცემების გამო, შექმნილია უამრავი მისი მოდიფიკაცია, მათ შორის რევოლვერებისთვის.

უფრო მეტი შემაკავებელი ეფექტის გამო, ასევე ძალიან პოპულარულია ვაზნა, კალიბრით .44, განსაკუთრებით ამერიკაში. ის გამოიყენება ძალიან ბევრ პისტოლეტში. ამ ვაზნას ბაზაზე არის შექმნილი Colt M1911, რომელმაც თითქმის ყველა ომი, ღირსეულად გამოიარა. ამ ვაზნაზე მუშაობს რევოლვერების უამრავი მოდელი. მის ბაზაზე 1918 წელს აეწყო Tommy gun, ტომსონის ავტომატი, რომელსაც დღემდე იყენებენ სხვადასხვა ქვეყნების ქვედანაყოფები, Ingram Model 6 და ა.შ.

თუმცა, როგორც უკვე იყო ნათქვამი, ყველა პისტოლეტს გააჩნია დანიშნულება და შემაკავებელი ეფექტი ყოველთვის პრიორიტეტი არაა. მაგალითად FN Five-seven, ბოლო პერიოდში, უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მისი კალიბრი არის 5.7x28. მისი მთავარი ღირსება არის მისი ტყვიის უნარი, გახვრიტოს ისეთი დაბრკოლებები, რომლებიც მიუღწევადია ზემოთ აღნიშნული, .38 და .44 კალიბრებისთვის. ასევე, მაგალითად .22 კალიბრის ვაზნის დანიშნულებაა სავარჯიშო-გასართობი სროლები და წვრილ ცხოველებზე ნადირობა. მაგრამ 1969 წლის 18 თებერვალს, ისრაელის სპეციალური ძალების დანაყოფის ოფიცერი, მორდეხაი რახამი, თავს დაესხა ავტომატებით შეიარაღებულ, თვითმფრინავის გამტაცებელ ტერორისტებს Beretta 71-თ, .22lr კალიბრის პისტოლეტით. ერთი ტერორისტი მოკლა, მეორე განაიარაღა.

ანუ პისტოლეტის ეფექტურობა, ბევრწილად დამოკიდებულია მსროლელზე და სიტუაციაზე. იმაზე, თუ რა მიზნებისთვის აქვს მსროლელს პისტოლეტი და მისი გამოყენება ისე მოხდა, როგორც ნავარაუდევი იყო თუ არა.

პისტოლეტების ზემოთ მოყვანილი კლასები, თავის მხრივ იყოფა ქვეკლასებად. მაგ. სამოქალაქო ან პილიციური პისტოლეტი შეიძლება იყოს ღია ან ფარული ტარებისთვის. ამისდა მიხედვით, პისტოლეტებს შორის არის კონსტრუქციული განსხვავება. ფარული ტარებისთვის განკუთვნილ პისტოლეტებს, კორპუსიდან გამოშვერილი ნაწილები, რომლებიც შეიძლება ამოღებისას ტანსაცმელს წამოედოს, თითქმის არ აქვთ. ბოლო პეროდში, სულ უფრო პოპულარული ხდება ე.წ. Striker-fired პისტოლეტები.

პისტოლეტების განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]