პირთეთრა
| პირთეთრა | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Cerastium | |||||||||||||
| |||||||||||||
პირთეთრა (ლათ. Cerastium) — ყვავილოვან მცენარეთა გვარი მიხაკისებრთა ოჯახისა. უმთავრესად ერთ ან მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეებია. აქვთ ვიწრო ფოთლები და თეთრი ყვავილები. პირთეთრას 100-მდე სახეობა გავრცელებულია მთელ მსოფლიოში (ავსტრალიის გარდა).
საქართველოში ცნობილია 25 სახეობა. სახეობათა მეტი წილი იზრდება უმთავრესად ალპურ და სუბნივალურ სარტყელში. ზოგჯერ ზღვის დონიდან 4000 მ-მდეც აღწევს. საქართველოს ენდემი ლათ. Cerastium argentum ფართოდ არის გავრცელებული თბილისის მიდამოებში; მთელი მცენარე დაფარულია თეთრქეჩისები ბეწვით. დეკორატიულია.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმაღლით 10–15 სმ-ის ფარგლებში, ღერო გართხმული აქვს, ფოთოლი წვრილი, ლანცეტა მოპირისპირედ განლაგებული. ყვავილი პატარა ზომის, ერთნახევარი სმ დიამეტრისაა. ახასიათებს თეთრი ყვავილები (მაის-ივნისის თვეში), ფესვები დატოტიანებულია და ღრმად არ ვითარდება ნიადაგში.
გამოყენება დეკორატიულ მებაღეობაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დეკორატიულ მებაღეობაში ფართოდ გამოიყენება შემდეგი საბაღო სახეობები:
- ქეჩისებრი პირთეთრა (Cerastium tomentosum) — რბილბეწვიანი ფოთლებით, ნაცრისფერ-მწვანე ელფერით. წარმოშობს ადგილად ითვლება სამხრეთი ევროპა. 8–10 სმ სიმაღლის, კომპაქტური მცენარეა. ქვედა ფოთოლი ნიჩბისებრი ფორმისაა, დანარჩენი ხაზურა-ლანცეტისებრი.[1]
- ბიბერშტეინის პირთეთრა (Cerastium biebersteinii) — მომწვანო-ვერცხლისფერია. ფოთოლი წაგრძელებული ხაზურა ფორმის, ძლიერ შებუსვილი. ტანდაბალია, კომპაქტური, სიმაღლით 8–10 სმ. წარმოშობს ადგილად ითვლება კავკასია და ყირიმი.[2][3]
- ვერცხლისებრი პირთეთრა (Cerastium argenteum) — ვერცხლისფერი პირთეთრა საქართველოს ფლორის მაღალდეკორატიული მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, 10–30 სმ სიმაღლის. შებუსულია თეთრი ქეჩისებრი მწოლარე ბეწვით და ივითარებს ვერცხლისფერფოთლებიან უამრავ ყლორტს, რითაც ქმნის სქელ კორდს. ფოთლები ელიფსური ან ლანცეტა ფორმისაა, ზოგჯერ მოგრძო ხაზური. 5 ცალი გვირგვინის ფურცელი ორად გაყოფილია, მთლიანი ან დაკბილული. ჯამის ფოთოლაკი განცალკევებულია. ყვავილედი კენწრულია, მრავალყვავილიანი. თესლმსხმოიარობს აგვისტოს პირველ დეკადაში. ვეგეტაციას იწყებს მარტიდან და განვითარების ციკლი გვიან შემოდგომამდე გრძელდება. დაყვავილების შემდეგ გამხმარი მიწისზედა ნაწილები იკრიჭება, რადგან შენარჩუნებული იქნეს მისი ვერცხლისფერი მასა.[4]
პირთეთრა — ღია, განათებულ და მზიან ადგილს მოითხოვს. კარგად ვითარდება ქვიშნარ და თიხნარ ნიადაგზე. საბაღო მიწა სასურველია შეიცავდეს ორგანული სასუქის გარკვეულ რაოდენობას. ჩვეულებრივ 1 კვ. მეტრ ფართობზე 3–5 კგ-ს ფარგლებში. ასეთი სახით ნიადაგის გამოკვება მცენარეს საშუალებას უქმნის უხვად იყვავილოს და სქელი ვეგეტაციური მასა განივითაროს. მუდმივ ადგილზე ირგვება 10–15 სმ დაშორებით, დარგვა შეიძლება ადრე გაზაფხულზე ან შემოდგომაზე, როდესაც გრილი ამინდი იწყება. მოვლა ნიადაგის გაფხვიერებაში, სარეველების დროზე მოცილებაში და ზომიერ მორწყვაში მდგომარეობს.
ღია ცის ქვეშ პირთეთრა შეიძლება (ყვავილნარში) გადაირგოს ადრე გაზაფხულზე (თებერვალი-მარტი) და შემოდგომის დასაწყისში (სექტემბერი-ოქტომბერი), იმ დროს, როდესაც გრილი ამინდია მოსალოდნელი და ცალკეული მცენარეები არ მოითხოვენ დაჩრდილებას. მცენარეებს შორის მანძილი სასურველია იყოს 10–15 სმ-მდე, ზოგჯერ პირთეთრას უფრო ახლო რგავენ, რაც შემდგომ ზრდისას იწვევს ერთმანეთში გადაზრდას და წამოწევას. პირთეთრა მოითხოვს კრეჭას. სწორი ხალიჩისა და ნორმალური შეფოთვლისათვის, წელიწადში ერთხელ უნდა გაიკრიჭოს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ღვიანიანიძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 79.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Cerastium tomentosum L.. gbif.org. GBIF. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2025.
- ↑ Cerastium biebersteinii DC.. gbif.org. GBIF. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2025.
- ↑ Cerastium biebersteinii DC.. plantnet.org. Pl@ntNet. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2025.
- ↑ Cerastium argenteum M.Bieb.. gbif.org. GBIF. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2025.