შინაარსზე გადასვლა

პიოტრ ფიოდოროვი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიოტრ ფიოდოროვი
დაბადების თარიღი 21 აპრილი, 1982(1982-04-21) (44 წლის)
მოსკოვი
მოქალაქეობა  რუსეთი
ალმა-მატერი Boris Shchukin Theatre Institute
საქმიანობა მსახიობი[1] , რეჟისორი, სცენარისტი და ტელემსახიობი

პიოტრ პეტროვიჩ ფიოდოროვი (დ. 21 აპრილი, 1982) — რუსი მსახიობი. ცნობილია გაი გაალის როლით ფილმში „დასახლებული კუნძული“,[2] გრომოვის როლით ფილმში „სტალინგრადი“ და იაკოვლევის როლით ფილმში „დუელისტი“.

პიოტრ ფიოდოროვი დაიბადა 1982 წლის 21 აპრილს მოსკოვში, მსახიობების ოჯახში. მამა, პიოტრ ევგენიევიჩ ფიოდოროვი (დ. 27 ოქტომბერი ,1959 — გ. 10 მარტი, 1999), საბჭოთა და რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი, ხელოვნებათმცოდნე და ტელეწამყვანი იყო (გარდაიცვალა კიბოთი 39 წლის ასაკში). ბაბუა, ევგენი ფიოდოროვი (დ. 3 მარტი, 1924 — გ. 30 აპრილი, 2020) საბჭოთა და რუსი თეატრის მსახიობი, რსფსრ-ის დამსახურებული არტისტი და ვახტანგოვის სახელობის თეატრის მსახიობი (1945 წლიდან).[3]

პიოტრმა ბავშვობა ალთაიში, უიმონის ხეობაში გაატარა. ხატვა უყვარდა და მხატვრობა სურდა. მერვე კლასის დასრულების შემდეგ ოჯახთან ერთად მოსკოვში გადავიდა. 1997 წელს, არასრული საშუალო განათლების მიღების შემდეგ, ჩაირიცხა მოსკოვის თეატრალური ხელოვნების ტექნიკურ სასწავლებელში. ამის შემდეგ გეგმავდა სტროგანოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო სამხატვრო-სამრეწველო უნივერსიტეტში ჩაბარებას, თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და სწავლის მეორე კურსის დასრულების შემდეგ სასწავლებელი დატოვა.

1999 წელს ჩაირიცხა ბორის შჩუკინის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში მსახიობობის ფაკულტეტზე. 2003 წელს დაამთავრა ინსტიტუტი. გამოსაშვებ სპექტაკლში „მშვენიერი ადამიანები“, ივანე ტურგენევის პიესის მიხედვით, სტუდენტი ბელიაევის როლი შეასრულა; სპექტაკლში ასევე მონაწილეობდნენ მსახიობები გრიგორი ანტიპენკო და ოლგა ლომონოსოვა. 2003 წლის სექტემბერში სპექტაკლმა „მშვენიერი ადამიანები“ მიიღო გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ ჯილდო, როგორც სეზონის საუკეთესო სპექტაკლმა ნომინაციაში „დებიუტანტები“.[4]

თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მსახურობდა მოსკოვის სტანისლავსკის სახელობის დრამატულ თეატრში.[5]

პირველი მნიშვნელოვანი კინოროლი იყო ლიონკას როლი ფილმში „101 კილომეტრი“ (2001), რომლის რეჟისორი იყო ლეონიდ მარიაგინი. ფართო პოპულარობა პიოტრმა მოიპოვა, როდესაც შეასრულა დანილას როლი პოპულარულ ახალგაზრდულ სატელევიზიო სერიალში „კლუბი“ (2006), რომელიც გახდა MTV რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალრეიტინგული პროექტი. მესამე სეზონის შემდეგ პიოტრმა დატოვა პროექტი და დაიწყო მომზადება ფიოდორ ბონდარჩუკის სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმის „დასახლებული კუნძული“ (2008) გადაღებისთვის, რომელიც არკადი და ბორის სტრუგაცკების ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით შეიქმნა.

2009 წელს პიოტრმა ითამაშა იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტში — „რუსეთი 88“, რუსულ ფსევდოდოკუმენტურ დრამაში, რომლის რეჟისორი იყო პაველ ბარდინი. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდულ სუბკულტურაზე — ულტრამემარჯვენე „სკინჰედების“ მოძრაობაზე. ფილმის პრემიერა შედგა ბერლინის 59-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში „პანორამა“.

2011 წელს პიოტრმა ითამაშა ფილმში „პირამმმიდა“, რომლის რეჟისორი იყო ელდარ სალავატოვი. სიუჟეტი ეფუძნება სერგეი მავროდის ამავე სახელწოდების რომანს, რომელიც ცნობილი MMM პირამიდული სქემის დამფუძნებელი იყო.

ფიოდოროვმა მთავარი როლი შეასრულა ფიოდორ ბონდარჩუკის მიერ 2013 წელს გადაღებულ ფილმში „სტალინგრადი“, რომელმაც გამოსვლისას რუსული ფილმებისთვის სალაროებში რეკორდული შედეგები აჩვენა.

საახალწლო წარმატებულ კომედიებში „ნაძვის ხეები 2“ (2011) და „ნაძვის ხეები 3“ (2013) პიოტრ ფიოდოროვმა ნიკოლაი კრავჩუკის როლი შეასრულა.

2014 წლის ფილმში „ტერიტორია“, რომლის რეჟისორი იყო ალექსანდრ მელნიკი და რომელიც ოლეგ კუვაევის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღეს, მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა. ფილმი მოგვითხრობს XX საუკუნის 1950-იანი წლების ბოლოს ოქროს საბადოს აღმოჩენის შესახებ.

2016 წელს მთავარი როლები შეასრულა სათავგადასავლო დრამაში „დუელისტი“ და კატასტროფულ ფილმში „ყინულმჭრელი“.

  1. ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #1153025671 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. ↑ The Inhabited Island. Goodfilms (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 October 2014. ციტირების თარიღი: 10 October 2014.
  3. ↑ Пётр Фёдоров. uznayvse.
  4. ↑ Пётр Фёдоров. Russia-1.
  5. ↑ Петр Федоров: "С каждой новой ролью ты получаешь билет в одну сторону". Esquire.