პილი (სამხრეთი კამარინესი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
პილი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 13°33′22″ ჩ. გ. 123°16′32″ ა. გ. / 13.55611° ჩ. გ. 123.27556° ა. გ. / 13.55611; 123.27556
დაარსდა 1789
ფართობი 126.25 კმ²
მოსახლეობა 99 196 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 54
საფოსტო ინდექსი 4418
ოფიციალური საიტი http://www.pili.gov.ph/
პილი (სამხრეთი კამარინესი) — ფილიპინები
პილი (სამხრეთი კამარინესი)

პილი (ოფიციალურად პილის მუნიციპალიტეტი; ტაგ: Bayan ng Pili; ბიკ: Banwaan kan Pili) — პირველი კლასის მუნიციპალიტეტი ფილიპინებში. სამხრეთ კამარინესის პროვინციის დედაქალაქი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპინელებსა და იაპონელებს შორის თანამეგობრობის ძეგლი

პილის შესახებ პირველი ცნობები 1770-იან წლებში ესპანელი მისიონერების მიერ ქრისტიანობის გავრცელების შესახებ მოიპოვება. ქალაქის ცენტრი თავდაპირველად „ბინანუაანანში“ (ბიკოლის ენაზე პატარა ქალაქს ნიშნავს) მდებარეობდა, სანამ მისიონერები ცენტრს დღევანდელი პილის ადგილას, წმინდა რაფაელ მთავარანგელოზის საკათედრო ტაძრის ადგილას გადაიტანდნენ.[2]

ქალაქი პილი ამერიკელებმა 1901 წელს დაარსეს. ქალაქის სახელწოდების წარმოშობის საკითხი ეტიმოლოგებს შორის საკამათოა: ერთი ვერსიით, მუნიციპალიტეტის დასახელება Canarium ovatum-ის დასახელებიდან წარმოდგება, ხოლო მეორე ვერსიით პილი ბიკოლური სიტყვიდან პილი წარმოდგება, რაც „არჩევანს“ ნიშნავს. სამხრეთ კამარინესის პროვინციულ დედაქალაქ ნაგაში ხშირი იყო წყალდიდობები, რის გამოც ამერიკელებმა პილის პროვინციულ ურბანულ ცენტრად ქცევა გადაწყვიტეს. ქალაქს ამერიკელებისთვის სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა: იგი პროვინციის მნიშვნელოვან რაიონებს ერთმანეთთან აკავშირებდა: ჩრდილოეთში ბიკოლურ ენაზე მოსაუბრე მუნიციპალიტეტებსა და რინკონადის ბიკოლურ ენაზე მოსაუბრე ტერიტორიებს. პილი ოფიციალურად მუნიციპალიტეტად 1918 წელს გამოცხადდა.[2]

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წელს იაპონიის საიმპერიო არმიის 3 000 ჯარისკაცი პილში გაიგზავნა. იაპონელებმა გვირაბები გაიყვანეს და სანგრებიც გათხარეს, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი. საომარი ინფრასტრუქტურა ძირითადად კადლანის, კურის, სან-ხოსესა და ცენტრალურ ტერიტორიაზე იყო განთავსებული. იაპონელებმა უკან დახევის დროს ისაროგის მთაში გამოქვაბულებს შეაფარეს თავი. ისაროგის მთა ბიკოლის რეგიონში მათი უკანასკნელი დასაყრდენი იყო. ფილიპინელებსა და იაპონელებს შორის მეგობრობის ისტორიული ძეგლი ისაროგის მთის ზირში, კურის ბარნგაიში, ბონკაოს სიტიოშია აღმართული.[3]

პროვინციული დედაქალაქის გადატანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ კამარინესის ყოფილი დედაქალაქი ნაგა 1573 წელს დაარსდა როგორც ნუევა-კასერესი. ეს სახელი ესპანეთში მდებარე ქალაქის შესაბამისად ეწოდა. ნაგა კოლონიის ხუთ სამეფო ქალაქს შორის ერთ-ერთი იყო. 1917 წლის 10 მარტს, ფილიპინების 2711-ე საკანონმდებლო აქტის საფუძველზე ნაგა პროვინციულ დედაქალაქად გამოცხადდა. 1955 წლის 6 ივნისს 1336-ე რესპუბლიკური აქტის მიღების შემდეგ სამხრეთ კამარინესის დედაქალაქად პილი გამოცხადდა, რომელიც ამ ფუნქციას დღემდე ასრულებს.[4]

პილი პილიტიკურად 26 ბარანგაიდ იყოფა.[5]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პილის მუნიციპალური მერია

2015 წლის აღწერით, პილის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 89 545 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 710 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე. მუნიციპალიტეტის ცენტრალური რაიონი 6 ბარანგაისგან შედგება, რომელთა მოსახლეობაც 12 104 ადამიანს შეადგენს.

ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პილის მუნიციპალიტეტში ბიკოლური ენის ორი დიალექტია გავრცელებული. ცენტრალურ ბიკოლურ ენაზე მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ ნაწილში საუბრობენ, ხოლო რინკონადის ბიკოლური ენა სამხრეთ ნაწილშია გავრცელებული. მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ფარტოდ იყენებს ტაგალურ და ინგლისურ ენას.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბალანგის ჩანჩქერი

მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია. პილი კასერესის არქიეპარქიის იურისდიქციის ქვეშაა. მუნიციპალიტეტში მდებარეობს: წმინდა რაფაელ მთავარანგელოზის საკათედრო ტაძარი. მოსახლეობის მცირე ნაწილი სხვა ქრისტიანული კონფესიების: ქრისტეს ეკლესიის, აგლიპაიანური ეკლესიის და სხვ. მიმდევრები არიან.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ყოველ ბარანგაისა და სიტიოს საკუთარი დღესასწაული აქვთ, თუმცა მუნიციპალიტეტსი ორი მთავარი ფესტივალი აღინიშნება. მუნიციპალური მთავრობა ცენტრალურ რაიონში რელიგიურ დღესასწაულს მართავს, ხოლო პროვინიული მთავრობა პროვინციის დაარსების აღსანიშნავ ფესტივალს მართავს.

პილის ფიესტა წმინდა რაფაელ მთავარანგელოზის საპატივცემულოდ აღინიშნება, რომელიც მუნიციპალიტეტის მფარველ წმინდანად ითვლება. ფიესტა 1918 წლიდან, სამრევლოს დაარსების შემდეგ ყოველწლიურად 23-24 ოქტომბერს აღინიშნება. ოქტომბრის თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტში ყოველწლიური კულტურული დღესასწაული „კიმარონესის ფესტივალი“ იმართება. იგი პილის ცენტრალური რაიონის ექვს ბარანგაიში აიღინიშნება. ფესტივალის დროს სამი მთავარი ღონისძიება ტარდება: ქუჩის ცეკვებში შეჯიბრება, მუსიკალური საღამო და სიალმაზის კონკურსი.

კამარინესის პროვინციული მთავრობა პროვინციის დაარსების აღსანიშნავად ყოველწლიურად მაისის თვის ბოლო კვირაში კაოგმის ფესტივალს ატარებს. ფესტივალი სამხრეთ კამარინესის პროვინციული კაპიტოლიუმის კომპლექსსა და სამხრეთ კამარინესის თავისუფალ სასპორტო კომპლექსში იმართება.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. 2.0 2.1 The Capital Town: From Hinterlands to Bicolandia’s Agro-Industrial Center (January 11, 2018). ციტირების თარიღი: 2018-06-25.
  3. Jr, Juan Escandor. (2015-12-24) Group tries to solve Pili’s history puzzle en. ციტირების თარიღი: 2020-08-28
  4. Camarines Sur. ციტირების თარიღი: 19 June 2014.
  5. "Municipalities and Cities" დაარქივებული 2007-10-25 საიტზე Wayback Machine. . PSGC Interactive. Retrieved on 2012-05-23.
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-22. ციტირების თარიღი: 2020-11-27.