პიზის ტაძარი
| პიზის ტაძარი | |
|---|---|
|
| |
![]() | |
| ძირითადი ინფორმაცია | |
| გეოგრაფიული კოორდინატები | 43°43′24″ ჩ. გ. 10°23′44″ ა. გ. / 43.72333° ჩ. გ. 10.39556° ა. გ. |
| ქვეყანა | იტალია |
| ფუნქციური სტატუსი | მოქმედი, მუზეუმი |
| ხუროთმოძღვრების აღწერა | |
| თარიღდება | 1064-1092 |
| პიზის ტაძარი | |
პიზის ტაძარი (იტალ. Il Duomo di Pisa), ოფიციალური სახელწოდება: სანტა-მარია-ასუნტას სახელობის პიზის არქისაეპისკოპოსო კათედრალური ტაძარი (იტალ. Cattedrale primaziale di Santa Maria Assunta}} — ღვთისმშობლის მიძინების არქისაეპისკოპოსო ტაძარი). მდებარეობს პიზაში (ტოსკანა, ცენტრალური იტალია). იგი წარმოადგენს „სასწაულთა მოედნის“ (პიანცა-დეი-მირაკოლი) უნიკალური ანსამბლის ცენტრალურ ნაგებობას. იტალიელმა მწერალმა გაბრიელე დ’ანუნციომ 1880-იან წლებში ამ ადგილს „სასწაულთა ველი“ (Campo dei Miracoli) უწოდა. ტაძარი იტალიის რომანული არქიტექტურის, კერძოდ კი ე.წ. რომაულ-პიზური სტილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია. იგი იტალიის ერთ-ერთი უდიდესი ტაძარია: ნეფების სიგრძე 95 მეტრს შეადგენს, ტრანსეპტის სიგანე — 35 მეტრს, ხოლო გუმბათის სიმაღლე 90 მეტრს აღწევს.[1] 1987 წელს „სასწაულთა მოედნის“ არქიტექტურული ანსამბლი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში იქნა შეტანილი.
მშენებლობის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომაულ ეპოქაში, თანამედროვე პიაცა-დეი-მირაკოლის (საოცრებათა მოედანი) ცენტრში, იმპერატორ ადრიანეს (117-138) სასახლე მდებარეობდა, მოგვიანებით კი, ადრეულ შუა საუკუნეებში, მის საძირკველზე წმინდა რეპარატას (ფლორენციელი წმინდანის სახელით) ეკლესია აღმართეს. 1063 წელს[2] პალერმოსთან პიზის ფლოტის გამარჯვების შემდეგ, მოქალაქეებმა არქიტექტორ ბუსკეტო დი ჯოვანი ჯუდიჩის დაავალეს საზღვაო რესპუბლიკის დიდების უკვდავყოფა ქალაქის საკათედრო ტაძრის აგებით.[3]
ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1064 წელს იმ ნადავლის მეათედი ნაწილით, რომელიც პიზის რესპუბლიკამ 1063 წელს, ჯოვანი ორლანდის ხელმძღვანელობით, მუსლიმთა წინააღმდეგ პალერმოში (სიცილია) გამართული სამხედრო კამპანიის დროს მოიპოვა. მოგვიანებით მშენებლობა ფინანსდებოდა სხვა წამოწყებებიდან მიღებული სახსრებითაც, მათ შორის, 1113-1115 წლებში ბალეარის კუნძულებზე ლაშქრობის შედეგად მიღებული შემოსავლით.[4]
ეკლესია ადრეული შუა საუკუნეების საქალაქო გალავნის მიღმა ააგეს, რაც პიზის ძლიერების სიმბოლო იყო და მიუთითებდა, რომ ქალაქს დამატებითი დაცვა არ სჭირდებოდა. შერჩეული ადგილი ჯერ კიდევ ლანგობარდების ეპოქაში გამოიყენებოდა ნეკროპოლისად, ხოლო XI საუკუნის დასაწყისში აქ წმინდა მარიამის სახელობის დაუმთავრებელი ეკლესია იდგა. ახალ, დიდ ტაძარს თავდაპირველად სანტა-მარია-მაჯორე ერქვა, სანამ საბოლოოდ სანტა-მარია-ასუნტად არ გადაერქვა სახელი.
1092 წელს ტაძარმა პრიმასის (უპირატესი კათედრის) სტატუსი მიიღო, ხოლო არქიეპისკოპოს დაიბერტოს პაპმა ურბან II-მ პრიმასის ტიტული მიანიჭა. ტაძარი 1118 წელს პაპმა გელასიუს II-მ აკურთხა, რომელიც თავად პიზური კაეტანოს საგვარეულოს წარმომადგენელი იყო; ამ ფაქტს ადასტურებს წარწერა კონტრფასადის ზედა მარცხენა კუთხეში.
XII საუკუნის პირველ ნახევარში ტაძარი არქიტექტორ რაინალდოს ხელმძღვანელობით გაფართოვდა. მან დააგრძელა ნავები — ძველი ფასადის წინ სამი მალა დაამატა, გააფართოვა ტრანსეპტი და შექმნა ახალი ფასადი, რომლის მშენებლობაც მოქანდაკეების — გულიელმოს, ბიდუინოსა და, სავარაუდოდ, გვიდეტო და კომოს ხელმძღვანელობით მოქმედმა ოსტატთა არტელმა დაასრულა. სამუშაოები, სავარაუდოდ, 1120 ან 1140 წლისთვის დაიწყო, ხოლო მათი დასრულება 1180 წლით თარიღდება; ამას მოწმობს მთავარი შესასვლელის ბრინჯაოს კარებზე მითითებული თარიღი, რომელიც ბონანო პიზანოს ნამუშევარია.[5]
პიზის საკათედრო ტაძარმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა ნაპოლეონის ლაშქრობების დროს ტაძრის გაძარცვის შედეგად. მრავალი ნამუშევარი პარიზში, ნაპოლეონის მუზეუმში (ამჟამად ლუვრი) გადაიტანეს, სადაც ისინი დღემდეა გამოფენილი; მათ შორისაა ბენოცო გოცოლის „წმინდა თომა აკვინელის ტრიუმფი ეკლესიის მოძღვართა შორის“, ორკანიას „წმინდა ბერნარდის სიკვდილი“ და ანდრეა დელ კასტანოს „წმინდა ბენედიქტე“.[6]
მოგვიანებით მოხდა ჯოვანი პიზანოს მიერ შესრულებული ტაძრის კათედრის დემონტაჟი, რომელიც მხოლოდ 1926 წელს აღადგინეს სხვა ადგილზე; აღდგენილ ვერსიას აკლდა რამდენიმე ორიგინალი ნაწილი, მათ შორის კიბე. ასევე დაიშალა ლუპო დი ფრანჩესკოს მიერ შესრულებული ჰენრიხ VII-ის ძეგლი, რომელიც სან-რანიერის კარიბჭის პირისპირ იდგა, მოგვიანებით კი მისი გამარტივებული ვერსიით შეიცვალა.
შემდგომი ცვლილებები XIX საუკუნეში განხორციელდა და შეეხო როგორც ტაძრის შიდა, ისე გარე მორთულობას. კერძოდ, ფასადზე განთავსებული ქანდაკებები ასლებით შეიცვალა (ორიგინალები დაცულია ტაძრის ხელოვნების ნიმუშების მუზეუმში — Museo dell'Opera del Duomo).
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„სასწაულთა მოედნის“ ნაგებობების თანამედროვე იერსახე სხვადასხვა დროს ჩატარებული მრავალრიცხოვანი რესტავრაციული სამუშაოების შედეგია. პირველი რადიკალური გადაკეთებები მოჰყვა 1595 წლის 24-დან 25 ოქტომბრის ღამეს მომხდარ დამანგრეველ ხანძარს, რომელმაც მრავალი დეკორატიული ელემენტი გაანადგურა. რეკონსტრუქციის ერთ-ერთი ავტორი იყო გასპარო მოლა. შეიცვალა სახურავი და დამზადდა ფასადის სამი ბრინჯაოს კარი, რომლებზეც ჯამბოლონიას სახელოსნოს მოქანდაკეები მუშაობდნენ, მათ შორის თავად გასპარო მოლა და პიეტრო ტაკა.
XVIII საუკუნიდან დაწყებული, შიდა კედლები თანდათანობით დაიფარა ტილოზე შესრულებული დიდი ზომის ნახატებით — „კვადრონებით“, რომლებზეც გამოსახული იყო პიზელი ნეტარებისა და წმინდანების ცხოვრების ისტორიები. ეს სამუშაოები იმ დროის წამყვანმა მხატვრებმა შეასრულეს იმ მოქალაქეების ინიციატივით, რომლებმაც პროექტის დასაფინანსებლად სპეციალური კომერციული საწარმო შექმნეს. ტაძრის არქიტექტურაში შერწყმულია სხვადასხვა სტილის ელემენტები: ბიზანტიური (ჯვარ-გუმბათოვანი სქემა), ლომბარდიულ-ემილიური (თაღოვანი გალერეები), ტოსკანური (მარმარილოს მოპირკეთება „ინკრუსტაციულ სტილში“) და ისლამურიც კი, რაც, შესაძლოა, პიზის სავაჭრო და სამხედრო ექსპანსიის მასშტაბების სიმბოლო იყო. მშენებლობის პროცესში ჩამოყალიბებული სტილი ლიტერატურაში ცნობილია როგორც „რომაულ-პიზური“.[7] დაახლოებით იმავე პერიოდში ვენეციაში წმინდა მარკოზის ტაძარს აგებდნენ და არქიტექტორ ბუსკეტოს ერთ-ერთი ამოცანა იყო, აეშენებინა ტაძარი, რომელიც ვენეციელებისას არ ჩამოუვარდებოდა. XVII და XVIII საუკუნეებში ტაძრის ინტერიერმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა.[5]
შენობას აქვს ლათინური ჯვრის გეგმა, რომლის მკლავების გადაკვეთაზეც დიდი გუმბათია აღმართული. ხუთ ნეფად დაყოფილი გრძივი კორპუსი ათ მალზეა გადაჭიმული და მისი საერთო სიგრძე 90 მეტრია. ეს დაგეგმარება გრძელდება ქოროში ორი დამატებითი მალითა და დამასრულებელი აფსიდით, რომელიც აგვირგვინებს ცენტრალურ ნეფს. ტრანსეპტს თითოეულ მხარეს ოთხი მალი აქვს (ან ექვსი, თუ გავითვალისწინებთ ორს, რომლებსაც ის გრძივ კორპუსთან იყოფს) და სამი ნეფი აფსიდებით ჩრდილოეთითა და სამხრეთით. ასეთი თავისებური გეგმა მსგავსებას ავლენს სირიაში მდებარე კალატ-სიმანის ადრექრისტიანული ბაზილიკის გეგმასთან.[8] ინტერიერში იქმნება უზარმაზარი სივრცის ეფექტი, რომელიც დიდი მეჩეთების ანალოგიურია და მიიღწევა თაღებისა და თეთრი და შავი მარმარილოს ზოლების მონაცვლეობით. ნეფებში არსებული შავი გრანიტის ორი კოლონადა ბიზანტიური გავლენის აშკარა დასტურია. თავად სვეტები პალერმოს მეჩეთიდანაა წამოღებული, რომელიც პიზელებმა 1063 წელს დაიპყრეს. „სრედოკრესტიე“ (ჯვრის მკლავების გადაკვეთა) აღნიშნულია ორიგინალური ფორმის გუმბათით, რომელიც ბიზანტიურ ეკლესიათა გუმბათებს მოგვაგონებს. გუმბათი რვაწახნაგა ბარაბანს ეყრდნობა და შემოსაზღვრულია თეთრი მარმარილოს მდიდრული, ზღვის ქაფისებრი, აჟურული კვეთით შესრულებული რომაულ-გოთიკური არკადით.[7]
ტაძრის მთავარი ფასადი შეიქმნა XII—XIII საუკუნეებში ოსტატ რაინალდოს პროექტით, რის შესახებაც გვამცნობს წარწერა ცენტრალური პორტალის ზემოთ, მარჯვენა მხარეს.[9]
ფასადი შედგება გარეთა არკატურული, ტიპური ლომბარდიული გალერეების ოთხი იარუსისგან. იგი შესრულებულია ნაცრისფერი მარმარილოსგან და უხვად არის მორთული მწვანე, ცისფერი, ვარდისფერი და სხვა ფერის მარმარილოს ინკრუსტაციით, ქვაზე კვეთითა და ქანდაკებებით. ქვედა იარუსი გაფორმებულია ლომბარდიულ სტილში — ყრუ არკადითა და ნახევარწრიული თაღებით, რომლებიც სვეტებს ეყრდნობა. ოთხი ზედა იარუსი წარმოადგენს ღია რომაულ გალერეა-ლოჯიებს, რომლებიც ასევე შემკულია მოპირკეთებითა და ქვის კვეთით. ქვედა იარუსის დეკორში მკაფიოდ იკვეთება ბიზანტიური ორნამენტის მოტივები. განსაკუთრებით გამორჩეულია ცენტრალური პორტალის სვეტების ნაჭედი დეკორი და ანტიკურთან მიახლოებული კაპიტელები, რომლებზეც ორი ქვის ლომი ზის.[7]
ფრონტონის ცენტრს აგვირგვინებს ქალაქის მკვიდრის, ნინო პიზანოს მიერ შესრულებული მადონას ქანდაკება კურთხევის გამომხატველი ყრმა იესოთი. გვერდებზე განთავსებულია მახარებლების — მათესა და იოანეს ქანდაკებები (მათ ქვემოთ მათი სიმბოლოები — ანგელოზი და არწივია). ისინი აგვირგვინებენ ცენტრალური და გვერდითი ნეფების კუთხეებს. ქვემოთ, ქვედა გალერეის კუთხეებში, მახარებლები ლუკა და მარკოზია გამოსახული.
აღმოსავლეთ მხარეს მდებარე მთავარ აფსიდაში მეორდება დასავლეთ ფასადის კომპოზიციის პრინციპი: სამი იარუსი, სადაც ქვედა გაფორმებულია ყრუ არკადითა და ანტიკური სტილის კაპიტელებიანი სვეტებით, ხოლო ორი ზედა იარუსი ნატიფ რომაულ გალერეებს წარმოადგენს. აფსიდა მორთულია მარმარილოს მოპირკეთებით „ინკრუსტაციულ სტილში“.
მთავარი ფასადის სამივე კარი 1595 წლის ხანძარმა გაანადგურა. ამჟამად არსებული კარები 1602 წელს ფლამანდიელი ჯამბოლონიას სახელოსნოში დამზადდა.
სამხრეთ ტრანსეპტში, აღმოსავლეთ მხარეს, მდებარეობს სან-რანიერის კარი (Porta di San Ranieri), რომელსაც სახელი შემკვეთის პატივსაცემად ეწოდა; იგი ამავე სახელწოდების კაპელაში შედის. ბრინჯაოს კარები შემკულია ბონანო პიზანოს მიერ შესრულებული რელიეფური პანელებით. რელიეფები ასახავს ქრისტეს ცხოვრების ეპიზოდებს და მათში ერთდროულად იგრძნობა აღმოსავლური ელინისტური და მაასისა და რაინის სკოლების ჩრდილოური ხელოვნების გავლენა. ეს პანელები მით უფრო ფასეულია, რომ დასავლეთ ფასადის XII საუკუნის მთავარი კარები (ასევე ბონანო პიზანოს ნამუშევარი) ხანძრის დროს განადგურდა. ისინი 1602 წელს ჯამბოლონიას ნახაზების მიხედვით დამზადებული ბრინჯაოს რელიეფური კარებით შეიცვალა.[3]
ტაძრის აღმოსავლეთ მხარეს, აფსიდის ზემოთ მდებარე ფრონტონზე, სვეტზე აღმართულია ბრინჯაოს „პიზური ჰიპოგრიფი“ (ფანტასტიკური არსება ფრინველის ფრთებითა და ნისკარტით, ცხენის ფეხებითა და ლომის თათებით), ანუ „ფატიმიდების გრიფონი“. ჩვენს დროში აქ ასლია განთავსებული, ხოლო ორიგინალი ტაძრის მუზეუმშია გადატანილი. ეს არის X–XI საუკუნეების არაბული წარმოების ქანდაკება. იგი წარმოადგენს შუა საუკუნეების მუსლიმურ სამყაროში შექმნილ და დღემდე შემორჩენილ ყველაზე დიდ ლითონის ქანდაკებას. მისი წარმომავლობა უცნობია; პიზაში იგი, სავარაუდოდ, პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს მოპოვებული სამხედრო ნადავლის სახით მოხვდა. ქანდაკების განთავსება ტაძრის ფასადზე, აშკარად, მიზნად ისახავდა მუსლიმთა წინააღმდეგ საზღვაო ლაშქრობებში პიზის რესპუბლიკის წარმატებების განდიდებას.[3]
მთავარი ფასადის კედელში, ჩრდილოეთ კარის მარცხნივ, მდებარეობს ტაძრის პირველი არქიტექტორის, ბუსკეტოს აკლდამა (დაახლ. 1110 წ.), რომელსაც ამშვენებს დიდი ლათინური ეპიტაფია, სადაც იგი დედალოსს არის შედარებული.
ინტერიერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაძრის ინტერიერმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა 1595 წლის ხანძრის შემდეგ — კედლები თეთრი და შავი მარმარილოთი მოპირკეთდა, ჭერი მოოქროვდა (მასზე გამოსახულია მედიჩების გერბი), ხოლო გუმბათი ფრესკებით დაიფარა. აფსიდის მოზაიკა, რომელიც გამოსახავს ქრისტეს ღვთისმშობლისა და იოანე ღვთისმეტყველის გარემოცვაში, ხანძრის დროს გადარჩა.
ხანძარს ასევე გადაურჩა მონუმენტური კათედრა (ამბიონი), რომელიც ჯოვანი პიზანომ 1302-1310 წლებში შეასრულა. იგი წარმოადგენს იტალიური პროტორენესანსისა და ადრეული გოთიკის სკულპტურის ერთ-ერთ საუკეთესო შემორჩენილ ნიმუშს.
ტაძრის ერთ-ერთი რეკონსტრუქციის დროს (სავარაუდოდ, 1595 წლის ხანძრის შემდეგ), კათედრა დაშალეს; იგი მხოლოდ 1926 წელს ხელახლა აღმოაჩინეს და ააწყვეს. ვინაიდან კათედრის პირვანდელი კონსტრუქციის შესახებ რაიმე დოკუმენტაცია არ არსებობდა, აწყობისას ზოგიერთი ფრაგმენტი „ზედმეტი“ აღმოჩნდა — ისინი დღეს მსოფლიოს რამდენიმე მუზეუმში ინახება. ამასთანავე, დაემატა ოთხი ახალი სვეტი, რომლებიც ბენიტო მუსოლინიმ გაიღო საჩუქრად. კათედრის ზედა ნაწილი შედგება ცხრა რელიეფისგან ახალი აღთქმის სცენების გამოსახულებით (ხარება, ყრმათა ამოჟლეტა, შობა, მოგვთა თაყვანისცემა, ეგვიპტეში გაქცევა, ჯვარცმა, საშინელი სამსჯავროს ორი პანელი). რელიეფები ერთმანეთისგან გამოყოფილია მცირე პილონებით, რომლებზეც წინასწარმეტყველთა და სიბილების ფიგურებია გამოსახული. ქვემოთ განთავსებულია საყრდენები სკულპტურულად გაფორმებული სვეტების სახით. საყრდენების კომპოზიცია ასიმეტრიულია. ერთ-ერთი სვეტის ადგილს იკავებს ჰერკულესის ფიგურა — ძლიერების განსახიერება.
კოლონადის შიგნით ასევე განთავსებულია საყრდენები ალეგორიული ფიგურების სახით. ცენტრალური საყრდენი, რომელიც სამი ქალის ფიგურისგან შედგება, წარმოადგენს ქრისტიანულ სათნოებებს: რწმენას, იმედსა და სიყვარულს. საყრდენის პოსტამენტი შემკულია რელიეფებით, რომლებიც „თავისუფალ ხელოვნებებს“ გამოსახავს. ქრისტესა და მთავარანგელოზ მიქაელის ფიგურები მახარებელთა ქანდაკებებს იჭერს. ეკლესიის ალეგორიულ ფიგურას ხელში ორი ჩვილი უჭირავს, რომლებიც ძველი და ახალი აღთქმის სწავლებებს ასახიერებენ. ამ ფიგურის ფერხთით ოთხი ქალის ქანდაკებაა, რომლებიც ქრისტიანულ სათნოებებს წარმოადგენენ: სულის სიმტკიცეს (ძნით), სამართლიანობას (სასწორით ხელში), გონიერებას და თავშეკავებას (რომელსაც უკანა ფეხით თავდაყირა დაკიდებული ლომი უჭირავს). გარე პორფირის სვეტებიდან ორი ლომების ზურგს ეყრდნობა. ამ ხერხში აღმოსავლური, ბიზანტიური ტრადიცია ვლინდება. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ლომების გამოსახულება განიმარტება როგორც ამპარტავნების ცოდვის დათრგუნვის სიმბოლო.
ლომი — ბუნების მეფე — გამოსახულია ცხენის (შინაური ცხოველის) გლეჯისას. ეს მოტივი მამა-შვილმა პიზანოებმა მეზობელ კამპო-სანტოში დაცული ძველრომაული სარკოფაგის რელიეფიდან ისესხეს. თუმცა, ანტიკური ინტერპრეტაციისგან განსხვავებით, ლომის დრუნჩი ტანჯვას გამოხატავს — როგორც ყველა სხვას, ბუნების მეფესაც მძიმე ტვირთის ზიდვა უწევს“.[7] ამ ნამუშევარში ჯოვანი პიზანო არ მიჰყვა მამის სტილს, რომელიც პიზის ბაპტისტერიუმისთვის უფრო ადრე (1255-1284) შექმნილი კათედრის რელიეფებში მეტწილად ანტიკურ ნიმუშებს მისდევდა და პიზის კამპო-სანტოს რომაული სარკოფაგებიდან გადმოხატულ ფიგურებს იყენებდა. უმცროსი პიზანო ნახევარი საუკუნის შემდეგ კვლავ გოთიკურ ტრადიციას დაუბრუნდა. სწორედ ესაა იტალიური პროტორენესანსის ხელოვნების განვითარების თავისებურება.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მადონას ქანდაკება
- დასავლეთ ფასადი
- ცენტრალური კარიბჭე
- ინტერიერი
- ჯოვანი პიზანოს კათედრა. 1310 წელი
- „გალილეის ლამპარი“ კამპოსანტოში
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Джулиано Вальдес. Искусство и история : Пиза. — Флоренция : Bonechi, 1995. — 128 с. — ISBN 88-8029-338-9.
- Виктор Власов. Пиза // Новый энциклопедический словарь изобразительного искусства : в 10 т.. — СПб. : Азбука-Классика, 2007. — Т. VII : П. — 917 с.
- Ottavio Banti. Storia Illustrata di Pisa (итал.). — Pisa: Pacini, 2006. — ISBN 88-7781-620-1.
- Urano Castelli, Ranieri Gagetti. Pisa e i suoi artisti (итал.). — Firenze: Becocci, 1977.
- Igino Benvenuto Supino. L’incendio del Duomo di Pisa 24-25 ottobre 1595 : attraverso alcune testimonianze di contemporanei (итал.) / presentazione di Ottavio Banti. — Ospedaletto, Pisa: Pacini, 1995. — XIII, 41 p. — (Opera della Primaziale pisana ; 6).
- Giuliano Valdes. Art and History of Pisa (англ.). — Florence: Bonechi, 2000. — 130 p. — ISBN 88-8029-024-X. — ISBN 9788880290247.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Italia. — Clermont-Ferrand: Michelin et Cie, 1995. — Р. 187—188
- ↑ Valdes 2000, p. 12.
- 1 2 3 Вальдес 1995.
- ↑ PISA MEDIEVALE. ციტირების თარიღი: 2018-11-28
- 1 2 Supino 1995.
- ↑ Chiara Pasquinelli, Il viaggio di Vivant Denon a Pisa e Firenze nel 1811(იტალიური), negli atti del convegno in corso di pubblicazione Municipalia, დაარქივებულია ორიგინალიდან ({{{archivedate}}})
- 1 2 3 4 Власов 2007.
- ↑ Виппер Б. Р., Итальянский Ренессанс, М.: Искусство, 1977. — გვ. 382.
- ↑ Particolare 2 (francodcci.blogspot.com). ციტირების თარიღი: 2017-07-01
