შინაარსზე გადასვლა

პიეტრო ვესკონტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვესკონტის პორტოლანის ფრაგმენტი საქართველოს სანაპიროს გამოსახულებით.

პიეტრო ვესკონტე (იტალ. Pietro Vesconte) — XIV საუკუნის იტალიელი კარტოგრაფი, ამ დარგის ერთ-ერთ პირველი პროფესიონალი.

დაიბადა გენუაში, თუმცა ძირითადად ვენეციაში მოღვაწეობდა. ვესკონტეს ეკუთვნის როგორც პორტოლანები (საზღვაო რუკები), ასევე მსოფლიოს სხვადასხვა რუკები.

ვესკონტეს მიერ დაახლ. 1320 წელს შედგენილ შავი ზღვის პორტოლანზე საქართველოს სანაპიროსთან მოთავსებულია ორი დროშა. სებასტოპოლისთან (სოხუმთან) დატანილ დროშაზე გამოსახულია ერთი დიდი ჯვარი, ხოლო ოთხ მინდორში მოთავსებულია ოთხი შავი წერტილი. ფაზისთან (ფოთთან) აღმართულია მეორე, ერთჯვრიანი დროშა. 1320 წლის მსოფლიოს რუკაზე შავი ზღვა, ისევე როგორც ხმელთაშუა ზღვის სივრცე, ლამის თანამედროვე სიზუსტით არის დატანილი. კასპიის ზღვა პირველად პტოლემაიოსის შემდეგ, მსოფლიო ოკეანეს აღარ უკავშირდება. „რკინის კარიბჭე“ — დერბენდი და კასპიის მთები სწორადაა მოთავსებული შავ და კასპიის ზღვებს შორის. გოგისა და მაგოგის ხალხები ვესკონტემ უკიდურეს აღმოსავლეთში, ოკეანესთან გადაანაცვლა. შავ და კასპიის ზღვებს შორის გაირჩევა სამი წარწერა: ორჯერ — Georgia, ერთხელ — Colcia. არ არის გამორიცხული, ვესკონტეს ორი საქართველო და ერთი კოლხეთი აღნიშნავდეს დასავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ საქართველოს და სამცხეს.

  • თვარაძე ა., საქართველო და კავკასია ევროპულ წყაროებში (XII–XVI საუკუნეთა ისტორიოგრაფიული და კარტოგრაფიული მასალის საფუძველზე), თბ., 2004.
  • თვარაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
  • Almagia R., Monumenta cartographica Vaticana, t. 1, 1944.
  • Portulane, Seekarten vom 13. bis zum 17. Jahrhundert, hrsg. von Monique de la Roncière und Michel Mollat du Jourdin, Münch., 1984.