პიერ კარდენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიერ კარდენი

2010 წელს
მშობლიური სახელი Pierre Cardin
დაბადების სახელი პიეტრო კოსტანტე კარდინი
დაბადების თარიღი 2 ივლისი, 1922
სან-ბიაჯო-დი-კალალტა, ვენეტო, იტალია
გარდაცვალების თარიღი 29 დეკემბერი, 2020 (98 წლის)[1]
ნეიი-სიურ-სენი, პარიზი, საფრანგეთი[2]
მოქალაქეობა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ეთნიკურად იტალიელი
საქმიანობა მაღალი მოდის დიზაინერი
ჯილდოები
საპატიო ლეგიონის ორდენი
საპატიო ლეგიონის ორდენი
ხელმოწერა

პიერ კარდენი (ფრანგ. Pierre Cardin; დ. 2 ივლისი, 1922, სან-ბიაჯო-დი-კალალტა, ვენეციასთან ახლოს — გ. 29 დეკემბერი, 2020, ნეიი-სიურ-სენი, პარიზთან ახლოს) — ფრანგი მოდის დიზაინერი, საფრანგეთის ინსტიტუტის წევრი (1992).[3] იუნესკოსა (1991)[4] და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩი (2009).[5]

1945 წლიდან ცხოვრობდა პარიზში, სადაც თავიდან სწავლობდა არქიტექტურას, მუშაობდა ჟანა პაკენისა და ელზა სკიაპარელის ფირმებში, 1947 წლიდან — კრისტიან დიორთან. 1950 წელს გახსნა საკუთარი ატელიე, რომელიც დაკავებული იყო თეატრალური კოსტიუმებისა და ნიღბების დამზადებით. 1953 წელს შექმნა ქალის ტანსაცმლის პირველი კოლექცია, 1954 წელს გახსნა საფირმო მაღაზიები „ევა“ და „ადამი“. 1953–1993 წლებში იყო მაღალი მოდის სინდიკატის წევრი. კარდენი საკუთარ მოდელებში ამუშავებდა ხაზგასმულ „გეომეტრიულ“ სტილს, სადაც დომინირებდა გამოხატული სილუეტი (სწორი ან ქვევით შევიწროებული, „ტიტა“-ქვედატანები, რბილი საყელო-ფურცლები, მამაკაცის კოსტიუმში კვადრატული მხრები და ა.შ.), სუფთა ფერები. ხშირად იყენებდა დეკორატიულ ლითონის ბეჭდებს, აპლიკაციებს, მოხატულობებსა და გაჭრილ კუწუბებს, ხელოვნურ ყვავილებსა და დიდი ზომის ღილებს. 1946 წლიდან მუშაობდა კინოს დარგში (კოსტიუმები და ნიღბები კრისტიან ბერარის ესკიზების მიხედვით ჟან კოქტოს ფილმისათვის „მზეთუნახავი და ურჩხული“). ტანსაცმელში „ფუტუროლოგიური“ სტილის ინიციატორი („Kosmos-Look“). დიდი გავლენა მოახდინა სამეცნიერო-ფანდასტიური ფილმების მხატვრებზე. აგრეთვე ამზადებდა სპორტული ტანსაცმლის (1972 წლის მიუნხენის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებისათვის), ფეხსაცმლის, აქსესუარების მოდელებს; პროექტებს საქონლის რეკლამის, ავტომობილთა დიზაინის, ავეჯის (1977-დან) მიმართულებით და სხვ. იყო მფლობელი თეატრისა „ესპას პიერ კარდენი“ (გაიხსნა 1971 წელს; აგრეთვე სამხატვრო ხელმძღვანელი), რესტორნების ქსელისა „მაქსიმის“ („Maxim’s“, 1981-დან) პარიზსა და მსოფლიოს სხვა დედაქალაქებში. მის მოწაფეებსა და მიმდევართა შორისაა: ჟან პოლ გოტიე, კ. მონტანა, ა. ოლივიე.[3]

პიერ კარდენის კოსტიუმის მოდელი, 1996; ჟურნალ „Art prestige“-ის არქივი

2006 წელს, პარიზთან ახლოს, სენტ-უანში გაიხსნა პიერ კარდენის მუზეუმი. დაჯილდოებულია საპატიო ლეგიონის ორდენით (1974).[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Milbank C. R. (1985). Couture: the great fashion designers. London. 
  • (1990) რედ. V. Mendes: P. Cardin: past, present, future. (Cat.). London. 
  • Loschek I. (2001). Fashion of the century, 5th. Augsburg. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ferla, Ruth La (2020-12-29). „Pierre Cardin, Designer to the Famous and Merchant to the Masses, Dies at 98“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2020-12-29.
  2. Le couturier français Pierre Cardin est mort. BFMTV (2020-12-29). ციტირების თარიღი: 2021-01-01.
  3. 3.0 3.1 3.2 Карден Пьер // Большая российская энциклопедия. т. 13. — М., 2009. — стр. 116.
  4. UNESCO Celebrity Advocates: Pierre Cardin. United Nations Educational, Scientific and Cultural Organization. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ნოემბერი, 2009. ციტირების თარიღი: 2 ივლისი, 2010.
  5. Meet the Goodwill Ambassadors: Pierre Cardin. The Food and Agriculture Organization of the United Nations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-23. ციტირების თარიღი: 2 ივლისი, 2010.