შინაარსზე გადასვლა

პიაცა ნავონა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პიაცა ნავონა (იტალ. Piazza Navona) — საჯარო ღია სივრცე რომში, იტალია. გაშენებულია I საუკუნის დროინდელი დომიციანეს სტადიონის ადგილზე და მიჰყვება სტადიონის ღია სივრცის ფორმას წაგრძელებული ოვალის სახით.[1] ძველი რომაელები იქ დადიოდნენ თამაშების საყურებლად და აქედან გამომდინარე ცნობილი იყო როგორც „Circus Agonalis“ („შეჯიბრების არენა“).

XVII საუკუნეში ის გახდა ბაროკოს დიზაინის საჩვენებელი ადგილი, მათ შორის ბერნინისა და ბორომინის ნამუშევრების ჩათვლით. ოთხი მდინარის შადრევანი დგას სანტ-ანიეზეს ეკლესიის წინ.

ამჟამად პიაცა ნავონას მიერ დაკავებული სივრცე თავდაპირველად იყო დომიციანეს სტადიონი, აშენებული იმპერატორ ტიტუს ფლავიუს დომიციანუსის მიერ 80 წელს. დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, სტადიონი დაინგრა და სამშენებლო მასალებისთვის იყენებდნენ. დღეს მხოლოდ რამდენიმე ნაშთია შემორჩენილი.

XV საუკუნის ბოლო წლებში საჯარო სივრცედ გამოცხადებული პიაცა ნავონა გადაიქცა ბაროკოს რომაული არქიტექტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვან ნიმუშად ინოკენტი X-ის პონტიფიკატის (1644-1655 წწ.) დროს. აქ წარმოდგენილია მნიშვნელოვანი სკულპტურული ქმნილებები: ცენტრში დგას ცნობილი შადრევანი ოთხი მდინარის შადრევანი (1651) შესრულებული ჯოვანი ლორენცო ბერნინის მიერ, რომელსაც თავზე ადგას დომიციანეს ობელისკი, ჩამოტანილი ნაწილებად მაქსენციუსის ცირკიდან;[2] სანტ-ანიეზე-ინ-პიაცა-ნავონას ეკლესია ფრანჩესკო ბორომინის, ჯიროლამო რაინალდის, კარლო რაინალდისა და სხვების ავტორობით შესრულებული; პამფილის სასახლე, აგებული ასევე ჯიროლამო რაინალდის მიერ, რომელიც მოიცავს ბორომინის მიერ დაპროექტებულ და პიეტრო და კორტონას მიერ ფრესკებით მოხატულ გრძელ გალერეას.

პიაცა ნავონას აქვს კიდევ ორი შადრევანი. სამხრეთ ბოლოში მდებარეობს მოროს შადრევანი აუზითა და ოთხი ტრიტონით, რომლებიც შექმნილია ჯაკომო დელა პორტას მიერ (1575), რომელსაც 1673 წელს ბერნინიმ დაამატა მავრის ქანდაკება, რომელიც დელფინთან ჭიდაობს. ჩრდილოეთ ბოლოში არის ნეპტუნის შადრევანი (1574), ასევე ჯაკომო დელა პორტას მიერ შექმნილი; ნეპტუნის ქანდაკება ანტონიო დელა ბიტას მიერ დაემატა 1878 წელს მოროს ჩანჩქერთან ბალანსის შესაქმნელად.

თავისი ისტორიის განმავლობაში, მოედანი მასპინძლობდა თეატრალურ ღონისძიებებსა და სხვა დროებით აქტივობებს. 1652 წლიდან 1866 წლამდე, სანამ ფესტივალი არ გაუქმდა, აგვისტოს ყოველ შაბათ-კვირას მოედანი წყლით ივსებოდა პამფილის ოჯახის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში. მოედნის დონე XIX საუკუნეში აიწია, ხოლო 1869 წელს ბაზარი გადაიტანეს ახლომდებარე კამპო დე ფიორიზე. ყოველ წელს დეკემბრის პირველი კვირიდან იანვრის პირველ კვირამდე მოედანზე იმართება საშობაო ბაზრობა.[3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Roth, Leland M. (1993). Understanding Architecture: Its Elements, History and Meaning, First, Boulder, CO: Westview Press, გვ. 233. ISBN 0-06-430158-3. 
  2. Edward Chaney, "Roma Britannica and the Cultural Memory of Egypt: Lord Arundel and the Obelisk of Domitian", in Roma Britannica: Art Patronage and Cultural Exchange in Eighteenth-Century Rome, eds. D. Marshall, K. Wolfe and S. Russell, British School at Rome, 2011, pp. 147–70
  3. Christmas Rome 2023: Christmas markets 2023 in Rome. ციტირების თარიღი: 12 November 2023