პეტრე ბახტურიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პეტრე ბესარიონის ძე ბახტურიძე (დ. 13 აგვისტო, 1900, ქუთაისი — გ. 17 ოქტომბერი, 1962, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი, კრიტიკოსი და მთარგმნელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია და 1919 წელს ჩაირიცხა ახლადდაარსებულ თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელსაც მალევე თავი დაანება და მოგვიანებით დაამთავრა ქუთაისის პედინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას და პარალელურად აქვეყნებს კრიტიკულ წერილებს, ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. 1933 წელს ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების ორგანოს გაზეთ „სიტყვა და საქმეს“, ხოლო 1934-1935 წლებში სათავეში ედგა მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილებას. მოგვიანებით გადმოვიდა თბილისში და 1944-1950 წლებში მუშაობდა გაზეთ „კომუნისტის“ ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების გამგედ. შემდეგ ხუთი წელი ჟურნალ „მნათობშია“, უკანასკნელ ხანს კი განაგებდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ლიტერატურულ ნაწილს.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — ელენე სიმონის ასული ახალაძე (დ. 1903, სოფელი კორნახი, ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — გ. 12 მარტი, 1989, თბილისი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 79, თბ., 1994