პეტკო სლავეიკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტკო სლავეიკოვი
დაბადების თარიღი 17 ნოემბერი 1828
ველიკო-ტარნოვო ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1 ივლისი 1895 (66 წლის)
სოფია
მოქალაქეობა ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
საქმიანობა პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი

პეტკო რაჩოვ სლავეიკოვი (დ. 17 ნოემბერი, 1828, ველიკო-ტარნოვო — გ. 1 ივლისი, 1895, სოფია) — ბულგარელი პოეტი, პუბლიცისტი, განმანათლებელი, საზოგადო მოღვაწე და ფოლკლორისტი. პოლიტიკოსების ივან სლავეიკოვის  და ჰრისტო სლავეიკოვის, პუბლიცისტი რაჩო სლავეიკოვის და პოეტი პენჩო სლავეიკოვის მამა.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტკო სლავეიკოვი  დაიბადა რაჩო კაზანჯის ოჯახში. დედა — პენკა მშობიარობისას გარდაიცვალა, თუმცა ბიჭი სასწაულებრივად გადარჩა.

პეტკო სლავეიკოვი ერთდროულად სწავლობდა ქალაქ ველიკო-ტარნოვოში, დრიანოვოში, ტრიავნაში და ფერისცვალების მონასტერში. გარდა ამისა, კითხულობდა წიგნებს ველიკო-ტარნოვოს მახლობლად მდებარე მონასტრის ბიბლიოთეკებში. მის განათლებაში უდიდესი როლი ითამაშა პაისი ჰილენდარსკის "სლავურ-ბულგარული ისტორიის" შესწავლამ. ქალაქ სვიშტოვის სკოლაში (რომელსაც მაშინ ემანუილ ვასკიდოვიჩი ხელმძღვანელობდა) იგი დაეუფლა ბერძნულ ენას და შეისწავლა სერბული და დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ნაწარმოებები. 1843 წლიდან გახლდათ მასწავლებელი ველიკო-ტარნოვოში. 1863-1867 წლებში იყო გაზეთ „გაიდას“, შემდეგ გაზეთ „მაკედონიის“ (1866-1872) და სხვა პერიოდული გამოცემების რედაქტორი.

სლავეიკოვი ეწეოდა მნიშვნელოვან კულტურულ და საგანმანათლებლო საქმიანობას. მან  1847 წლამდე შეაგროვა 2263 ხალხური სიმღერა, გამონათქვამი და ანდაზა.  1853 წელს ყირიმის ომის (1853-1856) რევოლუციური მოვლენების გავლენით, დაწერა  რევოლუციური სიმღერები. 1856 წელს ველიკო-ტარნოვოში დიადო ნიკოლას წარუმატებელი აჯანყების შემდეგ, სლავეიკოვმა კონცენტრირება მოახდინა ბულგარელებში ეროვნული ცნობიერების გაღვიძებაზე. ვარნაში მუშაობის შემდეგ ცოტა ხნით გაემგზავრა სტამბოლში, სადაც 1864 წელს მიიწვიეს ბიბლიის სრული ბულგარული თარგმანის (აღმოსავლეთ ბულგარულ დიალექტზე) რედაქტირებისთვის. მთელი თარგმანი დაიბეჭდა სტამბოლში 1871 წელს და დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საყოველთაოდ გამოყენებული აღმოსავლეთ ბულგარული ენის დასამკვიდრებლად.

1874 წელს დააარსა ბულგარული გიმნაზია ოდრინში, რითაც წინააღმდეგობა გაუწია ბერძნების გავლენას ბულგარელებზე. მოგვიანებით სტარა-ზაგორაში მასწავლებელმა სლავეიკოვმა დაწერა რევოლუციური ლექსები.  აპრილის აჯანყების შემდეგ  იგი დააპატიმრეს. სტარა-ზაგორაში ოსმალეთის მიერ მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის დროს პეტრო სლავეიკოვის ხელნაწერები და 15000 შეგროვებული ხალხური გამონათქვამი დაიწვა და დაიკარგა. 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს ხელმძღვანელობდა გენერალ მიხეილ სკობელევის რაზმს ბალკანეთის მთებში, შეესწრო შიპკას ბრძოლას და თან ახლდა ჯარს სან-სტეფანოში სტამბოლის მახლობლად.

ბულგარეთის  თურქული უღლისაგან განთავისუფლების შემდეგ (1878 წ.) პეტრო სლავეიკოვი გახლდათ ველიკო-ტარნოვოს დამფუძნებელი კრების წევრი (1879 წ.), ეროვნული კრების წევრი (თავმჯდომარე 1880 წ.), ლიბერალური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი. იკავებდა მინისტრის პოსტს პეტკო კარაველოვის მთავრობაში.

პეტკო სლავეიკოვმა მოამზადა ბულგარული ანდაზებისა და გამონათქვამების სრული კრებული (1889-1897). იგი ითვლება ახალი ბულგარული ლიტერატურის ერთ-ერთ ფუძემდებლად. ავტორია პოეზიის კრებულების: „ჭრელი თაიგული“, „სიმღერა“, „იგავ-არაკი“ (ბუქარესტი, 1852), „სიმღერები და ლექსები“ (1879), ლექსის „თეთრფეხა წყარო“ (1873 წ.). თარგმნიდა რუსული, ბერძნული, თურქული, სერბო-ხორვატული ენებიდან.

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bourchier, James David (1911). "Bulgaria/Language" . In Chisholm, Hugh (ed.). Encyclopædia Britannica. Vol. 04 (11th ed.). Cambridge University Press. pp. 784–786, see page 786:- "and Petko Slaveikoff (died 1895), whose poems, patriotic, satirical and erotic, moulded the modern poetical language and exercised a great influence over the people".