პეტერ სვაჩიჩი

პეტარ სვაჩიჩი (ხორ. Petar Svačić) — ხორვატიის სამეფოს უკანასკნელი მეფე, რომელიც სახელმწიფოს 1093-1097 წლებში მართავდა. ბრძოლაში, უნგრეთის ჯარებთან მისი დაღუპვის შემდეგ, ხორვატია უნგრეთს შეუერთდა პირადი უნიის ფორმით.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1091 წელს ტრპიმიროვიჩების დინასტიის უკანასკნელი მეფის, სტეპან II-ის გარდაცვალების შემდეგ, ხორვატიის სამეფო ქაოსმა მოიცვა, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაცემით დასრულდა. გავლენიანმა დედოფალმა ელენამ, მეფე დმიტარ ზვონიმირის ქვრივმა და უნგრეთის მეფე ლასლო წმინდანის დამ, ინტრიგები გააჩაღა, რათა ხორვატიის ტახტი უნგრეთის დინასტიისთვის გადაეცა. იმავე 1091 წელს უნგრეთის ჯარები ხორვატიაში შეიჭრნენ და თითქმის მთელი ქვეყანა დაიკავეს, გარდა დალმაციის სანაპიროსი. ლასლო I-მა ხორვატიის მეფედ თავისი ძმისშვილი, პრინცი ალმოში დანიშნა.
თუმცა, ხორვატიის დიდებულები დამოუკიდებლობის ფაქტობრივ დაკარგვას არ შეეგუვნენ. 1093 წელს ქვეყნის არისტოკრატიამ მეფედ აირჩია დიდებული პეტარ სვაჩიჩი. გვაროვნული სახელი „სვაჩიჩი“ მან ულცინთან (თანამედროვე ჩერნოგორია) მდებარე სვაჩის დასახლებიდან მიიღო.
პეტარ სვაჩიჩმა ბრძოლა დაიწყო უნგრეთის ძალების წინააღმდეგ და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია – პრაქტიკულად განდევნა ალმოში და მისი მომხრეები ხორვატიიდან, ხოლო დრავამდე ყველა ტერიტორია თავის კონტროლქვეშ მოაქცია. მეფემ თავისი რეზიდენცია სტრატეგიულად მნიშვნელოვან კნინის ციხესიმაგრეში განათავსა. მეფე ლასლოს ძლიერი არმია სხვა ფრონტებზე იყო დაკავებული და ვერ შეძლო დაუყოვნებელი რეაგირება სვაჩიჩის წარმატებებზე. მხოლოდ 1095 წელს უნგრელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და სლავონია დაიკავეს. თუმცა, მათი წარმატება შეაფერხა მეფე ლასლოს გარდაცვალებამ. უნგრეთში დაიწყო სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც ლასლოს ძმისშვილების — ალმოშისა და კალმანის შორის ტახტისთვის ბრძოლის შედეგად გაჩაღდა. ამ ბრძოლამ პეტარ სვაჩიჩსა და ხორვატებს ორ წლით მისცა შვება, თუმცა არა მეტი.
ტახტისთვის ბრძოლის გამარჯვების შემდეგ უნგრეთის ახალმა მეფემ, კალმან წიგნისმოყვარულმა, ხორვატიაზე გადამწყვეტი შეტევა დაიწყო. 1097 წელს გვოზდის მთაზე გაიმართა ბრძოლა, სადაც უნგრეთის არმიამ სრული და გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა. ხორვატები განადგურებულნი იყვნენ, ხოლო მეფე პეტარ სვაჩიჩი ბრძოლაში დაეცა. მის პატივსაცემად გვოზდის მთა დღეს „პეტროვა გორად“ არის ცნობილი, ხოლო ახლოს მდებარე ქალაქს პეტრინია ეწოდება.
გამარჯვების შემდეგ კალმანმა თავი ხორვატიის მეფედ გამოაცხადა, რამაც გამოიწვია მისი ძმის, ალმოშის, მორიგი, მაგრამ უშედეგო შეთქმულება, რომელიც კვლავ ხორვატიის ტახტზე პრეტენზიას აცხადებდა. რამდენიმე წლის შემდეგ კალმანმა დიდ წარმატებას მიაღწია და ხორვატიის ადრიატიკის სანაპიროც თავისი კონტროლის ქვეშ მოაქცია. 1102 წელს, ხელშეკრულებით, რომელიც ჩვეულებრივ „Pacta Conventa“-ს სახელით არის ცნობილი, ხორვატმა დიდებულებმა უნგრეთთან დინასტიური უნია აღიარეს (ამ დოკუმენტის ისტორიული მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ მასში ჩამოთვლილია 13 მთავარი ხორვატული ტომი). იმავე წელს კალმან წიგნისმოყვარული ბიოგრად-ნა-მორუში ხორვატიის მეფედ ეკურთხა. 1105 წლისთვის მის მმართველობას ცნობდნენ გავლენიანი სავაჭრო ქალაქებიც, როგორებიც იყვნენ სპლიტი და ზადარი. ამის სანაცვლოდ, მან დაჰპირდა, რომ უზრუნველჰყოფდა ხორვატიის თვითმმართველობას ბანის (სამეფო გუბერნატორის) მმართველობის ქვეშ და პატივს სცემდა ხორვატიის სამეფოს ყველა უფლებას, კანონსა და პრივილეგიას. პეტარი იყო ხორვატიის უკანასკნელი მკვიდრი მეფე, ხოლო უნგრეთის სამეფოსთან პირადი უნია 1918 წლამდე გაგრძელდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Державин Н. С. Славяне в древности. — 1945.
- Фрейдзон В. И. История Хорватии. Краткий очерк с древнейших времён до образования республики (1991 г.) — СПб.: Алетейя, 2001.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Петар Свачич на сайте royalcroatiaდაარქივებული 2009-05-06 საიტზე Wayback Machine.