შინაარსზე გადასვლა

პეტას ბრძოლა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტას ბრძოლა

პეტას ბრძოლასაბერძნეთისა და ოსმალეთის იმპერიის ძალებს შორის შეტაკება, რომელიც მოხდა 1822 წლის 16 ივლისს (ძველი სტილით4 ივლისს), სოფელ პეტას მახლობლად, ეპიროსის რეგიონის ბორცვზე. საბერძნეთის მხარეს იბრძოდნენ ბერძენი მებრძოლები და ფილელენები ალექსანდროს მავროკორდატოსისა და მარკოს ბოცარისის ხელმძღვანელობით, ხოლო ოსმალთა მხარეს — ომერ ვრიონის მეთაურობით. ბრძოლა ერთ-ერთ იშვიათ საველე შეტაკებად ითვლება ბერძნებსა და ოსმალებს შორის დამოუკიდებლობის ომის პერიოდში და დასრულდა ფილელენთა ბატალიონის მასშტაბური და ტრავმული მარცხით.[1]

სულიოტებმა 1822 წლის მაის-ივნისში დაამარცხეს ხურსიდ ფაშას ჯარები და შემდგომ შეუერთდნენ პრინც ალექსანდროს მავროკორდატოსს, რომელიც საბერძნეთში, მისოლონგში გადავიდა რეგულარული ბერძნული რაზმით. ამავდროულად ხურსიდ ფაშამ დატოვა ეპიროსი და ოსმალეთის არმიის სარდლობა გადასცა ალბანელ გენერალს, ომერ ვრიონს.[2]

ბერძნებს შეუერთდა ფილელენთა ბატალიონი, რომელიც შედგებოდა გერმანელი, პოლონელი, შვეიცარიელი, ფრანგი და იტალიელი მოხალისეებისგან. ამ რაზმის შტაბის უფროსად დაინიშნა ვიურტემბერგის არმიის ყოფილი ოფიცერი — კარლ ფონ ნორმან-ერნფელსი.[3] იტალიელი, გერმანელი და ფრანგი მოხალისეების ნაწილი ნაპოლეონის ომების ვეტერანები იყვნენ და ბერძნული არმიის რაზმებს დასავლური ტიპის საბრძოლო მეთოდებს ასწავლიდნენ.[4]

თუმცა, ფილელენთა შორის ერთიანობა არ არსებობდა — ერთ-ერთ დუელში გერმანელმა მოხალისემ ფრანგი მოკლა.[5] ფრანგი ფილელენი ჟან-ფრანსუა-მაქსიმ რეიბო წერდა:

ვიკიციტატა
„ძალიან რთული იყო მამაკაცების მომზადება მკაცრი და ზუსტი სამხედრო წესების, რიგის დისციპლინისა და ინსტრუქციის სისტემური სარგებლის შესაბამისად, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს ადამიანები ევროპელები იყვნენ ზოგადად რთული ხასიათით და განსხვავებული ჩვევებით, განათლებით, ენითა და იარაღით[6]

მავროკორდატოსის ძალა დაახლოებით 2,000 კაცს შეადგენდა (რეგულარული და არარეგულარული ჯარები), ხოლო ოსმალთა არმია რიცხობრივად უპირატესობით სარგებლობდა — 10,000 (ზოგი ცნობით — 14,000) თურქისა და ალბანელისგან შედგებოდა.[7][6]

მავროკორდატოსმა თავისი ჯარები განათავსა სოფელ პეტას დასავლეთ და აღმოსავლეთ ბორცვებზე. სოფელი მდებარეობდა დაბალ გორაკზე, სანაპირო ველის დასაწყისში.[8]

აღმოსავლეთ, მაღალ ბორცვზე, მარჯვენა ფლანგზე იდგა გოგოს ბაკოლასის ძალები, ცენტრში — ვარნაკიოტისისა და ვლახოპულოსის რაზმები, ხოლო მარცხენა ფლანგზე მარკოს ბოცარისი. დასავლეთ, დაბალ ბორცვზე იდგნენ ფილელენები და ბერძენი რეგულარები იტალიელი კაპიტნის, ტარალას ხელმძღვანელობით; მარჯვენა ფრთაზე იონიის კუნძულების მოხალისეები (ბრიტანეთის პროტექტორატიდან), ხოლო მარცხენა ფრთაზე — იტალიელი დანიას ხელმძღვანელობით მოქმედი ფილელენები.[9]

ბაკოლასი და ბოცარისი ძველი მეტოქეები იყვნენ — ორივენი კლეფტები (რაზმის ლიდერი ბანდიტები) და მავროკორდატოსი ცდილობდა მათ შორის მანძილი რაც შეიძლება შორს განესაზღვრა ერთმანეთისგან, რადგან ორმხრივ სიძულვილს შორის ღია კონფლიქტი არ გამოერიცხებოდა.[9]

ბერძნული ძალები დაბანაკებულნი იყვნენ სოფელ პეტაში, არტას რეგიონში, როდესაც მათზე ოსმალთა არმიამ, რომლის რიცხოვნობა შეადგენდა 7,000–8,000 ჯარისკაცს, შეტევა წამოიწყო.[10]

ოსმალებმა შეტევა გამთენიისას, ნახევარმთვარისებრი ფორმაციით განახორციელეს, მარჯვენა ფლანგზე 600 მხედრით, რომლებიც დასავლეთ ბორცვისაკენ დაიძრნენ.[9] მათ გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პირველ ეტაპზე ბერძნებმა ცეცხლი არ გახსნეს. როდესაც ოსმალთა მხედრობა ბორცვთან ასეულ ფუტამდე მიუახლოვდა ბერძნებს, ფილელენებმა და ბერძნულმა რეგულარულმა ჯარმა მძლავრი ცეცხლი გახსნა, რაც მოწინააღმდეგისთვის მომაკვდინებელი აღმოჩნდა. ოსმალები არ იყვნენ შეჩვეული დისციპლინირებულ მოწინააღმდეგესთან ბრძოლას, რის გამოც მათი რიგები სწრაფად დაიშალა.[11]

შემდეგი ორი საათის განმავლობაში ოსმალებმა რამდენჯერმე განახორციელეს შტურმი ბორცვზე, თუმცა ყოველი შეტევა მძიმე დანაკარგებითა და მათი უკუგდებით დასრულდა.[12]

აღმოსავლეთ ბორცვის ჩრდილოეთ ნაწილში ალბანელმა არარეგულარულმა ძალებმა შეტევა დაიწყეს, მაგრამ თავდაპირველად გოგოს ბაკოლასის რაზმმა ისინი უკუაგდო.[13] თუმცა ბრძოლაში ბერძნები და ფილელენები გოგოს ბაკოლასის ღალატმა გამოუცხადებელი საფრთხის წინაშე დააყენა — ბაკოლასი ყოფილ კლეფტი (ბანდიტი) და არმატოლთა კაპიტანი იყო.[2]

ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ბაკოლასმა განზრახ დაუცველად დატოვა მარჯვენა ფლანგი და არ გაუხსნია ცეცხლი ალბანელებზე, რომლებიც ამ ფლანგს უახლოვდებოდნენ. ალბანელებმა ბორცვი უკომპრომისოდ აიღეს, ხოლო ბაკოლასმა თავის ქვედანაყოფს უკან დახევა უბრძანა. ალბანელებმა მასზე შეტევა არ განახორციელეს, რაც, სავარაუდოდ, წინასწარ შეთანხმებულ ღალატს მოწმობს. ბაკოლასის ღალატმა განაპირობა აღმოსავლეთ ბორცვის ოსმალების ხელში გადასვლა.[13]

ამის შემდეგ ოსმალებმა სოფელი პეტა აიღეს და შეტევა დასავლეთ ბორცვზე მყოფ ბერძნულ ძალებზე უკნიდან განახორციელეს. ორივე მხრიდან შეტევით გარშემორტყმული ფილელენები და ბერძენი რეგულარები მთლიანად დაიშალნენ. უმეტესობა უკანასკნელად, უიმედოდ შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას ოსმალთა მხედრობისთვის, მაგრამ ისინი უმოწყალოდ განადგურდნენ.[12]

გოგოს ბაკოლასის ღალატმა საბოლოოდ განსაზღვრა ბერძნების მარცხი.

ბრძოლის დასრულებისას ფილელენთა ბატალიონმა მძიმე დანაკარგი იგემა.[1] ბრძოლისას დაიღუპნენ იტალიელი ოფიცრები დანია და ტარელა. საერთო ჯამში, 67 ფილელენი მოკლეს, მათ შორის: 34 გერმანელი, 12 იტალიელი, 9 პოლონელი, 7 ფრანგი, 1 ჰოლანდიელი და 1 უნგრელი.[14]

მიუხედავად მარკოს ბოცარისის გმირული წინააღმდეგობისა, ის და პრინცმა მავროკორდატოსი იძულებულნი გახდნენ მისოლონგში გაქცეულიყვნენ.[2]

ბრძოლის წარუმატებლობამ უარყოფითი გავლენა იქონია მავროკორდატოსის პრესტიჟზე, განსაკუთრებით იმ წრეებში, რომლებიც ბერძნული რეგულარული არმიის შექმნის აუცილებლობას უჭერდნენ მხარს. რევოლუციური ძალების სიმპათიებმა და მხარდაჭერამ გადაინაცვლა საბერძნეთის სამხედრო ლიდერებისკენ — განსაკუთრებით პელოპონესის კაპიტნებთან, მათ შორის თეოდოროს კოლოკოტრონისთან.

  • Kitromilides, Paschalis (2021). The Greek Revolution: A Critical Dictionary. Harvard University Press. ISBN 978-0674259317.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Emden, Christian and Midgley, David R. Papers from the Conference 'The Fragile Tradition' (Volume 2). Cambridge, 2002, ISBN 3-03910-169-2, გვ. 108. "The battle of Peta, one of the few actual field battles between the Greeks and the Turks in the War of Independence, was fought in 1822 on a hillside near the Epirote village of Peta and resulted in the large-scale and traumatic defeat of the Philhellenes' Battalion."
  2. 2.0 2.1 2.2 Knight, Charles. Biography: Or, Third Division of "The English Encyclopedia" (Volume 1). Bradbury, Evans & Co., 1866, გვ. 886–887. "On the taking of Jannina and the death of Ali in February 1822, the Souliotes continued the war on their own account, and being attacked by Khourshid in their mountains, they defeated him with great loss in May and June of that year. Khourshid at last quitted Epirus, leaving Omer Vrioni in command there, while at the same time Prince Mavrocordato landed at Mesolonghi with a body of regular troops in the Greek service, and being joined by Bozzaris advanced towards Arta. This movement led to the battle of Petta, on the 16th of July 1822, which the Greeks and Philhellenes lost through the treachery of Gogos, an old Kleftis and captain of Armatoles. Bozzaris, after fighting bravely, was obliged to retire with Mavrocordato to Mesolonghi."
  3. Brewer, David. The Greek War of Independence. ლონდონი: Overlook Duckworth, 2011, გვ. 146–147.
  4. Brewer, David. The Greek War of Independence. ლონდონი: Overlook Duckworth, 2011, გვ. 146.
  5. Brewer, David. The Greek War of Independence. ლონდონი: Overlook Duckworth, 2011, გვ. 148.
  6. 6.0 6.1 Brewer, David. The Greek War of Independence. ლონდონი: Overlook Duckworth, 2011, გვ. 148.
  7. Paparigopoulos, K. History of the Greek Nation (ბერძნული გამოცემა), ტომი 6, გვ. 67.
  8. Brewer, David. The Greek War of Independence. ლონდონი: Overlook Duckworth, 2011, გვ. 149.
  9. 9.0 9.1 9.2 Brewer, David. The Greek War of Independence. ლონდონი: Overlook Duckworth, 2011, გვ. 149.
  10. Army History Directorate (Greece), Hellenic Army General Staff (Greece). An Index of Events in the Military History of the Greek Nation. Hellenic Army General Staff, Army History Directorate, 1998, ISBN 960-7897-27-7, გვ. 397. "4/7/1822 19. The Battle of Peta. A force of 7,000–8,000 Turks attacked the Greek regular army and irregular units which were encamped in the village of Peta in Arta..."
  11. Brewer, David. The Greek War of Independence. ლონდონი: Overlook Duckworth, 2011, გვ. 149–150.
  12. 12.0 12.1 Brewer, David. The Greek War of Independence. ლონდონი: Overlook Duckworth, 2011, გვ. 150.
  13. 13.0 13.1 Brewer, David. The Greek War of Independence. ლონდონი: Overlook Duckworth, 2011, გვ. 150.
  14. Brewer, David. The Greek War of Independence. ლონდონი: Overlook Duckworth, 2011, გვ. 150–151.