პერფოლენტი

პერფოლენტი, პერფორაციული ლენტი — ქაღალდის, ცელულოიდის ან ლავსანის ლენტის ფორმის ინფორმაციის მატარებელი, რომელზედაც ინფორმაცია გადააქვთ პერფორაციის მეშვეობით. უფრო გავრცელებულია 0.1 მმ-მდე სისქის მკვრივი ქაღალდის პერფორაციული ლენტი, რომლის სიგანეა 17.5; 20.5; 22.5; და 25.4 მმ. პერფორაციული ლენტის ნახვრეტების ფორმა და მათი განლაგება განპირობებულია ლენტის მასალითა და პერფორატორის კონსტრუქციით. პერფორაციულ ლენტს აქვს 5-8 საინფორმაციო და ერთი სატრანსპორტო ბილიკი. ბილიკების რაოდენობა შეესაბამება ლენტზე ერთდროულად ჩასაწერი კოდის ელემენტების რაოდენობას. ინფორმაცია ლენტზე გადააქვთ მექანიკური ან ელექტრომექანიკური პერფორატორით (სიჩქარე 300 სტრიქონი წმ-ში), ხოლო ინფორმაციის ამოსაკითხავად იყენებენ ელექტრომექანიკურ ტრანსმიტერს ან ფოტოელემენტებს (სიჩქარე 3000 სტრიქონი წმ-ში). პერფორაციული ლენტის დანიშნულებაა ინფორმაციის ხანგრძლივი შენახვა და მრავალჯერადი ამოკითხვა. პერფორაციულ ლენტს იყენებენ ელექტრონულ გამომთვლელ მანქანაში ინფორმაციის შეტანა-გამოტანისათვის, სწრაფმოქმედ ტელეგრაფის აპარატებში, ტექნოლოგიურ მოწყობილობებში და სხვაგან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 39.