პერსეპოლისი (გრაფიკული რომანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პერსეპოლისი (მრავალმნიშვნელოვანი).
„პერსეპოლისი“

ავტორი მარჯან სატრაპი
ენა ფრანგული ენა
გამომცემელი L'Association
გამოცემის თარიღი 2000-2003
მთარგმნელი მიხეილ ციხელაშვილი
ქართულად გამოიცა 2015 (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
გვერდი 360 (ქართული გამოცემა)

„პერსეპოლისი“ ― ირანული წარმოშობის ფრანგი მწერლის, მარჯან სატრაპის ავტობიოგრაფიული გრაფიკული რომანი.

„პერსეპოლისი“ ავტორის ბავშვობისა და ახალგაზრდობის შესახებ გვიყვება, რომელიც ირანისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან პერიოდს – შაჰის ჩამოგდებას, 1979 წლის ისლამურ რევოლუციას და ერაყთან ომს – დაემთხვა. სატრაპი საკუთარი თავისა და ოჯახის მაგალითზე გვიამბობს, თუ როგორ აისახებოდა ისლამისტური რეპრესიები, ომი და რელიგიური ტერორი რიგითი ირანელი ადამიანების ცხოვრებაზე.[1] ირანის მთავრობამ რომანს ისლამოფობიური უწოდა.[2]

„პერსეპოლისი“ თავდაპირველად 2000-2003 წლებში ფრანგულ ენაზე ოთხ ნაწილად გამოიცა. 2003-2004 წლებში რომანები ინგლისურად ითარგმნა და ორ ნაწილად გამოქვეყნდა: „პერსეპოლისი“ და „პერსეპოლისი 2“. ქართულ ენაზე რომანი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ 2015 წელს მიხეილ ციხელაშვილის თარგმანით გამოსცა.[1]

2018 წელს მსოფლიოს მასშტაბით გრაფიკული რომანის 2 მილიონზე მეტი ეგზემპლიარი იყო გაყიდული.[3] 2019 წელს ჟურნალ The Guardian-ის სიაში „XXI საუკუნის 100 საუკეთესო წიგნი“ „პერსეპოლისი“ 47-ე ადგილზე მოხვდა.[4]

პერსეპოლისი ირანის ძველბერძნული სახელწოდებაა. მწერლის მიზანი იყო სათაურის საშუალებით მკითხველისთვის შეეხსენებინა, რომ ამჟამინდელი ირანის ისტორია ათასეულობით წლებს ითვლის და მხოლოდ ბოლო დროს მომხდარი მოვლენების საფუძველზე ქვეყნის განსაზღვრა და შეფასება არაა მართებული.[5]

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაწარმოების დასაწყისში მკითხველი მარჯანს, ათი წლის პროტაგონისტს ეცნობა, რომელიც ირანის დედაქალაქ თეირანში ცხოვრობს. მოქმედება 1980 წელს მიმდინარეობს. რომანის ამ ნაწილში მწერალი აღგვიწერს საკუთარ ბავშვობას, რომელიც ისლამური რევოლუციისა და ერაყთან ომის პერიოდს დაემთხვა. იგი მოგვითხრობს, თუ რა გავლენას ახდენდა ომი და რელიგიური ექსტრემიზმი რიგით ირანელებზე.

მარჯანი ზედა საშუალო კლასის ოჯახში იზრდებოდა, ამიტომაც მას ხელი მიუწვდებოდა ისეთ საგანმანათლებლო საშუალებებზე, როგორიცაა წიგნი და რადიო, რისი საშუალებითაც იგი დასავლურ პოლიტიკურ ფილოსოფიებს ეცნობოდა. იგი კითხულობდა ფიდელ კასტროს, მარქსის, დეკარტის და ირანელი რევოლუციონერების შესახებ. სხვადასხვა ფილოსოფოსთა მოსაზრებების გაცნობის შემდეგ პატარა მარჯანი აცნობიერებს რევოლუციის მოტივებს და მშობლებთან ერთად დემონსტრაციებზე სიარულს მოისურვებს, რომლებიც შაჰის გადადგომის მოთხოვნით იმართებოდა.

ქვეყნიდან შაჰის გაქცევის შემდეგ ირანულ საზოგადოებაში რელიგიური ექსტრემიზმი კიდევ უფრო იზრდება, რაც მეტად ამწუხრებს მარჯანს. მისი ინტერესი პოლიტიკის მიმართ ღრმავდება, როცა მის ოჯახს ბიძია ანუში ეწვევა და მარჯანს თავისი ცხოვრების შესახებ უამბობს. იგი, როგორც რევოლუციონერი კომუნისტი, ცხრა წლის მანძილზე იყო დაპატიმრებული. ირანში დამბრუნებულ ანუშს ჯაშუშობის ბრალდებით კვლავ აპატიმრებენ და პოლიტიკური შეხედულებების გამო სიკვდილით სჯიან.

ახლადჩამოყალიბებული ისლამური სახელმწიფოს მთავრობამ ქვეყანაში ძირეული რეფორმების გატარება დაიწყო, რომლებიც მკვეთრად ზღუდავდა მოსახლეობის სოციალურ თავისუფლებას. განსაკუთრებით შეიზღუდა ქალთა უფლებები, რომელთაც საზოგადოებრივ სივრცეში ჩადრის გარეშე გამოსვლა აეკრძალათ. ახალი ისლამური სახელმწიფოს რეპრესიული რეჟიმის გამო მრავალი ირანელი, მათ შორის მარჯანის ოჯახის არაერთი მეგობარი საცხოვრებლად ევროპასა და აშშ-ში გადავიდა.

ოჯახთან ერთად ევროპაში ხანმოკლე მოგზაურობიდან სამშობლოში დაბრუნებული მარჯანი იგებს, რომ ირანმა ერაყის წინააღმდეგ ომი გამოაცხადა. ერაყელთა საჰაერო თავსასხმების სამიზნე ჯერ სასაზღვრო ქალაქები, შემდეგ კი თეირანი გახდა. დაბომბვის დროის მოსახლეობა სარდაფებს აფარებდა თავს. პოლიტიკური ქაოსისა და მიმდინარე ომის მიუხედავად, მარჯანის ოჯახი ფარულად მაინც გამოხატავდა ახალი რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობას. გოგონას მშობლები წვეულებებს აწყობდნენ და ალკოჰოლს მოიხმარდნენ, რაც აკრძალული იყო ქვეყანაში.

ომი თანდათან უფრო და უფრო ინტენსიური ხდებოდა. ერთ დღეს, ერაყელთა ბალისტიკურმა რაკეტამ მარჯანის მეზობლების სახლი ააფეთქა, რამაც გოგონაზე დიდი ფსიქოლოგიური ზეგავლინა მოახდინა. იგი თამამად იწყებს სკოლაში პოლიტიკური რეჟიმის მიმართ პროტესტის გამოხატვას. მისი მშობლები მის უსაფრთხოებაზე ღელავენ, ამიტომ გადაწყვეტენ გოგონა ომსა და ისლამურ რეჟიმს განარიდონ და ავსტრიაში გააგზავნონ. რომანის პირველი ნაწილი მარჯანის ევროპაში გამგზავრებით სრულდება.

დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვენაში მარჯანი ახალ ცხოვრებას იწყებს. თავდაპირველად იგი დედის მეგობართან ცხოვრობს, ეს უკანასკნელი კი მას მონაზვნების პანსიონატში გაგზავნის. მარჯანიი ევროპულ კულტურასთან ასიმილირებას ცდილობს. სწავლობს გერმანულს, იჩენს მეგობრებს და შობასაც აღნიშნავს. მარჯანს პანსიონატში დიდხანს არ უცხოვრია. იგი მონაზვნისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო გააგდეს, რომელმაც მასზე ქსენოფობიური კომენტარი გააკეთა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 „პერსეპოლისი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
  2. Hattenstone, Simon (29 March 2008). „Confessions of Miss Mischief“. The Guardian. ციტირების თარიღი: 7 November 2012.
  3. The Graphic Translation of Persepolis en-US. ციტირების თარიღი: 2019-04-24
  4. „The 100 best books of the 21st century“. The Guardian. 2019-09-21. ციტირების თარიღი: 22 September 2019.
  5. Jones, Vanessa E. (4 October 2004). „A life in graphic detail: Iranian exile's memoirs draw readers into her experience“. The Boston Globe.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]