პერვინ ბულდანი
| პერვინ ბულდანი | |
|---|---|
| ქურთ. Pervin Buldan | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 6 ნოემბერი, 1967 (59 წლის) |
| დაბადების ადგილი | ჰაქარი |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | სტამბოლის უნივერსიტეტი |
| მეუღლე/ები | Savaş Buldan |
პერვინ ბულდანი (თურქ. Pervin Buldan, დ. 6 ნოემბერი, 1667, ჰაქიარი) — ქურთული წარმოშობის თურქი პოლიტიკოსი. 2018 წლის თებერვალში, ხალხთა დემოკრატიული პარტიის III ყრილობაზე, არჩეულ იქნა მის თანათავმჯდომარედ.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1967 წელს ქალაქ ჰაქიარიში. იქვე დაამთავრა სკოლა.[1] 19 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, სავაშ ბულდანს. 1990 წელს მეუღლეები სტამბოლში გადავიდნენ საცხოვრებლად. ამ პერიოდში პერვინ ბულდანი დიასახლისი იყო. ერთი წლის შემდეგ პერვინმა პირველი შვილი გააჩინა, რომელსაც ნეჯირვანი დაარქვეს. სავაშ ბულდანი ბიზნესით იყო დაკავებული, თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური მას ნარკოვაჭრობასა და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) ფინანსურ მხარდაჭერაში ადანაშაულებდა.
1993 წელს პრემიერ-მინისტრმა თანსუ ჩილერმა განაცხადა, რომ მთავრობას აქვს იმ ბიზნესმენების სია, რომლებიც მხარს უჭერენ „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ (PKK). ამ განცხადების შემდეგ სავაშ ბულდანმა მრავალი მუქარის შემცველი სატელეფონო ზარი მიიღო. 1994 წლის 3 ივნისს სავაშ ბულდანი და მისი ორი მეგობარი, ადნან ილდირიმი და ჰაჯი კარაი, იეშილქოიში მდებარე სასტუმრო „ჩინარიდან“ გამოსვლის შემდეგ რვა პოლიციელმა გაიტაცა. მეორე დღეს მათი ცხედრები მდინარე მელენის შესართავთან იპოვეს. ცხედრებს წამების კვალი ეტყობოდა, ხოლო სიკვდილი თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად იყო დამდგარი. იმავე დღეს, 1994 წლის 4 ივნისს, პერვინ ბულდანმა მეორე შვილი, გოგონა გააჩინა, რომელსაც ზელალი დაარქვეს.[2]
2001 წელს პერვინ ბულდანმა დააარსა და სათავეში ჩაუდგა ორგანიზაცია „იაქაი-დერს“ (Yakay-Der) — გაუჩინარებულ ადამიანთა ოჯახების სოლიდარობისა და დახმარების ასოციაციას, რომლის მიზანიც თურქეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ძებნაა. „იაქაი-დერის“ დაარსებამდე პერვინ ბულდანი მუშაობდა „მაგ-დერში“ (Mag-Der) — მსგავსი მიზნების მქონე ასოციაციაში, რომელიც თურქეთის მთავრობამ ასოციაციების შესახებ კანონის დარღვევის მიზეზით დახურა.
„იაქაი-დერის“ შექმნისკენ პერვინ ბულდანს აქტივისტთა ჯგუფმა, „შაბათის დედებმა“ უბიძგა, რომლებიც ყოველ შაბათს მართავენ აქციას, რათა თურქული საზოგადოების ყურადღება მიაპყრონ 1980-1990-იან წლებში თურქეთის სპეცსამსახურების მიერ ადამიანების გატაცებისა და მკვლელობის პრობლემას.[3]
2007 წელს, როგორც უპარტიო კანდიდატი, პერვინ ბულდანი თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში (პარლამენტში) აირჩიეს.
2013 წელს მან მოინახულა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) ლიდერი აბდულა ოჯალანი, რომელიც კუნძულ იმრალის ციხეში იმყოფება.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Sibel Hurtas (2015-03-10). „From housewife to Kurdish peace negotiator“. Al Monitor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-23. ციტირების თარიღი: 2015-03-21.
- ↑ Pervin Buldan - Turkey. World People's Blog (2008-01-29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2009-08-18
- ↑ International Conference on Turkey, the Kurds and the EU. EU Turkey Civil Commission (2004-11-22). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-26. ციტირების თარიღი: 2009-08-18
- ↑ BDP’s visit to Öcalan takes place without Demirtaş. Hurriyet Daily News (2013-10-10). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-19. ციტირების თარიღი: 2013-11-25