შინაარსზე გადასვლა

პელოპი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პელოპი (ძვ.ბერძ. Πελοψ-οπος) - ლიდიელი გმირი, მცირე აზიის მმართველის, ტანტალოსის ვაჟი, ნიობეს ძმა, ატრევსის მამა, ჰიპოდამიას ქმარი, ელიდისა და არქოსის მეფე. [1] 

მითის თანახმად, ტანტალოსმა საკუთარი ვაჟი, პელოპი ნაკუწებად დაჭრა და სტუმრად მიწვეულ ღმერთებს სუფრაზე მიართვა. ღმერთები მიხვდნენ, თუ რაში იყო საქმე და უცნაურ კერძს პირი არ დააკარეს; მხოლოდ თავისი ქალიშვილის, პერსეფონეს დაკარგვით გაბრუებულმა დემეტრემ ვერ მიაქცია ყურადღება ამ ამბავს და ერთი ნაჭერი შეჭამა.[2] ღმერთებმა, რომლებიც უარყოფდნენ ადამიანთა მსხვერპლად შეწირვას, ჰერმესს უბრძანეს ყმაწვილის გაცოცხლება. ჰერმესმა შეაკოწიწა პელოპის ნაჭრები, დემეტრეს მიერ შეჭმული ბეჭის ნაწილის მაგივრად გამოიყენა სპილოს ძვალი, ეს ნაწილები ჩააწყო დიდ ქვაბში და დაუწყო ხარშვა. რამდენიმე ხნის შემდეგ გაცოცხლებული პელოპი წამოდგა, თუმცა მას ბეჭზე ეტყობოდა თეთრი ნიშანი. გადმოცემის თანახმად, პელოპის ყველა შთამომავალს ბეჭზე თეთრი ლაქა სწორედ ამის გამო ჰქონდა.[3]

ტანტალოსის ასეთი მოქმედების მიზეზად ადრე მიიჩნეოდა ღმერთებისადმი მისი დიდი პატივისცემა, ხოლო მოგვიანებით მიიჩნიეს, რომ ეს ტანტალოსმა ჩაიდინა ღმერთების გამოსაცდელად, რისთვისაც იგი დაისაჯა ჰადესში ჩაგდებით. არსებობს ვარაუდი, რომ მითის ეს ვერსია შეიქმნა იმ ეპოქაში, როდესაც ადამიანთა მსხვერპლად შეწირვა ნელ-ნელა იკრძალებოდა.[4]

პელოპმა ცოლად შეირთო პისის მეფის, ენომაოსის ქალიშვილი - ჰიპოდამია. როდესაც პელოპი გახდა სახელმწიფოს მმართველი, მას პირობის თანახმად სახელმწიფოს ნახევარი უნდა დაეთმო მირტილოსისათვის, თუმცა პელოპს ამის გაკეთება არ სურდა, ამიტომ მან მირტილოსი კლდიდან ზღვაში გადააგდო. სიკვდილის წინ მან პელოპი და მთელი მისი შთამომავლობა დაწყევლა.

პელოპს ჰიპოდამიასგან შეეძინა ატრევსი, ალკათოოსი და თიესტე. ოლიმპიაში არსებობდა მისი კულტი. მითის მიხედვით, პელოპი დიდი ხნის მეფობის შემდეგ გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული. იგი დიდი პატივით დაასაფლავეს.[5]

  1. ნოდარ გაფრინდაშვილი (1972). რედ. აკაკი ურუშაძე: მითოლოგიური ლექსიკონი. "განათლება", გვ. 243. 
  2. ნოდარ გაფრინდაშვილი (1972). რედ. აკაკი ურუშაძე: მითოლოგიური ლექსიკონი. "განათლება", გვ. 243. 
  3. ნოდარ გაფრინდაშვილი (1972). რედ. აკაკი ურუშაძე: მითოლოგიური ლექსიკონი. "განათლება", გვ. 243. 
  4. ნოდარ გაფრინდაშვილი (1972). რედ. აკაკი ურუშაძე: მითოლოგიური ლექსიკონი. "განათლება", გვ. 243-244. 
  5. ნოდარ გაფრინდაშვილი (1972). რედ. აკაკი ურუშაძე: მითოლოგიური ლექსიკონი. "განათლება", გვ. 244.