პეკინესი
წარმოშობის ქვეყანა | ჩინეთი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
| |||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
პეკინესი (ჩინ.: 北京狗, ინგლ. Pekingese; ასევე ცნობილი, როგორც ლომი ძაღლი, პეკინის ლომი ძაღლი ან პეკე) — უძველესი დეკორატიული ჯიშის ძაღლი ჩინეთიდან. ხშირად მას ლომ-ძაღლსაც უწოდებენ, რადგან ძალიან ჰგავს ჩინურ არქიტექტურულ ორნამენტებზე გამოსახულ ე. წ. ჩინურ მცველ ლომებს.
წარმოადგენდა ჩინეთის საიმპერატორო კარის ფავორიტ ჯიშს; იყო მათი კომპანიონი ოთახის ძაღლი. სახელი მომდინარეობს ქალაქ პეკინიდან, სადაც აკრძალული ქალაქიც მდებარეობს. უნიკალური გარეგნობიდან გამომდინარე, ამ ჯიშისთვის დამახასიათებელია რამდენიმე თავისებურება და ჯანმრთელობის საკითხები. სასურველ მახასიათებელთა გამო, პეკინესთან შეჯვარებით შეიქმნა რამდენიმე ახალი ჰიბრიდული ჯიში, მაგალითად, პეკაპუ (პუდელთან შეჯვარებით) და პეკ-ა-ტიზი (მალტეზესთან შეჯვარებით).
ჯიში სათავეს იღებს დასავლეთ ჩინეთიდან.
გარეგნობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯიშის ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი მახასიათებელია ბრტყელი სახე და დიდი თვალები. ტანი პატარა და დაბალია. ამავე დროს, პეკინესს აქვს კუნთიანი და მტკიცე სხეული.[1] ჯიშის უჩვეულო, გორაობის მსგავსი სიარული უძველეს დროში შეიძლება მომშენებლებმა განზრახ გამოიყვანეს, რათა სამეფო ძაღლებს გაქცევა არ შეძლებოდათ.
ბეწვის საფარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯიში გამოირჩევა ფერთა მრავალი კომბინაციით. პეკინესთა უმეტესობა ოქროსფერი, წითლი ან მოშავოა. ასევე დამახასიათებელია კრემისფერი, შავი, თეთრი, ჟღალი, შავი-ჟღალი, მოლურჯო ან ფიქალისფერი რუხი ფერები. ამ უკანასკნელი ფერის ძაღლებს ხშირად აქვთ სუსტი პიგმენტაცია და პატარა თვალები. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ალბინოსი (თეთრი ძაღლი ვარდისფერი თვალებით) პეკინესის გაზრდისას, რადგან ალბინიზმთან დაკავშირებულია ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები.
პეკინესებს აქვთ როგორც შავი, ისე საკუთარი ბეწვის ფერის სახე. მიუხედავად ბეწვის ფერისა, დრუნჩის, ცხვირის, ტუჩებისა და ქუთოთოების ფერი მაინც შავია. ესაჭიროებათ ხშირი ვარცხნა.
პეკინესის წონა 3,2-დან 6,4 კგ-მდე მერყეობს, ნიდაოსთან სიმაღლე 15-23 სმ, თუმცა არიან უფრო პატარებიც. პატარა პეკინესებს სახელოს პეკინესებს უწოდებენ. ეს სახელი უძველესი დროიდან მოდის, როდესაც იმპერატორებს ყველაზე პატარა პეკინესები ტანსაცმლის სახელოთი დაჰყავდათ. 6,8 კგ-ზე მეტი წონის პეკინესებს ძაღლების შოუებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ. პეკინესის სიგრძე მკერდიდან დუნდულებამდე ოდნავ მეტია, ვიდრე მისი სიმაღლე. ზოგადი პროპორციაა 3 სიმაღლე 5 სიგრძეზე.
ჯანმრთელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაერთიანებული სამეფოს კინოლოგიური კლუბის მონაცემებით, პეკინესის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 11,4 წელია.[2]
სხვა მრავალი ოთახის ძაღლის ჯმსგავსად, პეკინესის სიკვდილის ძირითადი მიზეზი ტრავმაა.[3] შინაგან ორგანოებში კი ყველაზე გავრცელებულია ნევროლოგიური და გულ-სისხლძარღვთა პრობლემები,[3] მათ შორის გულის უკმარისობა. ადრეული დიაგნოზისა და შესაბამისი წარმატებული მკურნალობის შემდეგ, ამ პრობლემების მქონე პეკინესები კიდევ მრავალ წელს ცოცხლობენ. პრობლემის პოტენციური ნიშანია გულის ფრიალი, რის შემდეგაც დიაგნოზი ვეტერინარმა ან კარდიოლოგმა უნდა დასვას. ძალიან ხშირად, პრობლემები თავს არ იჩენს 6 წლის ასაკამდე, შესაბამისად, ლეკვებში რაიმე პრობლემის შემჩნევა ძალიან რთულია.
ჯიშის სხვა მთავარ პრობლემებს შორის არის თვალებისა და სუნთქვის პრობლემები, რისი მიზეზიც მათი ციცქნა თავის ქალა და ბრტყელი სახეა. პეკინესისთვის ასევე პრობლემაა კანის ალერგიები. განსაკუთრებით გავრცელებული პრობლემაა თვალის რქოვანას წყლულები, რაც სპონტანურად უჩნდებათ. პეკინესს ასევე შეიძლება განუვითარდეს მშრალი თვალის რეტინის პროგრესული ატროფია,[4] ისევე როგორც გლაუკომა, რომლის დროსაც თვალს წნევა აწვება, რაც თვალში სითხის დრენაჟს იწვევს. მსგავსი დარღვევების გამომწვევი მთავარი მიზეზია თვალის ფილტრაციის კუთხეების არასწორი განვითარება.[5]
პეკინესის გარეთ ყოლა დაუშვებელია. იმის გამო, რომ გაბრტყელებული სახე და ცხვირი აქვთ, რაც მათ სუნთქვის პრობლემებს უქმნის, ცივ და ცხელ ამინდში უჭირთ სხეულის ტემპერატურის დარეგულირება. გამომდინარე იქიდან, რომ ზურგი ფეხებთან შედარებით საკმაოდ გრძელი აქვთ, ხშირია მისი დაზიანება. სიფრთხილეა საჭირო ხელში აყვანისას, რადგან საჭიროა ზურგს შესაბამისად მოვეპყრათ — ერთი ხელი მკერდქვეშ უნდა ამოვდოთ, მეორე კი მუცლის. მოკლე ფეხების გამოზოგიერთ პეკინესს განსაკუთრებით უჭირს კიბეებზე მოძრაობა; ასვლა-ჩასვლა განსაკუთრებით უჭირთ ხნიერ ძაღლებს.
მოვლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იმისათვის, რათა პეკინესის ბეწვი ჯანმრთელი და წარმოსადეგი იყოს, საჭიროა ყოველდღიური ვარცხნა და გრუმერთან ვიზიტი ყოველ 8-12 კვირაში. ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ახალ მესაკუთრეებს უნდა ახსოვდეთ, არის ის, რომ შეკრეჭილი ბეწვი გაცილებით ნაკლებ მოვლას მოითხოვს. ასევე მნიშვნელოვანია, თვალები და სახის ნაოჭები ყოველდღე გავუსუფთაოთ ჩაცვენილი უცხო სხეულებისგან. გარდა ამისა, აუცილებელია სუფთა და დავარცხნილი ჰქონდეთ ბეწვი დუნდულების მიდამოებში.
უხვი ბეწვის გამო, პეკინესისთვის მნიშვნელოვანია სიგრილე. დიდი ხნის განმავლობაში მაღალ ტემპერატურაში ყოფნისას, ეს ჯიში მიდრეკილია გულის შეტევებისკენ.
პეკინესისთვის საჭირო ფიზიკური აქტივობა მინიმალურია. უკიდურესად პატარა დინგის გამო, მაღალია სუნთქვის სირთულეების რისკი.[6] ამის გამო, დღეში 30 წუთიანი ფიზიკური დატვირთვა სრულიად საკმარისია, რათა ისინი ჯანმრთელნი იყვნენ. ამ დროს მნიშვნელოვანია დაკვირვება ძაღლის სუნთქვაზე, განსაკუთრებით სიცხეში. თუკი პეკინესი ხრიალებს, ფიზიკური დატვირთვა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. სირბილის შემდეგ, პეკინესები ცივ ადგილას ისვენებენ იქამდე, ვიდრე სუნთქვა ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება. გადაუხრებისა და გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად, დატვირთვის დაწყებამდე, პროცესში და შემდეგ, აუცილებელია დიდი ოდენობით სასმელი წყალი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯიში სათავეს იღებს ჩინეთიდან, სადაც მისი ყოლის უფლება მხოლოდ საიმპერატორო სასახლის წევრებს ჰქონდათ.
1860 წელს, ოპიუმის მეორე ომის დროს, პეკინის ზაფხულის ძველი სასახლე ბრიტანეთისა და საფრანგეთის ჯარების კონტინგენტმა დაიკავეს. იმპერატორი სიანფენი მთელ სამეფო კართან ერთად ქალაქ ჩენდეში გაიქცა. თუმცა, სასახლეში დარჩენილი იყო იმპერატორის მოხუცი მამიდა. ბრიტანელი და ფრანგი ჯარისკაცების შესვლისას, მან თავი მოიკლა. ქალის ცხედარს თავს დასტრიალებდა ხუთი პეკინესი. იქამდე, ვიდრე სასახლეს გადაწვავდნენ, მოკავშირეებმა ძაღლები გაიყვანეს.[7]
ერთი წყვილი ლორდმა ჯონ ჰეიმ წაიყვანა (მოგვიანებით დაარქვეს შლოფი და ჰაიტიენი) აჩუქა თავის დას, ველინგტონის ჰერცოგინიას, ველინგტონის მე-3 ჰერცოგის, ჰენრი უელსლის ცოლს. მეორე წყვილი სერ ჯორჯ ფიცროიმ თავის ბიძაშვილებს წაუყვანა, რიჩმონდისა და გორდონის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას. მეხუთე პეკინესი ლეიტენანტმა დიუნმა გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ვიქტორიას აჩუქა, რომელმაც მას ლუტი დაარქვა.[8][9]
მოგვიანებით, ჩინეთის ქალმა იმპერატორმა ცისიმ რამდენიმე პეკინესი აჩუქა რამდენიმე ამერიკელს, მათ შორის ბანკირ ჯონ პირპონტ მორგანსა და თეოდორ რუზველტის ქალიშვილს, ელაის რუზველტს, რომელმაც ძაღლს მანჩუ დაარქვა.
ირლანდიაში პირველი პეკინესი დოქტორმა ჰიუსტონმა შეიყვანა. მან ჩინეთში ყვავილის ვაქცინაციის კლინიკები გახსნა, რასაც უზარმაზარი დადებითი შედეგი მოჰყვა. მადლობის ნიშნად, მინისტრმა ლი ხუნჯანმა მას პეკინესის წყვილი აჩუქა. ექიმმა მათ ჩანგი და ლედი ლი დაარქვა. მოგვიანებით, დოქტორმა ჰიუსტონმა ქალაქ გრეისტოუნსში ძაღლების თავშესაფარი გახსნა.[9]
XX საუკუნის დასაწყისში, პეკინესი საკმაოდ პოპულარული გახდა დასავლეთის ქვეყნებში. ამ ჯიშის ძაღლები ჰყავდათ მოდის ისეთ კანონმდებლებს, როგორებიც იყვნენ ალექსანდრა დანიელი (გაერთიანებული სამეფოს მეფე ედუარდ VII-ის ცოლი) და პოპულარული ამერიკელი ინტერიერის დეკორატორი ელაის დე ვოლფი. მოგვიანებით, პეკინესი ჰყავდა ინგლისელ მწერალ რამერ გოდენს, რომელიც ავტობიოგრაფიაში წერდა: „მხოლოდ დიდი ძაღლები მიყვარს, მაგრამ არის ერთი პატარა ჯიში ისეთი მახასიათებლებით, რომ შეუძლებელია მისი გვერდის ავლა; პეკინესი მხოლოდ ძაღლი არ არის, ის რაღაც მეტია“.[10] პეკინესის პატრონი იყო ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი ობერონ ვოც, რომელმაც ერთხელ დაიტრაბახა, რომ მის ძაღლს მასავით უყვარს The Daily Telegraph-ი და სძულს The Sunday Times-ი.
ბოლო წლებში, პეკინესის პოპულარობამ იკლო, რადგან იგი ერთგვარად დაჩრდილა მსგავსმა ჯიშმა — ში-ტცუმ.[11]
სახელოს პეკინესი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1948 წელს კლიფორდ ჰაბარდმა გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ძაღლები ბრიტანეთში, ბრიტანეთის ყველა ადგილობრივი და ყველაზე უცხოური ძაღლების აღწერა. ნაშრომის მიხედვით, სახელოს პეკინესი არის სტანდარტული ზომის ძაღლის მინიატურა, რომელსაც მინიატურულ პეკინესსაც უწოდებდნენ. სახელი მომდინარეობს ჩინეთის საიმპერატორო კარის წევრების ჩვეულებიდან, რომლის მიხედვითაც, პატარა ძაღლებს ისინი მანტიის სახელოებით ატარებდნენ.
როგორც ჰაბარდი მიუთითებს, ეს ტრადიცია ადრეულ იტალიაში გამოჩნდა და შემდეგ შეითვისეს ჩინეთის საიმპერატორო კარზე. ამის გამო, ისინი ცდილობდნენ, პეკინესები რაც შეიძლება პატარა ზომის გამოეყვანათ. ზრდის შესაჩერებლად მრავალ ხერხს მიმართავდნენ; მათ შორის, ლეკვებს ასმევდნენ ბრინჯის ღვინოს, ახლად დაბადებულებს საათების განმავლობაში კრავდნე მჭიდროდ, აცმევდნენ სპეციალურად დაწნულ მჭიდრო ჟილეტებს. ეს პრაქტიკა მოგვიანებით იმპერატორმა ცისიმ აკრძალა.
ჰაბარდის დროს, სახელოსას უწოდებდნენ მინიატურულ პეკინესს, რომელთა წონაც 2,7—3,1 კგ-ს არ აჭარბებდა, ხშირად კი ისინი 1,3—1,8 კგ-ს იწონიდნენ. როგორც იგი შენიშნავს, მინიატურული ინდივიდი შეიძლება გაუჩნდეს სტანდარტული ზომის პეკინესს. 1946 წლისთვის, ბრიტანეთში მინიატურულ პეკინესებს შორის ყველაზე პოპულარული ფერი იყო კრემისფერი და თეთრი, განსაკუთრებით მიმზიდველად კი მაინც თეთრი მიიჩნეოდა.
ლეგენდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პეკინესის შესახებ არსებობს ორი უცნაური ლეგენდა. მათ შორის უფრო პოპულარულია ლეგენდა ლომისა და ანთარი მაიმუნის შესახებ.
- ლომს და ანთარს ერთმანეთი შეუყვარდათ. თუმცა, ლომი ძალიან დიდი იყო. ამის გამო, იგი ბუდასთან მივიდა და თავის გასაჭირის შესახებ უამბო. ბუდამ ლომი ანთარის ზომამდე დააპატარავა. შედეგად, მათ პეკინესი გაუჩნდათ.
მეორე, შედარებით ნაკლებად გავრცელებული ლეგენდა ლომსა და პეპელას ეხება.
- ლომს პეპელა შეუყვარდა. მაგრრამ წყვილმა კარგად იცოდა, რომ მათ ზომებს შორის არსებულ განსხვავებას ვერაფერს მოუხერხებდნენ. ისინი ერთად წავიდნენ ბუდასთან, რომელმაც ისინი საშუალო ზომამდე გაათანაბრა. ასე გაჩნდა პეკინესი.[12]
რადგან მიაჩნდათ, რომ პეკინესი სათავეს ბუდასგან იღებდა, იგი ტაძრის ძაღლი იყო. სჯეროდათ, რომ მას შეეძლო სასახლეში ან ტაძარში შემოჭრილი დემონების განადგურება. მიუხედავად მისი ზომისა, მიაჩნდათ, რომ მას იმდენად დიდი გული ჰქონდა, რომ შეეძლო ყველაზე დიდი და მრისხანე დემონების დამარცხებაც.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "Keegan's Puppies - Pekingese Breed Traits and Characteristics". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-09. ციტირების თარიღი: 2019-08-21.
- ↑ Individual Breed Results for Purebred Dog Health Survey. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-13. ციტირების თარიღი: 2019-08-21.
- ↑ 3.0 3.1 Fleming, J.M.; Creevy, K.E.; Promislow, D.E.L. (March 2011). „Mortality in North American Dogs from 1984 to 2004: An Investigation into Age-, Size-, and Breed-Related Causes of Death“. Journal of Veterinary Internal Medicine. 25 (2): 187–198. doi:10.1111/j.1939-1676.2011.0695.x. PMID 21352376.თარგი:Open access
- ↑ Bell, Jerold S.; Cavanagh, Kathleen E.; Tilley, Larry P.; Smith, Francis W.K. (2012) Veterinary medical guide to dog and cat breeds. Jackson, WY: Teton NewMedia, Inc, გვ. 355. ISBN 9781482241419.
- ↑ Glaucoma in Dogs en. ციტირების თარიღი: 2018-10-16
- ↑ Pekingese Breed Information. ციტირების თარიღი: 14 November 2018.
- ↑ "The Letter", David Matthews, Jo Lee Magazine, Nov. 2002, p. 18" "This little dog was found by me in the Palace of Yuan-Ming-Yuan near Pekin on the 6th of October 1860. It is supposed to have belonged to either the Empress, or one of the ladies of the Imperial Family. It is a most affectionate and intelligent little creature – it has always been accustomed to being treated as a pet and it was with the hope that it might be looked upon as such by Her Majesty and the Royal Family that I have brought it from China." John Hart Dunne, Captain, 99th Regt.
- ↑ Looty, Friedrich Wilhelm Keyl, 1861, oil on canvas backed on panel, 33.3 x 38.1 cm, Royal Collection, RCIN 40697. Painted at Windsor for Queen Victoria
- ↑ 9.0 9.1 Key, John. (April 2000) Pearlstone Pekingese History. ციტირების თარიღი: 2009-10-13.
- ↑ A Time to Dance, No Time to Weep by Rumer Godden, originally published by Macmillan 1987 and taken from page 109 of Corgi edition, 1989
- ↑ Country Life magazine, 18 August 2018
- ↑ Godden, Rumer (1977). The Butterfly Lions: The Pekingese in History, Legend and Art. New York, NY: Viking Press, გვ. 112–113.