შინაარსზე გადასვლა

პეიპსის ტბა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეიპსის ტბა
ესტ. Peipsi-Pihkva järv
რუს. Чудско-Псковское озеро
ტბა ზედხედით
ტბა ზედხედით
კოორდინატები: 58°41′ ჩ. გ. 27°29′ ა. გ. / 58.683° ჩ. გ. 27.483° ა. გ. / 58.683; 27.483კოორდინატები: 58°41′ ჩ. გ. 27°29′ ა. გ. / 58.683° ჩ. გ. 27.483° ა. გ. / 58.683; 27.483
მდებარეობა ესტონეთის დროშა ესტონეთი
რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 30 
ფართობი 3,555 კმ²
სანაპირო ზოლის სიგრძე 520 კმ
საშუალო სიღრმე 7.1 
მაქსიმალური სიღრმე 15.3 
ჩამდინარე მდინარეები ველიკაია, ემაიიგი, ავიიგი
გამომდინარე მდინარე ნარვა
დრონით გადაღებული ტბა პეიპსისა და მუსტვეე ვიდეო, 2022 წლის ივლისი

პეიპსის ტბა[1] (ესტ. Peipsi-Pihkva järv, ასევე გვხვდება სახელები გდოვის ტბა, ჩუდ-ფსკოვი) — ევროპაში უდიდესი ტრანსსასაზღვრო ტბა, რომელიც ესტონეთსა და რუსეთს შორის, საზღვარზე მდებარეობს.[2]

სიდიდით მეხუთეა ევროპაში - ლადოგისა და ონეგის (რუსეთი), ვენერნის (შვედეთი) და საიმას (ფინეთი) ტბების შემდეგ.[3]

მოიცავს 3,555 კმ2 (1,373 კვ. მილი) და საშუალო სიღრმეა 7,1 მ. (23 ფუტი); ყველაზე ღრმა წერტილია 15 მ. (49 ფუტი). მასში გვხვდება რამდენიმე კუნძული, შედგება სამი ნაწილისაგან:

  • პეიპსის ტბა/ჩუდსკოე (ესტ. Peipsi järv; რუსულად: Чудское озеро), ტბის ჩრდილოეთი ნაწილი, ფართობით 2611 კმ2 (1008 კვ. მილი) (73%).
  • პიკვას ტბა/პსკოვსკოე (ესტ. Pihkva järv; რუსულად: Псковское озеро), ტბის სამხრეთი ნაწილი, ფართობით 708 კმ2 (273 კვ. მილი) (20%).
  • ლამის ტბა/ტიოპლოე (ესტ. Lämmijärv; რუს. Тёплое озеро), ტბის ორი ნაწილის დამაკავშირებელი შუა ტერიტორია, ფართობით 236 კმ2 (91 კვ. მილი) (7%).

ტბა თევზაობისა და რეკრეაციული მიზნებისათვის გამოიყენება, მაგრამ საბჭოთა პერიოდის სოფლის მეურნეობამ მას შესამჩნევი ეკოლოგიური დეგრადაცია განაცდევინა. მასში დაახ. 30 მდინარე და ნაკადული ჩაედინება (მათ შორისაა მდინარეები ველიკაია და ემაიიგი). ტბიდან გადის ნარვას მდინარე, რომელიც ფინეთის ყურეს უკავშირდება.

1242 წლის 5 აპრილს, ჩუდ-ფსკოვის გაყინული ტბა „ყინულზე ბრძოლის“ (ან „ტბა პეიპსის ბრძოლის“) ადგილად იქცა, რომელიც ნოვგოროდის რესპუბლიკის ჯარებსა და ტევტონთა ორდენს შორის შედგა.

სახელი პეიპსის (ესტ. Peipsi) წარმომავლობა გაურკვეველია, თუმცა შეიძლება სოფელ პეიპიას (რუს. Пейпия) პეიპიას ტბის (რუს. Копанское озеро), და ონეგის ყურესთან ახლო პეიპოზეროს (რუს. Пейпозеро) პარალელად მივიჩნიოთ. პაულ არისტემ სახელს პრე-ფინური წარმომავლობა მიანიჭა, ხოლო იულიუს მეგისტემ ის პეიპსთან/პეიპუსთან - „ჩაფინჩთან“ (ნიბლიასთან) ან პოიპო -„ქათამთან“ დააკავშირა. ლაური ნეტუნენმა პირველწყაროდ ვინმეს საკუთარი სახელი ივარაუდა, ხოლო რუფ ალექსანდროვნა აგეევამ სიტყვას ბალტიისპირეთული ახსნა გამოუძებნა - ის ლატვიურ „პიეპეს“ და ლიეტუვურ „პეპის“ („ნესტს, ობს“) შეადარა. ტბის რუსული სახელი - Чудское озеро – „ჩუდის ტბას“, ანუ „ესტონურ ტბას“ ნიშნავს. ეთნონიმი ჩუდი (чудь) დღევანდელ ესტონეთში, კარელიასა და ჩრდილო-დასავლეთ რუსეთში დასახლებულ სხვადასხვა ხალხს მიემართებოდა.

ტბა წყლის უფრო დიდი მასის ნარჩენიღაა, რომელიც ამ მხარეში, გამყინვარების ეპოქისას უნდა არსებულიყო. პალეოზოურ ეპოქაში, 300-დან 400 მილიონი წლის წინ, თანამედროვე ფინეთის ყურის მთელი ტერიტორია ზღვის ქვეშ იყო მოქცეული. მისი დღევანდელი რელიეფი მყინვარების აქტივობების შედეგად ჩამოყალიბდა, რომელთაგან ბოლო - ვაიხსელიანის გამყინვარება - დაახლოებით 12 000 წლის წინ დასრულდა.

ტოპოგრაფია და ჰიდროგრაფია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეიპსის ტბის ნაპირებს გლუვი კონტურები გააჩნიათ, და ერთ დიდ ყურეს - რასკოპელსკის ყურეს აყალიბებენ. ტბის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროებზე ფიჭვის ტყით და ქვიშიანი პლაჟებით დაფარული ქვიშის დიუნებია. ქვიშიანი სანაპიროების გასწვრივ არის 200–300 მეტრი (660–980 ფუტი) სიგანის თავთხელი წყლების ტერიტორია. ტბის ნაპირები ძირითადად ტორფისაგან შედგება, და მათ უზარმაზარი დაბლობები და მარშები ესაზღვრება, რომლებიც გაზაფხულზე იტბორება, და ამ წყალდიდობების ტერიტორია 1000 კმ2-მდე (390 კვ. მილი) აღწევს.[4]

ტბა პეიპსის წყლის ბალანსი[4]
წყლის ბალანსი მოცულობა
შემოდინება ნალექები 560 მმ (1.9 კმ3)
ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები 3150 მმ (11.2 კმ3)
გადინება ნაკადი 3390 მმ (12 კმ3)
აორთქლება 320 მმ (1.1 კმ3)

ფსკერის რელიეფი ერთგვაროვანი და ბრტყელია, ნაპირებისაკენ თანდათან ზევით იწევს და დაფარულია ლამით, ზოგან კი ქვიშით. ყველაზე ღრმა წერტილი, 15,3 მეტრ სიღრმეზე (50 ფუტი), მდებარეობს ტეპლოეს ტბაში, სანაპიროდან 300 მეტრში (980 ფუტი).

ტბის დინება სტაბილურია, წლის წლიური შემოდინება მთლიანი წყლის მოცულობის დაახლოებით ნახევარს უტოლდება.

წყალი მტკნარია, აქვს დაბალი გამჭვირვალობა (დაახ. 2.5 მეტრი/8 ფუტი და 2 ინჩი), რაც პლანქტონებისა და მდინარის დინებით გამოწვეული დანალექების ბრალია. დინებები სუსტია - 5–9 სმ/წმ (2,0–3,5 ინ/წმ); ისინი ძირითადად ქარითაა გამოწვეული, ამიტომ როდესაც ქარი ჩერდება, დინებაც წყდება. მიუხედავად ამისა, გაზაფხულის წყალდიდობების დროს, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მუდმივი ზედაპირული დინება შეინიშნება.

თავთხელი სიღრმის გამო, ტბის ტემპერატურა სწრაფად იცვლება. ივლისში წყლის ტემპერატურა 25–26 °C (77–79 °F) აღწევს; იყინება ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის დასაწყისამდე და ლღვება აპრილის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე - ჩვეულებრივ, ჯერ ტეპლოეს და პიკვას ტბები, შემდეგ კი პეიპსის ტბა, მაგრამ ბოლოდროინდელმა კლიმატურმა ცვლილებებმა პეიპსის ტბის უფრო გვიან გაყინვა და ბევრად ადრე გალღვობა გამოიწვია.

ნარვასა და პეიპუსის ტბის აუზების რუკა

ტბაში 30-მდე მდინარე ჩაედინება. მათგან ყველაზე დიდებია ველიკაია და ემაიიგი; პატარა მდინარეებში შედიან ზადუბკა, ჩერმა, გდოვკა, კუნა, ტოროხოვკა, რემდა, როვია, ზელჩა, ჩერნაია, ლიპენკა, სტარცევა, ბოროვკა, აბიჯა, ობდე, პიუზა, ვიჰანდუ, კოძა, კარგაია, ომედუ, თაგაჯიგი და ალაჯიგი. ტბას მხოლოდ ერთი მდინარე, ნარვა გამოეყოფა, რომელიც ბალტიის ზღვაში ჩაედინება.

ტბაში 29 კუნძულს ვხვდებით, რომელთა საერთო ფართობია 25,8 კმ2, ხოლო კიდევ 40 კუნძული მდინარე ველიკაიას დელტაში მდებარეობს. ეს კუნძულები დაბალი ჭაობებია, ტბის ზედაპირზე საშუალოდ მხოლოდ 1–2 მეტრით (3 ფუტი 3 – 6 ფუტი 7 ინჩით) ამაღლებული (მაქსიმუმ 4,5 მეტრი/15 ფუტი), და ამიტომ ხშირად იტბორებიან. ყველაზე დიდი კუნძულებია კოლპინა (11 კმ2) სამხრეთით, პიირისაარე (7,39 კმ2) ცენტრში და კამენკა (6 კმ2). პიკვას ტბის ცენტრში მოქცეულია ტალაბსკის კუნძულების ჯგუფი (ტალაბსკი, ტალაბენეცი და ვერხნი).

ტბაში შეგვიძლია ვიხილოთ ზღვისპირა წყლის ფლორის 54 სახეობა, მათ შორის ლერწამი, კალამუსი (Acorus calamus), ლელქაში, ჩალაყვავილა, მცირე ლელქაში (Typha angustifolia) და წყლის ოხრახუში (Sium latifolium). მცურავი მცენარეები იშვიათია და მხოლოდ სამი სახისაა: ისარა, ყვითელი დუმფარა და წყლის კვანძი. ტბაში ბინადრობს ქორჭილა, ფარგა, კაპარჭინა, ნაფოტა, სიგი, ჩვეულებრივი ცქიმურა და სხვა სახეობის თევზები. ტბის სანაპირო ზოლის ჭაობები მნიშვნელოვანი ადგილებია გედების, ბატებისა და იხვებისთვის, რომლებიც მიგრირებენ თეთრ ზღვას, ბალტიის ზღვასა და დასავლეთ ევროპას შორის, და რომლებიც ამ სანაპიროებზე იკვებებიან და ისვენებენ. პეიპსის ტბა ბევიკის გედების (Cygnus columbianus) ერთ-ერთი მთავარი შესვენების პუნქტია მიგრაციისას. ბევიკი 1,900 კილომეტრზე მეტს შესვენების გარეშე ძალიან იშვიათად ფრინავს, ამიტომ ჩუდ-ფსკოვის ტბა მისთვის მეტად კომფორტული შეჩერებაა.

ტბის აუზის ეკოლოგიური მდგომარეობა, ზოგადად, დამაკმაყოფილებელია - წყალი უმეტესად I და II ხარისხისაა (სუფთაა), თუმცა, ფოსფორის მაღალი შემცველობის გამო, ზოგიერთ მდინარეში III ხარისხის ხდება. მდინარეების წყლის მდგომარეობა 2001-2007 წლებში გაუმჯობესდა, მაგრამ მატულობს ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების რაოდენობა. პეიპსის ტბის მთავარი პრობლემა მისი ევტროფიკაციაა.

ნაპირებზე მდგარი ქალაქები შედარებით მცირეა და მოიცავს მუსტვეეს (მოსახლეობა 1,610), კალასტეს (მოსახლეობა 1,260) და გდოვს (მოსახლეობა 4,400). უდიდესი ქალაქი, ფსკოვი (მოსახლეობა 202,000) მდინარე ველიკაიაზე, ტბიდან 10 კილომეტრშია (6,2 მილი) აშენებული. გემების ნავიგაცია კარგადაა განვითარებული და ემსახურება თევზაობას, საქონლისა და მგზავრების ტრანსპორტირებას და ტურისტულ ტურებს. ტბის თვალწარმტაცი სანაპიროები ტურიზმისა და რეკრეაციის პოპულარული ადგილია რამდენიმე ტურისტულ ბანაკსა და სანატორიუმში.

პეიპუსის ტბა (გერმ. Peibus see), ლივონია და პლესკოვია (პსკოვის მიწა) , 1572 წ.

1242 წელს პეიპსის ტბის სამხრეთ ნაწილში მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, სადაც ტევტონთა რაინდები ნოვგოროდის ჯარებმა, ალექსანდრე ნეველის მეთაურობით დაამარცხეს. ბრძოლა აღსანიშნავია იმით, რომ ის ძირითადად ტბის გაყინულ ზედაპირზე მიმდინარეობდა, და ამიტომ, მას „ყინულზე ბრძოლა“ დაერქვა.

ტბის უდიდესი ქალაქი, ფსკოვი, რუსეთის ერთ-ერთ უძველეს ქალაქადაც მოიაზრება, რომელიც სულ მცირე 903 წელს უკვე არსებობდა (ის ნახსენებია ლავრენტის მატიანის პირველადი ქრონიკის ჩანაწერში). ეს ქალაქი გარკვეულ დამოუკიდებლობას ფლობდა, მაგრამ უმეტესად მისი მეზობლები, ნოვგოროდი, ლიტვის დიდი სამთავრო და მოსკოვის დიდი სამთავრო აკონტროლებდნენ, და საბოლოოდ რუსეთის სახელმწიფოს ნაწილი გახდა. მასში შემორჩენილია რამდენიმე ისტორიული ნაგებობა, მათ შორის მიროჟსკის მონასტერი (1156 წ., შეიცავს XIV-XVII საუკუნეების ცნობილ ფრესკებს), პსკოვის კრემლი (XIV-XVII სს.) სამების ხუთგუმბათიანი ტაძარი (1682-1699 წწ.), ივანოვოს ეკლესიები (1243წ.-მდე), სნეტოგორსკის მონასტერი (XIII ს.), წმ. ბასილის ეკლესია (1413 წ.), კოსმა და დამიანეს ეკლესია (1462 წ.), წმინდა გიორგის ეკლესია (1494 წ.) და სხვები.

გდოვი დაარსდა 1431 წელს, თავდაპირველად ციხესიმაგრის სახით, და 1780 წელს ქალაქი გახდა. კალასტე XVIII ს.-ში, ძველი მორწმუნეების მიერ დაფუძნდა, რომლებიც ნოვგორდის რაიონიდან გაიქცნენ, და ამ ქალაქში ჯერ კიდევ ფუნქციონირებს რუსული ძველმართლმადიდებლური ეკლესია. კალასტეს მახლობლად დევონური ქვიშაქვის ერთ-ერთი უდიდესი ზედაპირი გვხვდება, რომელიც სიგრძით 930 მეტრი (3050 ფუტი) და მაქს. სიმაღლით 8 მეტრია (26 ფუტი); ასევე არის რამდენიმე გამოქვაბული, და მერცხლების ერთ-ერთი უდიდესი კოლონია ესტონეთშ

  1. Lake Peipus. Encyclopædia Britannica online
  2. Lake Peipus. Encyclopædia Britannica online
  3. The whispering waters of Estonia – Visit Estonia
  4. 4.0 4.1 Sokolov AA Hydrography of the USSR L.: Gidrometeoizdat, 1952