პედრუ (კოიმბრას ჰერცოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პედრუ პორტუგალიელი
Peter of Coimbra (St. Vincent Panels).jpg
წოდებები
კოიმბრას ჰერცოგი
დაიბადა 9 დეკემბერი, 1392
ლისაბონი, პორტუგალია
გარდაიცვალა 20 მაისი, 1449, (56 წლის)
ალვერკა, პორტუგალია
დაკრძალულია ბატალიის მონასტერი, პორტუგალია
ბატალიის მონასტერი, პორტუგალია
საგვარეულო ავისები
მეუღლე(ები) იზაბელა ურგელი
შვილ(ებ)ი პედრუ, პორტუგალიის კონშტაბლი
ჟუანი, ანტიოქიის პრინცი
იზაბელა, პორტუგალიის დედოფალი
ხაიმე, ლისაბონის არქიეპისკოპოსი
ბეატრიზი, რავენშტაინის ქალბატონი
ფილიპა
მამა ჟუან I, პორტუგალიის მეფე
დედა ფილიპა ლანკასტერი
ხელმოწერა Assinatura Infante D. Pedro.svg
რელიგია კათოლიციზმი

პედრუ პორტუგალიელი (პორტ. Pedro de Portugal; დ. 9 დეკემბერი, 1392 — გ. 20 მაისი, 1449) — ავისის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე ჟუან I-ისა და დედოფალ ფილიპა ლანკასტერის შუათანა ვაჟი. კოიმბრას ჰერცოგი 1415-1449 წლებში. პორტუგალიის მეფის რეგენტი 1439-1448 წლებში. პორტუგალიის დედოფალ იზაბელა კოიმბრელის მამა და მეფე ჟუან II-ის ბაბუა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პედრუ დაიბადა 1392 წლის 9 დეკემბერს ლისაბონში. იგი იყო პორტუგალიის მეფე ჟუან I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ფილიპა ლანკასტერის შუათანა ვაჟი. იგი თავიდანვე მეფის ფავორიტი შვილი იყო, რის გამოც ჟუანმა იგი საუკეთესო განათლებით უზრუნველყო, რაც დიდი პატივი იყო იმ ეპოქაში, როდესაც დიდებულთა უმეტესობა გაუნათლებელი იყო. იგი თავის ძმებთან, დუარტესა და ჟუანთან ძალიან ახლოს იყო. პედრუ მშვიდად იზრდებოდა პორტუგალიის ინტრიგებით სავსე სამეფო კარზე. 1415 წელს მან მამასთან ერთად დაიპყრო სეუტა და ქალაქში შესვლის შემდეგ, გამოჩენილი სიმამაცისათვის მეფემ მას კოიმბრას ჰერცოგობა უბოძა.

1438 წელს მისი ძმის, მეფე დუარტე I-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტი მისი ძმის მცირეწლოვანმა ვაჟმა — აფონსუ V-მ დაიკავა. როგორც წესი, აფონსუს რეგენტი დედამისი, დედოფალი ელეანორა არაგონელი უნდა გამხდარიყო, მაგრამ დუარტეს ანდერძის გამო რეგენტად პედრუ დაინიშნა. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ პორტუგალიელებს არ მოეწონებოდათ ქალის მმართველობა, თანაც იგი უცხოელი იყო და ამიტომ ხალხში, როგორც დედოფალი დაბალი ავტორიტეტით სარგებლობდა. დედოფალ ელეანორას ერთადერთ მოკავშირედ მეფე ჟუან I-ის უკანონო ვაჟი, ბარსელონას გრაფი აფონსუ მოევლინა, რომელთან ერთადაც დაიწყო პედრუს თავიდან მოსაცილებელი გეგმების შემუშავება. პედრუს პოლიტიკა ფოკუსირებული იყო სამეფო ხელისუფლების გაძლიერებისაკენ, რაც დიდებულებს არ აწყობდათ. მის მიერ დადგენილი რამდენიმე მძლავრი კანონის შემდეგ, რომლებიც ამბიციური დიდებულების წინააღმდეგ იყო მიმართული, პორტუგალიამ აყვავება დაიწყო.

გრაფი აფონსუ ბარსელონელი პედრუს დიდ მტრად მოევლინა, მაგრამ რეგენტი მას ძალაუფლების გაძლიერების საშუალებას არ აძლევდა. 1442 წელს, პედრუმ აფონსუს ბრაგანსას ჰერცოგობა უბოძა, რითაც პორტუგალიასა და სრულიად ევროპაში ერთ-ერთ უმდიდრეს კაცად აქცია, რის გამოც ნელ-ნელა დაიწყო ძმების ურთიერთობის დათბობა. რეგენტის თანამდებობის შესანარჩუნებლად, პედრუმ მეფე აფონსუ V-ს ცოლად თავისი ასული, უკვე დედოფალი იზაბელა კოიმბრელი შერთო.

1448 წლის 9 ივნისს, როდესაც მეფე სრულწლოვანი გახდა პედრუს ჩამოერთვა რეგენტობა და მასთან ერთად მთელი ძალაუფლებაც. იმავე წელს, აფონსუ V-მ გააუქმა ბიძამისის დროს შემოღებული ყველა კანონი, რამაც ქვეყანაში ვითარება არასტაბილური გახადა. აფონსუმ მისი მეორე ბიძის, ბრაგანსას ჰერცოგის მხარდაჭერით პედრუს ომი გამოუცხადა. 1449 წლის 20 მაისს, მეფემ პედრუ სასტიკად დაამარცხა ალვერკას ბრძოლაში. სწორედ ამ ბრძოლაში გარდაიცვალა პედრუ, 56 წლის ასაკში.

ქორწინება და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1429 წელს პედრუმ ცოლად შეირთო არაგონის მეფობის კანდიდატის, ურგელის გრაფ ხაიმე II-ის ასული იზაბელა ურგელი, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი:

  1. პედრუ (1429-1466), ბარსელონას გრაფი და პორტუგალიის კონშტაბლი, არაგონის დე-ფაქტო მეფე, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  2. ჟუანი (1431-1457), ცოლად შეირთო კვიპროსის ტახტის მემკვიდრე შარლოტა ლუზინიანი, რომელთან ერთადაც დაიკავა ანტიოქიის სამთავროს ტახტი, თუმცა მალევე იგი მისმა ცოლის ძმამ და სიდედრმა მოწამლეს. გარდაიცვალა უშვილო;
  3. იზაბელა (1432-1455), ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, პორტუგალიის მეფე აფონსუ V-ს, რომელთანაც შეეძინა სამი ვაჟი, მათ შორის მომავალი მეფე ჟუან II, იგი მესამე მშობიარობას გადაჰყვა;
  4. ხაიმე (1433-1459), ლისაბონის არქიეპისკოპოსი და კარდინალი, ცხოვრობდა, გარდაიცვალა და დაკრძალულია იტალიაში;
  5. ბეატრიზი (1435-1462), ცოლად გაჰყვა რავენშტაინის ბატონ ადოლფ კლეველს;
  6. ფილიპა (1437-1493), ოდიველას მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Lopes, Fernão (1897-1898) [1644]. Mello d’Azevedo, ed. Chronica de El-Rei D. João I (en portugués). Segunda parte – Vol. IV (1897) y V, VI y VII (1898). Lisboa: Escriptorio: Bibliotheca de Classicos Portuguezes. OCLC 831167525.
  • Rodrigues Oliveira, Ana (2010). Rainhas medievais de Portugal: dezassete mulheres, duas dinastias, quatro séculos de história (1ª edición). Lisboa: A Esfera dos Livros. ISBN 9896262616.
  • Sousa, Antonio Caetano de (1736). História Genealogica da Casa Real Portugueza (en portugués). Vol. II. Lisboa: Lisboa Occidental.