პეგასისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეგასისებრნი

Pegasus lancifer
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pegasidae (Bonaparte, 1831)

პეგასისებრნი (ლათ. Pegasidae) — ზღვის თევზების ოჯახი მახათასნაირთა რიგისა. ადრე ეს თევზები ცალკე რიგად, პეგასისნაირნი (Pegasiformes), გამოიყოფოდნენ ან კონალაყუჩნაირთა რიგში ერთიანდებოდნენ.

მათი სხეულის სიგრძე 18 სმ-მდეა (მოკლეგუდა პეგასი, Pegasus volitans). ზურგის მხარე ყავისფერი ან ყვითელ-ყავისფერია, მკერდის ფარფლებზე მუქი წვრილი ლაქები აყრიათ. ტანი შებრტყელებულია ზურგ-მუცლის სიბრტყეში, დაფარულია დიდი ძვლოვანი ფირფიტებით (მტკიცედაა შეერთებული ტანის ნაწილში, მოძრავად — კუდისაში), რაც ბაკანს წარმოქმნის. გამოსაწევი პირი მცირე ზომისაა, მდებარეობს გრძელი გაბრტყელებული როსტრუმის ქვეშ, რომელიც ცხვირის ძვლებითაა წარმოქმნილი. ლაყუჩების წვრილი ხვრელების შემდეგ მდებარეობენ დიდი, ფართო მკერდის ფარფლები, 9–19 დაუტოტავი მაგარი სხივით. ისინი მითური ცხენის, პეგასის ფრთებს წააგვანან (აქედან სახელწოდება). ზურგისა და ანალურ ფარფლებში 5 დაუტოტავი სხივია, მუცლისაში — 1 ეკლიანი და 2–3 რბილი. ცნობილია ორი გვარი: ეურიპეგასი (Eurypegasus) და პეგასი (Pegasus), 6 სახეობით.[1]

ბინადრობენ ინდოეთის ოკეანის ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებში და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, თავთხელ ადგილებში, წყალმცენარეებს შორის; ზოგჯერ აღწევენ მომლაშო წყლებში. მათი ბიოლოგია შესწავლილი არ არის. ითვლება, რომ პეგასებს, მკერდის ფარფლების გაშლით, შეუძლიათ წყლის ზედაპირზე ლივლივი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Жизнь животных. М., 1983. Т. 4;
  • Nelson J. S. Fishes of the world. 4th ed. Hoboken, 2006;
  • Котляр А. Н. ПЕГАСОВЫЕ // Большая российская энциклопедия. т. 25. — М., 2014. — стр. 500–501.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nelson, J. S.; Grande, T. C.; Wilson, M. V. H. (2016) Fishes of the World, 5th ed, Hoboken: John Wiley & Sons, გვ. 406–407. DOI:10.1002/9781119174844. ISBN 978-1-118-34233-6.