პასიეთის გორასამარხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პასიეთის გორასამარხი — ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანა ან II ნახევარი) გორასამარხი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის ერთ-ერთ უბანში - პასიეთში. არქეოლოგიურად შესწავლილია 1955 წელს (ხელმძღვანელი ო. ჯაფარიძე). პასიეთის გორასამარხის სიმაღლე 3 მ, დიამეტრი 30 მ აღწევდა. ქვატეხილის ნაყარი ქმნიდა სამაროვანს. მასში სხვადასხვა დონეზე მოწყობილი იყო მჭიდროდ განლაგებული ინდივიდუალური სამარხები, რომლებიც დაზიანებული იყო, ქვაყრილის ცენტრალურ ნაწილში კი — სრულიად დაშლილი. მიცვალებულის დამხრობის (ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ) დადგენა შესაძლებელი გახდა მეტ-ნაკლებად შემონახული 3 სამარხის მიხედვით. ძვლები ცუდად იყო დაცული. სამარხებში აღმოჩნდა სპილენძის ყუამილიანი ცულები, ყუნწიანი ბრტყელი სატევრები, სხვადასხვა ტიპის საკინძები, მრავალნაირი საკიდი, მძივები, რგოლები, ხვიები, ნიჟარები და ეშვები. ნაპოვნია შავზედაპირიანი და ვარდისფერსარჩულიანი თიხის ქილები, დერგები, ბადიები, კოჭბები და სხვა ნივთები. ზოგი მათგანი შემკულია ღარებიანი და გრავირებული სახეებით. პასიეთის გორასამარხი შედის ამავე ტიპის საჩხერული ძეგლების ჯგუფში (ნაჩერქეზევი, ცარცის გორა და სხვა). ეს ძეგლები მტკვარ-არაქსის კულტურის ბოლო საფეხურს ეკუთვნის და მთელ ამიერკავკასიაში სპილენძ-ბრინჯაოს მეტალურგიის უძველე4ს მძლავრ კერას წარმოადგენდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გოგაძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 703-704.
  • ჯაფარიძე ო., ქართველი ტომების ისტორიისათვის ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე, თბ., 1961;
  • „საქართველოს არქეოლოგია“, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 98-99.