პარმის სავანე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პარმის სავანე
ავტორი სტენდალი
მშობლიური ენა ფრანგული
დაწერის ადგილი საფრანგეთი
გამოცემულია 1839

„პარმის სავანე“ (ფრანგ. La Chartreuse de Parme) — სტენდალის რომანი, გამოქვეყნდა 1839 წელს. მასში სტენდალი წარმოაჩენს ნაპოლეონის იტალიურ ლაშქრობებს. ნაწარმოები „წითელი და შავთან“ ერთად მიიჩნევა სტენდალის საუკეთესო ნამუშევრად.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარკიზ ვალსერ დელ დონგოს უმცროსი შვილი ფაბრიციო, ბავშვობას გრანტის ციხესიმაგრეში ატარებს, რომელიც ულამაზესი ტბის, კომოს მახლობლად XV საუკუნეშია აგებული. მას ჰყავს ორი და და ერთი ძმა, რომელიც ყველაფერში საოცრად ჰგავს მამას. მარკიზი მდიდარია, მაგრამ იმდენად ხელმომჭირნე, რომ მისი ოჯახი თითქმის სიღარიბეში ცხოვრობს. ვალსერ დელ ლონგოს და, რომელიც იტალიაში ერთ-ერთი ულამაზესი ქალია, ძმის ნების წინააღმდეგ ცოლად მიჰყვება ნაპოლეონის ლაშქრობებში მონაწილე გაკოტრებულ აზნაურს, გრაფ ჰეტრანერს. გრაფის დუელში სიკვდილის შემდეგ, ჯინა გრიანტაში ბრუნდება. ფაბტრიციო მის თვალწინ იზრდება. ჩვიდმეტი წლის ყმაწვილი შესანიშნავად გამოიყურება, მაღალი, მამაკაცური ტანი და მხიარული ღიმილი მას საოცრად მომხიბვლელს ხდის. ის ბავშვობიდან გატაცებულია ნაპოლეონით და როდესაც შეიტყობს, რომ კუნძულ ელბადან გამოქცეული იმპერატორი ჟუანის ყურის ნაპირას, ქალაქ კანთან გადმოვიდა ხმელეთზე, გადაწყვეტს, მალულად, სხვისი სახელით გაემგზავროს საფრანგეთში, რათა თავისი იდეალის არმიაში იბრძოლოს.

პირველივე ფრანგულ ქალაქში ფაბრიციოს აქცენტი და გარეგნობა საეჭვოდ ეჩვენებათ და მას აკავებენ. მაგრამ ვატერლოოს ბრძოლის წინ, ციხის ზედამხედველის ცოლი მას გაქცევაში ეხმარება. ციხიდან გამოსვლის შემდეგ იგი პირდაპირ ბრძოლაში ებმება, თუმცა ომის ქარ-ცეცხლში ვერ მარშალ ნეის და ვერ იმპერატორს ცნობს. ბრძოლის შემდეგ მარკიტანი ქალი ფაბრიციოს უხსნის, რომ ომი წაგებულია და ურჩევს, სახლში დაბრუნდეს. ყმაწვილი მის რჩევას ითვალისწინებს, ჟენევაში მას ჯინას მოსამსახურე ელოდება. ის ატყობინებს, რომ უფროსმა ძმამ ფაბრიციო დაასმინა და ახლა პოლიცია ეძებს, როგორც შეთქმულების მონაწილეს.

დედას და გრაფინია პეტრანერს ფაბრიციო მილანში მიჰყავთ. ისინი იმედოვნებენ, რომ იქ მისთვის კარგ მფარველს იპოვიან. მაგრამ ფაბრიციოს საქმე უკვე ვენაშია გადაგზავნილი და მას ევროპის ყველაზე საშინელ, შპილბერგის, ციხეში ემუქრება გატუსაღება. ის იძულებულია, მიიმალოს.

ჯინა მილანში რჩება. ერთხელ ოპერაში ის ხვდება გრაფ მოსკა დელა როვერე სორეცანას, რომელიც პარმის ცნობილი მმართველის, ერნესტო IV პოლიციის, ფინანსთა და სამხედრო მინისტრია, იგი არც თუ ისე ახალგაზრდა, მაგრამ ჭკვიანი, გონებამახვილი და თავმდაბალი კაცია. ის ჯინაში ცოცხალ ინტერესს იწვევს, თავად კი უზომოდ უყვარდება მშვენიერი ქალი. საუბედუროდ, ის თავის ცოლთან განქორწინებული არ არის. თუმცა ჯინას გულისთვის თანახმაა, თანამდებობიდან გადადგეს და იცხოვროს იქ, სადაც მისი საყვარელი ქალი მოისურვებს. არსებობს კიდევ ერთი გეგმა. სანსევერინის მოხუცი ჰერცოგი ოცნებობს ორდენის ლენტზე, გრაფი მოსკა ჰპირდება მას, რომ ამ ლენტის მიღებაში დაეხმარება, თუ იგი ფიქტიურ ქორწინებას გააფორმებს ჯინისთან, რაც ქალს საშუაელბას მისცემს, პარმის კარზე მიღებული და დაფასებული პიროვნება გახდეს. დიდი ფიქრის შემდეგ, ჯინა გრაფის წინადადებას თანხმდება.

ძალიან მალე სანსევერინის ჰერცოგის მეუღლე პარმის კარს ხიბლავს თავისი სილამაზით, ალერსიანობითა და გამჭრიახი გონებით. მისი სასახლე საუკეთესოა ქალაქში.

პარმაში ერთმანეთის მოქიშპე ორი პარტია არსებობს. უკიდურეს მემარჯვენეთა პარტიის ბელადად, პარმის მეფის კარზე, გრაფ მოსკას თვლიან. ხოლო ლიბერალთა პარტიას სათავეში უდგას უმდიდრესი ინტრიგანი ქალი, მარკიზა რავერსი. პრინცი ერნესტო IV, რომელიც ერთ დროს საკმაოდ მამაცი და გაბედული მეომარი იყო, მამის სიკვდილის შემდეგ შეუზღუდავი მონარქი გახდა და ლიბერალების წინააღმდეგ ქადაგებას შეუდგა. მან ერთ არამზადას, რასის რჩევით, ჩამოახრჩობინა ორი ლიბერალი. ამის შემდეგ იგი გამუდმებით შიშში ცხოვრობს. პრინცზე გრაფი მოსკას უდიდესი გავლენა იმით აიხსნება, რომ მისი დიპლომატიური საქციელის მეოხებით, ერნესტო IV, მამაკაცისთვის შეუფერებელი სიმხდალის გამო, მოსკას წინაშე სირცხვილით არ წითლდება. რასი პირიქით, პრინცის შიშს მასზე გავლენის მოსახდენად იყენებს. იგი გამუდმებით ეძებს და პოულობს შეთქმულებს ერნესტო IV-ის წინააღმდეგ. როგორც კი გრძნობს, რომ პრინცს შიში უნელდება, მაშინვე რაღაც ახალ შეთქმულებას „აღმოაჩენს“, რომლის მონაწილეებსაც მთელს იტალიაში ცნობილ პარმის საშინელ ციხეში აგზავნის. ამ უზარმაზარი შენობის სიმაღლე ას ოთხმოც ფუტს უდრის, ამიტომ იგი შორიდან მოჩანს. მასზე საზარელ ამბებს ლაპარაკობდნენ.

ჯინას თავისი ახალოი ცხოვრება საკმაოდ მოსწონს, გრაფთან ფაქიზი გრძნობა აკავშირებს, ხოლო პარმის ცხოვრების წესი ძალიან ხიბლავს. ერთადერთი, რაც მის სულს სიმშვიდეს ურღვევს, ფაბრიციოზე ფიქრია. გრაფი თვლის, რომ სამხედრო კარიერა, რომლისკენაც ჯინას ძმისწული მიისწრაფვის, ნაპოლეონის არმიაში ნაბრძოლი ადამიანისთვის, შეუძლებელია. მას სულ სხვა გეგმები აქვს, თუმცა ამისთვის დიდი ძალისხმევა დასჭირდება, მაგრამ ჯინას ჰპირდება, რომ, თუ ფაბრიციო მოისურვებს, პრელატი გახდეს, პარმის მთავარეპისკოპოსადაც დანიშნავს.

სანსევერინის ჰერცოგის მეუღლე, დიდი ახსნა-განმარტებების შემდეგ, თავის ძმისშვილს ითანხმებს, უარი თქვას სამხედრო კარიერაზე და ნეაპოლის სასულიერო აკადემიაში გზავნის სასწავლებლად.

ნეაპოლში ფაბრიციო სულაც არ ეწევა სემინარიის სტუდენტისთვის შესაფერის მოკრძალებულ ცხოვრებას. მას იცნობენ, როგორც მეცადინე, მაგრამ ძალიან ხელგაშლილ და ცოტა თავქარიან ახალგაზრდას. ის საოცრად ლამაზია, მის იერში რაღაც განსაკუთრებული ხიბლი გაჩნდა, რა თქმა უნდა, იგი წარმატებით სარგებლობს ქალებში, მაგრამ არც ერთი მათგანი მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს მის ცხოვრებაში. სამი წლის შემდეგ ფაბრიციო გამოცდებს აბარებს, „მონსენიორის“ წოდებას იღებს და პარმაში მიემგზავრება.

ჯინა უბედნიერეს ქალად გრძნობს თავს, ფაბრიციო სანსევერინის სასახლეში ცხოვრობს, ისინი ბავშვებივით ხარობენ, მაგრამ თანდათანობით ყმაწვილს საშინელი შიში ეუფლება. ფაბრიციო აცნობიერებს, რომ გრძნობა, რომელსაც ჯინას მიმართ განიცდის, სულაც არ ჰგავს ნათესაობრივ სიყვარულს. თუმცა, ის დარწმუნებულია, რომ ჭეშმარიტი სიყვარული მას არ შეუძლია. ჯერ არასოდეს ყოფილა მის ცხოვრებაში ქალი, რომელთანაც შეხვედრა მისთვის ცხენით გასეირნებაზე სასურველი ყოფილიყოს. ფაბრიციო ხვდება, რომ თუ თავს უფლებას მისცემს, გასაქანი მისცეს თავის გრძნობებს, უთუოდ დაკარგავს ერთადერთ ჭეშმარიტ მეგობარს. თუ ამ ქალს „მიყვარხარო“ ეტყვის, მოატყუებს, რადგან არ იცის, რაში მდგომარეობს ამ სიტყვის არსი.

ამ ფიქრებში წასული ფაბრიციო ქალაქში სეირნობს და თეატრში შედის. აქ ხვდება მსახიობ ქალს, რომელიც მის გვარს ატარებს. მას მარიეტა ვალსერა ჰქვია. გოგონას თავდავიწყებით უყვარდება ფაბრიციო, მაგრამ თეატრში მას ჰყავს მფარველი 一 მსახიობი ჯილეტი, ნაპოლეონის არმიის ყოფილი ჯარისკაცი, რომელიც საკმაოდ გაბედული და ძლიერია. ის მოკვლით ემუქრება მონსინიორს. ერთხელ, ქალაქგარეთ, ჯილეტი თავს ესხმის ფაბრიციოს და დაშნით რამდენიმე ჭრილობას აყენებს. თავდაცვისას ახალგაზრდა კაცი თავდამსხმელს კლავს. ახლა ფაბრიციოს პარმაში დაბრუნება აღარ შეუძლია. მას უმართლებს და ჯინას ყოფილ მეეტლეს, ლუდოვიკოს ხვდება, რომელიც მას მიმალვაში ეხმარება. ფაბრიციო ქალაქიდან ქალაქში გადადის და ბოლოს ბოლონიაში ჩერდება. აქ ის მარიეტას ხვდება და მაშინვე ავიწყდება განსაცდელი, რომელშიც იმყოფება. ის ვერც კი წარმოიდგენს, რა ხდება ამ დროს პარმაში.

პარმაში კი მთელი სერიოზულობით განიხილავენ საკითხს, გამოიწვევდა თუ არა კომენდანტი ჯილეტის სიკვდილი, უკიდურეს მემარჯვენეთა და მისი ბელადის 一 გრაფ მოსკას დაცემას.

პრინცი, რომელსაც სურს, დაამციროს სანსევერინის ჰერცოგის მეუღლე, რადგან იგი ძალიან თვითნებურად იქცევა, ფასკალ რასას ბრძანებას აძლევს, საქმე აღძრას ფაბრიციო დელ დონგოს წინააღმდეგ. თუ ფაბრიციოს გაასამართლებენ, მას სასტიკი განაჩენი არ ასცდება.

ჯინა, რომელმაც გაიგო მის ზურგს უკან დაგეგმილი შეთქმულების შესახებ, გადაწყვეტილებას იღებს, თავად ეახლოს ერნესტო IV-ს და სამგზავრო ტანსაცმელში გამოწყობილი, სასახლეში მიდის. პრინცს ეჭვიც არ ეპარება, რომ ჯინა მასთან მივა. ის ელოდება, რომ ეს ამაყი ლამაზმანი ცრემლად დაიღვრება და მუხლმოდრეკილი მოწყალებას შესთხოვს. მაგრამ ის სასტიკად ცდება. ჯერ არასოდეს უნახავს ეს ქალი ასეთი ლაღი, თავაზიანი და მხიარული. ის მოვიდა, რათა დაემშვიდობოს და მადლობა უთხრას მისდამი კეთილგანწყობის გამო, რომელსაც ხუთი წლის განმავლობაში იჩენდა. პრინცი თავზარდაცემული და ღირსებაშელახულია. მას ეშინია, რომ პარმიდან გამგზავრების შემდეგ ეს ჭკვიანი და წინდახედული ქალი ყველას მოუყვება თავისი მმარტველის უსამართლო სამართლისა და ღამის კოშმარების შესახებ. მან როგორღაც უნდა შეაჩეროს ჰერცოგის მეუღლე, ამიტომ თანხმდება ხელი მოაწეროს მის მიერ ნაკარნახებ დოკუმენტს, რომელშიც პირობას იძლევა, არ დაამტკიცოს ფაბრიციოს მიმართ გამოტანილი განაჩენი. მაგრამ იგი საშინლად შეუარცხყოფილად გრძნობს თავს და დილით ბრძანებას იძლევა, დააკავნო მონსენიორი, მის სამფლობელოში გამოჩენისთანავე.

ინტრიგანი მარკიზა რავერსი, ჯინას სახელით, ფაბრიციოს შეხვედრას უნიშნავს პარმის მიდამოებში. როგორც კი ახალგაზრდა კაცი პარმის სამეფოს საზღვარს გადაკვეთს, მაშინვე აკავებენ და ბორკილებდადებული ნაცნობ ციხეში მიჰყავთ.

ახალ ტუსაღს რავერსის მომრე, ლიბერალური პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ციხის კომენდანტი, გენერალი ფაბიო კონტი იღებს. ციხის ეზოში, ფაბრიციო გენერლის ქალიშვილს, კლელიო კონტის ხვდება. სისპეტაკით გაცისკროვნებული მისი სახე აღაფრთოვანებს ყმაწვილ კაცს. თავის საკნისკენ მიმავალ გზაზე მას ყველაფერი ავიწყდება და მხოლოდ ულამაზეს არსებაზე ფიქრობს.

ფაბრიციოს ახალაშენებულ სატუსაღოში, ფარნეზის კოშკში ათავსებენ. მისი საკანი კომენდანტის სასახლის პირდაპირ მდებარეობს. ფანჯრიდან გახედვისას ყმაწვილი ჩიტების გალიებით სავსე ოთახს ხედავს. დღისით აქ კლელა მოდის, რათა თავისი საყვარელი არსებები დააპუროს. ანაზდად ფარნეზის კოშკისკენ გაურბის მზერა, საიდანაც მისით მოხიბლული ფაბრიციო არ აშორებს თვალს. ახალგაზრდები ერთმანეთს შეჰყურებენ. კლელიას არაჩვეულებრივ, იშვიათ ფიზიკურ სილამაზეს, მისი მოკრძალებულობა, ღვთისმოსავობა და მორცხვი ხასიათი კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს.

საკნის ფანჯრებს ხის დარაბებით ხურავენ, ისე რომ ტუსაღმა მხოლოდ ზეცის დანახვა შეძლოს. მაგრამ ფაბრიციო ახერხებს პატარა, ხელისგულისოდენა ხის ამოჭრას, რათა იქიდან უყუროს თავის მშვენიერ კლელიას. ამ დღის შემდეგ მასთან ურთიერტობა ყმაწვილი კაცის ცხოვრების აზრი ხდება. ფაბრიციო უკვე ვეღარ ხვდება, რა ერქვა იმ გრძნობას, რომელიც ჯინასა და მარიეტასთან აკავშირებდა, რადგან იგი ოდნავადაც არ ჰგავდა იმ მშვენიერ შეგრძნებას, კლელიას დანახვისთანავე რომ დაეუფლა. ფაბრიციო ხელისგულზე იწერს ასოებს და ისე ახვედრებს თავის სათქმელს გოგონას, ხოლო წერილებს, რომელშიც მას სიყვარულს ეფიცება, ღამით, თოკით უშვებს თავისი საკნიდან .

სამი თვის განმავლობაში, რომელიც მან ციხეში, გარესამყაროსგან იზოლირებულად გაატარა, ის ცოტა გახდა და გაფერმკრთალდა, მაგრამ აქამდე, ჯერ არასოდეს, ესოდენ ბედნიერად არ უგრძვნია თავი.

კლელიას სინდისი ქენჯნის, ის გრძნობს, ფაბრიციოს რომ ეხმარება, ამით მამას ღალატობს. მაგრამ მან უთუოდ უნდა გადაარჩინოს ახალგაზრდა, რომლის სიცოცხლესაც გამუდმებით ემუქრება საფრთხე. პრინცი ფასკალ რასის ეუბნება, რომ სანამ ფაბრიციო ცოცხალია, ის თავს სრულუფლებიან მმართველად ვერ იგრძნობს. მას არ შეუძლია პარმიდან გააძევოს გრაფინია, მაგრამ სამეფო კარზე მისი დანახვაც ტანჯვად იქცა. ასე ეჩვენება, თითქოს ეს ქალი ბრძოლაში იწვევს. ფაბრიციო უნდა მოკვდეს.

უსაზღვროა ჯინას სიძლვილი პრინცისადმი, მაგრამ შურისძიებას იგი მხოლოდ ერთ ადამიანს მიანდობს, მხურვალე რესპუბლიკელი პოეტი, ფერენტე პალა, მზადაა, ჰერცოგის მეუღლის ნება აღასრულოს. ის მალულად ეტრფის ჯინას და, აგრეთვე, საკუთარი ანგარიში აქვს გასასწორებელი მეფესთან.

ჯინა გრაფ მოსკასგან იგებს, რა ბედი ელის ფაბრიციოს და შეძრწუნებული გაქცევას ამზადებს. ის ახერხებს ციხის გეგმა და თოკი შეაგზავნოს თავისი ძმისწულის საკანში. მაგრამ ქალბატონ სანსევერინას აზრადაც არ მოსდის, რომ ტუსაღი სულაც არ ისწრაფვის თავისუფლებისკენ, რადგან მას კლელიას გარეშე არაფრად უღირს თუნდაც ჩიტივით თავისუფალი სიცოცხლე.

ამ დროს ციხის ეკლესიის მოძღვარი, დონ ჩეზარე, ახერხებს, რომ ფაბრიციოს გასეირნების უფლება მოუპოვოს. ახალგაზრდა კაცი კლელიას ევედრება ციხის სამლოცველოში შევიდეს. შეყვარებულები ხვდებიან, მაგრამ გოგონა აქ სიყვარულზე სასაუბროდ არ მოსულა, იგი პირდაპირ უბრძანებს ფაბრიციოს, გაიქცეს, რადგან მის მიერ ციხეში გატარებული ყოველი წუთი სიკვდილთან აახლოვებს მშვენიერ ყმაწვილს. კლელია მადონას აღთქმას უდებს: თუ ფაბრიციო გაქცევას მოახერხებს, იგი აღარასდროს იხილავს მას და მხოლოდ მამის არჩევნის თანახმად გათხოვდება.

გაქცევის გეგმა ხორციელდება, ფაბრიცუიო თავბრუდამხვევი სამიღლიდან ეშვება თოკით ძირს და დაცემისას კარგავს გონებას. ქალბატონ სანსევერინას იგი შვეიცარიაში მიჰყავს და ისინი მალულად ცხოვრობენ ლუგანოში. მაგრამ ფაბრიციო ჯინას სიხარულს სულაც არ იზიარებს. თავად ჰერცოგის მეუღლეც კი ვეღაც აღიქვამს ამ დათრგუნულ, საკუთარ თავში ჩაკეტილ კაცს თავის სიცოცხლისმოყვარე და ცოტა ჭკუამხიარულ ძმისშვილად. ჯინა ეჭვობს, რომ ყმაწვილი კაცის ჭმუნვის საბაბი კლელიასთან განშორებაა. თუმცა ქალბატონ სანსევერინას ფაბრიციოს მიმართ უწინდებურად ძლიერი გრძნობა აღარ გააჩნია, მაგრამ ეს აღმოჩენა მაინც სტკენს გულს.

ლუგანოში ჩადის გრაფ მოსკას მსახური ცნობით: პრინცი უეცრად გარდაიცვალა, პარმაში აჯანყებაა, რომელსაც ფერენტე პალა უდგას სათავეში.

გრაფი აჯანყებას ახშობს და ტახტზე ადის გარდაცვლილის ძე, ერნესტო V. ჯინას და ფაბრიციოს უკვე შეუძლიათ პარმაში დაბრუნება, მაგრამ განაჩენი ძალაში რჩება. ფაბრიციო, საქმის გადახედვის მოლოდინში, ისევ ციხეში უნდა ჩაჯდეს. იგი ბრძანებას აღარ ელოდება და თავისი ნებით ბრუნდება საკანში. შეუძლებელია იმ გრძნობის სიტყვებით აღწერა, რასაც კლელია ფაბრიციოს ციხეში დანახვაზე განიცდის. კლელიას მამა ყმაწვილის გაქცევას საკუთარ შეურაცხყოფად აღიქვანმს და იმუქრება, რომ ამჯერად ფაბრიციო ციხიდან ცოცხალი ვეღარ გააღწევს. გენერალი კონტი ქალიშვილს თავის გადაწყვეტილებას ანდობს. გოგონამ იცის, რომ სადილი, რომელიც ფაბრიციოსთვის მოაქვთ, მოწამლულია. იგი როგორღაც ახერხებს თავისი შეყვარებულის საკანში შეღწევას და ხელს ჰკრავს მაგიდას, რომელზეც უკვე დევს ფაბრიციოსთვის განკუთვნილი კერძი. იმ წამს ყმაწვილი ქალი იმდენად მომხიბვლელია, რომ ვნებამორეული ფაბრიციო გრძნობების დაოკებას ვერ ახერხებს. მშვენიერი ასული არ კი ცდილობს, შეეწინააღმდეგოს თავისი ცხოვრების მამაკაცს.

განაჩენის შეცვლის შემდეგ, თავისუფალი ფაბრიციო მთავარეპისკოპოს ლანდრიანისთან მთავარი ქორეპისკოპოსის თანამდებობას იღებს, ხოლო ამ უკანასკნელის სიკვდილსი შემდეგ, თავად ხდება არქიეპისკოპოსი. მისი ქადაგებები დიდ მოწონებას იმსახურებს მრევლში. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, იგი ძალიან უბედურია. კლელია აღთქმას იცავს, იგი, მამის ნების თანახმად, პარმის უმდიდრეს ადამიანზე, მარკიზ კრეშენციზე თხოვდება, თუმცა, მასაც უწინდებურად ძლიერ უყვარს ფაბრიციო. მისი სულის ერთადერთი თავშესაფარი მადონას დახმარების იმედია.

ფაბრიციო სასოწარკვეთილია. სულიერმა ტანჯვამ ასახვა ჰპოვა მის გარეგნობაზეც 一 ჩამოხმა, ღონემიხდისლ დატანჯულ სახეზე უკვე უჩვეულოდ დიდად ჩანს მისი ლამაზი თვალები. კლელია ხვდება, რომ სასტიკად ექცევა საყვარელ მამაკაცს და ფაბრიციოს შეხვედრებზე დათანხმდება. მაგრამ, რადგანაც აღქმა აქვს დადებული, ყველა მათი პაემანი მხოლოდ ღამით იმართება, რათა ყმაწვილმა კლელია ვერ დაინახოს. ასე გრძელდება სამი წლის განმავლობაში. გოგონას ბავშვი უჩნდება, პატარა სანდრინიო. ფაბრიციო აღმერთებს თავიანთი სიყვარულის ნაყოფს და სურვილი კლავს, პატარა მის თვალწინ აღზარდოს, მაგრამ ბავშვის ოფიციალურ მამად მარკიზი კრეშენცი ითვლება, ფაბრიციოს მსაზე არავითარი უფლება არ გააჩნია. იგი გადაწყვეტილებას იღებს, ბავშვი მოიტაცოს და შემდეგ ხმა გააგდოს, რომ პატარა დაიღუპა. ფაბრიციო გეგმას ახორციელებს, მაგრამ მალე პატარა სანდრინიო მართლაც კვდება. უბედურებისგან დაუძლურებული კლელია, ძალიან მალე, საკუთარი შვილის გზას დაადგება. ფაბრიციო თვითმკვლელობის ზღვარზეა. იგი არქიეპისკოპოსის ტიტულზე უარს ამბობს და, სულის სიმშვიდის მოსაპოვებლად, პარმის მონასტერში მიდის.

ჯინა გრაფ მოსკას მიჰყვება ცოლად და სამუდამო ტოვებს პარმას. ის, თითქოს, ყველა პრობლემას აგვარებს, მაგრამ, როდესაც ატყობინებენ, რომ მონასტერში ერთი წლის ცხოვრეობის შემდეგ, მისი საყვარელი ფაბრიციო გარდაიცვალა, მხოლოდ ამ ტკივილის გადატანას ვერ ახერხებს ძალიან დიდხანს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]