პარკი — მცენარის ნაყოფი; ვითარდება ზედა ნასკვიდან და ერთი ნაყოფფოთლისაგან. აქვს პარკოსნების ოჯახის მცენარეებს. პარკი მშრალი ნაყოფის ტიპს მიეკუთვნება. ზოგ შემთხვევაში იგი ისხნება 2 საგდულით ზემოდან ქვემოთ (ბარდა, ლობიო, ცერცველა და სხვ.), მაგრამ არსებობს თვითუხსნადი პარკიც (ძიძო, ზოგი სამყურა და სხვ.). არაქისის პარკი ნიადაგში მწიფდება და არ იხსნება. პარკი მეტწილად მრავალთესლიანია.[1] გვხვდება წვნიანი (თამარინდი, კერატონია), ერთთესლიანი (ძიძო, ესპარცეტი, სამყურა), ცრუორბუდიანი (გლერძი), დანაკვთული (კრიალოსანა, ყვავისფრჩხილა) პარკები. მისი ზომა, ფორმა და აგებულება მრავალგვარია; სახეობათა უმრავლესობას სწორი, მეტ-ნაკლებად ბრტყელი აქვს (ბარდა, ლობიო და სხვ.), სხვებს — მომრგვალო, მოკაკვული ან სპირალურად დახვეული.[2] ზოგიერთი პარკოსნის პარკის საგდულები უცებ იგრიხება და თესლები გადმოიფანტება.[1]