პარაშუტი

პარაშუტი (ფრანგ. parachute < ბერძ. πᾰρά — „წინააღმდეგ“ და ფრანგ. chute — „ვარდნა“) — ატმოსფეროში მოძრავი ობიექტის მამუხრუჭებელი მოწყობილობა.
პარაშუტი სხვადასხვაგვარია:
- მაშველი — იყენებენ საფრენი აპარატის ავარიის შემთხვევაში 25 კმ-მდე სიმაღლეზე 1400 კმ/სთ-მდე სიჩქარით ფრენისას;
- დასაჯდომი — თვითმფრინავიდან ტვირთისა და ხალხის მიწაზე უსაფრთხო დაშვებისათვის, უპილოტო და პილოტირებული კოსმოსური ხომალდების (მაგალითად, „კოსმოსი“, „სოიუზი“, „ლუნა-16“, „ჯემინი“, „აპოლო“) დასაშვებად;
- მამუხრუჭებელი — თვითმფრინავის განარბენის შესამცირებლად, ატმოსფეროს შესასწავლი სამეცნ. აპარატურის დაშვების მოცემული სიჩქარის უზრუნველსაყოფად და სხვა.
- სპორტული — სპორტსმენის მოცემულ წერტილში მართული დაშვებისათვის.
პარაშუტი შედგება ქსოვილის ჯამბარებიანი გუმბათისაგან, გამოსაწევი მოწყობილობისა და საკიდრისაგან. ინახავენ საპარაშუტო კონტეინერში (ზურგჩანთა, კამერა). ზოგჯერ პარაშუტს აკეთებენ რამდენიმე ერთნაირი ან სხვადასხვანაირი ფართობის გუმბათისაგან, რომლებსაც იყენებენ მამუხრუჭებლად (როცა 3–5 გუმბათია) ან დასაჯდომად (3–27 გუმბათი). პარაშუტი იხსნება ავტომატურად ან მას პარაშუტისტი ხსნის. პარაშუტის შექმნის იდეა მეცნიერულად დაასაბუთა ლეონარდო და ვინჩიმ (1495). პარაშუტით პირველად დაეშვა ვენეციელი ინჟინერ-მექანიკოსი ფ. ვერანციო (მაღალი კოშკის სახურავიდან; 1617) და ფრანგი აერონაოსანი ა. ჟ. გარნერენი (საჰაერო ბურთიდან; 1797). 1911 წელს რუსმა გამომგონებელმა გ. კოტელნიკოვმა პირველი ზურგჩანთური მაშველი პარაშუტი შექმნა. სსრკ-ში საპარაშუტო ტექნიკის განვითარებაში დიდი ღვაწლი მიუძღვოდათ კონსტრუქტორებს: ო. ვოლკოვს, ნ. ლობანოვს, ა. პრივალოვს, ფ. ტკაჩოვსა და სხვ. აგრეთვე პ-ის გამომცდელებს: ე. ანდრეევს, ვ. რომანიუკს, ო. ხომუტოვსა და სხვებს.