პაპუნა მინდელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
პაპუნა მინდელი
დაბ. თარიღი 16 დეკემბერი, 1931
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
საქართველოს დროშა საქართველო
მუშაობის ადგილი მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები მერაბ ალექსიძის სახელობის პრემია
ელიზბარ მინდელის სახელობის პრემია

პაპუნა მინდელი (დ. 16 დეკემბერი, 1931, თბილისი, საქართველოს სსრ) ― ქართველი გეოფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, მერაბ ალექსიძისა და ელიზბარ მინდელის პრემიების ლაურეატი, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაპაუნა მინდელი 1931 წლის 16 დეკემბერს, პედაგოგ შალვა მინდელის ოჯახში დაიბადა. 1949 წელს თბილისის VI ვაჟთა სკოლა წარჩინებით დაამთავრა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-ტექნიკურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. პირველი კურსის წარჩინებით დასრულების შემდეგ, სწავლა განაგრძო მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იმავე ფაკულტეტზე, რომელიც 1955 წელს გეოფიზიკის მიმართულებით დაამთავრა.

1955 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ, პაპუნა მინდელმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმოლოგიის რეგიონული სეისმოლოგიის ლაბორატორიაში უფროს ლაბორანტად დაიწყო მუშაობა, სადაც აქტიურად მონაწილეობდა სეისმური ბიულეტენების დამუშვებაში, მიღებული მონაცემების ანალიზსა და კავკასიის სეისმური ბიულეტენების შედგენაში.

გრავიმეტრია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომდევნო წელს მიხეილ ნოდიამ ინსტიტუტის გრავიმეტრიის განყოფილებაში (ხელმძღვანელი ბენედიქტე ბალავაძე) დაიწყო მუშაობა. 1955-1959 წლებში ბენედიქტე ბალავაძესთან, გურამ შენგელაიასთან, ვ. გაბუნიასთან, კონსტანტინე ქართველიშვილთან და ვ. აბაშიძესთან ერთად აფხაზეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიებზე გრავიმეტრიულ აგეგმვებში მონაწილეობდა. ერთ ჯგუფს კონსტანტინე ქართველიშვილი ხელმძღვანელობდა, მეორეს კი - პაპუნა მინდელი. ამ უკანასკნელნს ნალჩიკი-ტერსკორი-იალბუზის მარშრუტი დაევალა.[1] 1956 წლის 16 აგვისტორს, 16:00 საათზე პაპუნა მინდელმა იალბუზის მწვერვალზე გაზომა სიმძიმის ძალის სიდიდე. მომდევნო წელს გრავიმეტრიის ლაბორატორიის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად მიიღეს.

1958 წელს ბენედიქტე ბალავაძის რეკომენდაციით, პაპუნა მინდელმა გეოფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტურის გამოცდები ჩააბარა. სადისერტაციო თემა შავი ზღვის გრავიტაციული ველის შესწავლას, შესაბამისი რუკის შედგენასა და დედამიქის ქერქის აგებულების შესწავლის მიზნით კომპლექსურ ანალიზს მოითხოვდა. იმავე წელს პაპუნა მინდელი მოსკოვის დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტში საზღვაო გრავიმეტრის (აეროგრავიმეტრიული ლაბორატორიის გრავიმეტრი) სრულყოფის სამუშაოებსა და ბარენცის ზღვაში გამოცდის დროს მონაწილეობის მისაღებად მიავლინეს. 1959 წლის ივნის-სექტემბერში ჩატარებული გაუმჯობესებული გრავიმეტრის გამოცდებში პაპუნა მინდელი აქტიურად მონაწილეობდა და შემდეგში შავი ზღვის ტერიტორიის გრავიმეტრიულ აგეგმვაში ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელი იყო.

1959 წელს დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტის აეროგრავიმეტრიულმა განყოფილებამ და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის გრავიმეტრიისა და გრავიძიების განყოფილებამ ახალი ხელსაწყოებითა და სამხედრო წყალქვეშა ნავის დახმარებით შავი ზღვის ღრმა ნაწილის გრავიმეტრიული აგეგმვა ჩაატარა. მიღებული მონაცემების საფუძველზე, მომდევნო წელს პაპუნა მინდელმა და ბენედიქტე ბალავაძემ პირველად შეადგინეს შავი ზღვის ღრმა ნაწილის გრავიმეტრიული რუკა ბუგეს ანომალიაში, რომლის ანგარიშიც დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტს გაუგზავნეს..[1]

1960-1961 წლებში პაპუნა მინდელი შავი და აზოვის ზღვის მთლიანი გეომეტრიული აგეგმვისას საზღვა ექპედიციების ერთ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, მეორე ჯგუფის ხელმძღვანელი კი გ. მასლოვი იყო. 944 პუნქტში ჩატარებული დაკვირვებების შედეგების გათვალისწინებით, ბენედიქტე ბალავაძემ და პაპუნა მინდელმა ბუგეს ანომალიაში შავი და აზოვის ზღვების გრავიმეტრიული რუკა შეადგინეს, 2.67 გრ/სმ³ სიმკვრივით, რომელიც უნიკალურია და დედამიწის ქერქის შემადგენელი ფენების ზომებისა და ჩაწოლის სიღრმეების დადგენის შესაძლებლობას იძლევა.

დედამიწის ქერქის უკეთ შესასწავლად, პაპუნა მინდელმა გრანიტის ფენის გავრცელების საზღვრების დადგენის მიზნით, პაპუნა მინდელმა შავი ზღვის ტერიტორიის გადამკვეთი ტალღების გზების გაანალიზება დაიწყო. მკვლევარმა 1950-1968 წლებში მომხდარი 60 მიწისძვრა გააანალიზა, რომელთა სიმძლავრე 4 ბალს აღემატებოდა, ეპიცენტრი დედამიწის ქერქში მდებარეობდა და თბილისის, სიმფეროპოლის, ერევნისა და იალტის სეისმურ სადგურებში ფიქსირდებოდა. მიღებული შედეგებით დადგინდა, რომ შავი ზღვის ღრმა წყლის რაიონში დედამიწის ქერქის აგებულება მკვეთრად განსხვავებულია და აქ გრანიტის ფენა არ არის. შედეგების გათვალისწინებით, პაპუნა მინდელმა თ. ნეპროჩნოვთან ერთად გამოაქვეყნა სტატია „Определение области отсуствия гранитного слоя в Черноморской впадине по данным ГСЗ и сейсмологии“ (1965), რომელშიც შავი ზღვის აუზის ღრმა სეისმური ზონდირებისა და ზედაპირული ტალღების გავრცელების მასალა და გრანიტის ფენის გავრცელების საზღვრები იყო გაანალიზებული.[1]

პაპუნა მინდელისა და ბენედიქტე ბალავაძის მიერ შავი ზღვის ჰიდრო-ტოპოგრაფიულ რედუქციაში გრავიმეტრიული რუკის რაოდენობრივი ინტერპრეტაციისთვის, შავი ზღვის აუზში დანალექი ქანების სიმკვრივეთა განსასაზღვრად, ავტორებმა სიმკვრივესა და ქანებში დრეკადი სეისმური ტალღების გავრცელების სიჩქარეს შორის კორელაციური კავშირი გამოიყენეს, რის შემდეგაც დაადგინეს, რომ შავ ზღვაში დანალექი ფენის სიმკვრივე 2.30-2.45 გ/სმ³-ს უდრიდა.

შავი ზღვის ტერიტორიაზე ჩატარებული გამოკვლევების შედეგები სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა და ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებზეც იყო მოხსენიებული: საერთაშორისო გეოფიზიკურ წელთან მიძღვნილ საკავშირო კონფერენციაზე (მოსკოვი, 1963), XII გენერალურ ასამბლეაზე (ბერკლი, 1963), ყირიმის საკავშირო თათბირზე (სიმფეროპოლი, 1963-1964), ზღვის გეოგრაფიაში სამეცნიერო-ტექნიკურ თათბირზე (გელენჯიკი, 1966), გრავიმეტრიის გაფართოებულ სემინარზე (მოსკოვი, 1975) და სხვ.

შავი ზღვის ექპედიციის დასრულების შემდეგ, 1963 წელს იული ბულანჟე ალექსანდრე ბუხნიკაშვილისთვის გაგზავნი წერილში აღნიშნავდა, რომ პაპუნა მინდელმა წყალქვეშა ნაოსნობის რთულ პირობებში მეცნიერული გამოკვლევები ჩაატარა, კარგი შედეგები მიიღო და პრემიაზე წარდგენას იმსახურებდა.[1]

1962-1964 წლებში პაპუნა მინდელმა ბენედიქტე ბალავაძესთან ერთად სხვადასხვა ჟურნალში 19 სამეცნიერო სტატია გამოაქვეყნა შავი ზღვის აუზის გრავიტაციული ველისა და დედამიწის ქერქის აგებულებების თავისებურებების შესახებ. 1967 წელს მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად დისერტაცია „შავი ზღვის აუზის გრავიტაციული ველი და დედამიწის ქერქის აგებულება“ დაიცვა. 1968 წელს გრავიმეტრიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გახდა.

პაპუნა მინდელი ერთადერთი მეცნიერია, რომელმაც სიმძიმის ძალის გაზომვა იალბუზის მწვერვალსა და შავი ზღვის დიდ სიღრმეებზე შეძლო, რის გამოც გინესის რეკორდების წიგნში შესატანადაც იყო წარდგენილი.[1]

კავკასიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიის გრავიტაციული ველისა და ლითოსფეროს აგებულების შესწავლის მიზნით, პაპუნა მინდელმა დიდი მოცულობის გეოფიზიკური კვლევები ჩაატარა, რომლის შედეგადაც შედგენილი ბაზა 600 000-ზე მეტ სხვადასხვა მონაცემს მოიცავს. მისი უშუალო მონაწილეობით შეადგინეს კავკასიის, შავი, აზოვისა და კასპიის ზღვების გრავიტაციული რუკები 1:100 000 მასშტაბით.[1]

შემდგომი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1974 წელს პაპუნა მინდელი გრავიმეტრიის განყოფილების გამგის მოადგილედ დაინიშნა. 1986 წელს განყოფილების წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი გახდა. 1995 წელს პაპუნა მინდელმა წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „კაკვასიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის სარტყლის ლითოსფეროს გრავიტაციული მოდელი“. 1999 წელს მან გამოაქვყენა მონოგრაფია „კავკასიაში ხმელთაშუა ზღვის სარტყლის ლითოსფეროს გრავიტაციული მოდელი“, რომელშიც კავკასიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიის ლითოსფეროს აგებულების თავისებურებებია და მოდელირების მეთოდოლოგიაა განხილული. 2000 წელს პაპუნა მინდელს ამ მონოგრაფიისთვის აკადემიკოს მერაბ ალექსიძის სახელობის პრემია მიენიჭა. გეოფიზიკოსმა ელიზბარ მინდელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მონოგრაფია გამოაქვეყნა, რისთვისაც 2002 წელს ელიზბარ მინდელის სახელობის პრემია მიენიჭა.

1980-1989 წლებში პაპუნა მინდელი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გაერთიანებული პროფკავშირის საბჭოს წევრი იყო. 1985-1989 წლებში სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ფიზიკაში ლექციებს კითხულობდა. წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

2003-2006 წლებში პაპუნა მინდელი გეოფიზიკის ინსტიტუტის გრავიმეტრიული განყოფილების ხელმძღვანელი იყო. 2006 წელს ინსტიტუტის რეკონსტრუქციის შემდეგ სექტორული სისტემა ჩამოყალიბდა და პაპუნა მინდელი გამოყენებითი და ექსპერიმენტული გეოფიზიკის სექტორის მთავარ მეცნიერ თანამშრომლად აირჩიეს 2001 წლიდან დღემდე, პ. მინდელი გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრია, ხოლო 2013 წლიდან დღემდე გამოყენებითი და ექსპერიმენტული გეოფიზიკის სექტორის მთავარი მეცნიერ თანამშრომელია.[1]

1997-2005 წლებში პაპუნა მინდელის მონაწილებით აკადემიის ოთხ გრანტში შემდეგი სამეცნიერო თემები შესრულდა: „აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სიღრმული გეოლოგიური აგებულების შესწავლა“, „პოტენციალური ველების ტრანსფორმაციების მეთოდის გამოყენება“, „გეოფიზიკური მეთოდების რაციონალური კომპლექსის დამუშავება სასარგებლო წიაღისეული საბადოთა ძებნა-ძიებისათვის“. 2006-2009 წლებში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტში: „საქართველოს ტერიტორიის სიღრმული გეოლოგიურ-გეოფიზიკური აგებულება სამგანზომილებიანი მოდელირებით“, „საქართველოს გეოფიზიკური მონაცემების კომპიუტერიზაცია“.[1]

2009-2012 წლებში პაპუნა მინდელმა ორ სამეცნიერო თემას უხელმძღვანელა: „საქართველოს სიღრმული გეოლოგიურ-გეოფიზიკური აგებულების 1:500000 მასშტაბის სამგანზომილებიანი მოდელირება ბლოკურ-ტერეინული, სეისმოაქტიური ტექტონიკის დადგენის, ენდოგენური და ეგზოგენური გეოეკოპროცესების პროგნოზირების ასპექტში“ და „საქართველოს გეოფიზიკურ მონაცემთა კომპიუტერიზაცია, ტერიტორიის საყრდენ-კარკასულ პროფილებზე გეოლოგიურ-გეოფიზიკური სიღრმული აგებულების სამგანზომილებიანი მოდელის აგება“.[1]

ჯილდოები და პრემიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მერაბ ალექსიძის სახელობის პრემია (2000)
  • ელიზბარ მინდელის სახელობის პრემია (2002)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დარახველიძე, ლ. ნიკოლაიშვილი, მ. ქირია, ჯ. (2017). პაპუნა მინდელი: ბიობიბლიოგრაფია. [რედ. ვ. აბაშიძე]. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. ISBN 978-9941-13-614-6.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 დარახველიძე, ლ. ნიკოლაიშვილი, მ. ქირია, ჯ. (2017). პაპუნა მინდელი: ბიობიბლიოგრაფია. [რედ. ვ. აბაშიძე]. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. ISBN 978-9941-13-614-6. გვ. 7-28.