პანჩურეთი
პანჩურეთი (თურქ. Pançureti) — ისტორიული კლარჯეთის რეგიონის ერთ-ერთი დასახლებული პუნქტია. დღეს მდებარეობს ართვინის პროვინციის ბორჩხის რაიონში და მისი სახელი შეცვლილია პანჩარლად. სოფელი პანჩარლი შემდგომში სოფელი დემირჯილერის უბნად იქცა და მისი სახელი დამკვიდრდა როგორც პანჯარლი.
სოფლის სახელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის ცნობილი უძველესი სახელია პანჩურეთი. თუმცა, უცნობია რას ნიშნავს პანჩურეთი, რომელიც ქართული და ლაზური ტოპონიმია. სოფლის სახელი თურქულში შევიდა როგორც პანჩურეთი. კერძოდ, მუვაჰიდ ზეკის მიერ 1927 წელს გამოქვეყნებულ ოსმალურ წიგნში „ზოგადი ინფორმაცია ართვინის პროვინციის შესახებ“ სოფლის სახელი მოხსენებულია როგორც პანჩურეთი (فانچورەت).[1] რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს (1877-1878) წლებში რეგიონის დამპყრობელმა რუსებმაც სოფლის სახელი ჩაიწერეს როგორც პანჩურეთი (Панчурет).[2] რუსული მმართველობის დროს, 1890-იანი წლების დასაწყისში რეგიონში მოგზაური ქართველი ისტორიკოსი ზაქარია ჭიჭინაძე კი, სავარაუდოდ შეცდომით, სოფლის სახელს წერდა როგორც პანჩერეთი.[3]
გეოგრაფიული მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პანჩურეთი, რომელიც დღეს დემირჯილერის (ყოფილი მამანათი) სოფლის უბანია, მდებარეობს ბორჩხის დასახლების ჩრდილო-დასავლეთით, ხოფა-ბორჩხის საავტომობილო გზის ნაპირას. ეს არის ჭალის ხეობაში მდებარე ერთ-ერთი დასახლებული პუნქტი და ბორჩხიდან დაახლოებით 5 კმ-ით არის დაშორებული.
რეგიონის რუსების ხელში გადასვლამდე ცოტა ხნით ადრე, 1874 წელს, ქართველი სამხედრო და გეოგრაფი გიორგი ყაზბეგი, რომელიც ამ რეგიონში მოგზაურობდა, წერდა, რომ ჭოროხის შენაკადი ჭალის ღელე (ჩაირსუ) ლივანასა და ლაზისტანს შორის საზღვარს ქმნიდა. ყაზბეგის ინფორმაციით, პანჩურეთი და სხვა სოფლები მთის ფერდობების ძირში, წყლის პირას იყო აშენებული. სოფლების გარშემო მთები სურო მცენარეებით იყო დაფარული. ფერდობები სავსე იყო კომარის (იასამნისფერი ყვავილების მქონე როდოდენდრონი) ბუჩქებით. ხის ჯიშებიდან აქ იყო წაბლი, რომელიც ხშირად გამოიყენებოდა სახლების მშენებლობაში, ასევე მურყანი და მუხა.[4]
გიორგი ყაზბეგიდან ორმოცდაათი წლის შემდეგ ართვინის პროვინციაში მოგზაური მუვაჰიდ ზეკის ინფორმაციით, პანჩურეთი, ისევე როგორც ჭალის ხეობაში (შიდა ციხე) მდებარე სხვა სოფლები, ბალიქლის მთის ძირში მდებარეობდა და სახლების უმეტესობა ორსართულიანი და ხის იყო. სოფელს ჰქონდა კარგი და სუფთა წყალი. სოფლის ეკონომიკა დამოკიდებული იყო სოფლის მეურნეობაზე და მოჰყავდათ სიმინდი, თამბაქო, ხორბალი, ქერი და სელი. სოფელი, სადაც იზრდებოდა ვაშლი, მსხალი, ქლიავი და კაკალი, განსაკუთრებით ცნობილი იყო „რკინის ვაშლის“ სახელით ცნობილი ვაშლი. ჭალის ხეობაში პანჩურეთი და სოფლები „კოსტანეთი“, „ჭათი“, „მამანათი“, „მაკარეთი“, „ზორქოი“ და „ბაშქოი“ ერთმანეთისგან დაახლოებით ნახევარი საათის სავალზე მდებარეობდნენ.[5]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუვაჰიდ ზეკის მიერ 1927 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „ზოგადი ინფორმაცია ართვინის პროვინციის შესახებ“ მოცემული ინფორმაციის თანახმად, სოფლის მოსახლეობა შედგებოდა ლაზებისგან და სოფელში ლაპარაკობდნენ ლაზურად. სოფელში მცხოვრები ლაზები იყვნენ განათლების არმქონენი და უკიდურესად მორწმუნენი. მიუხედავად ამისა, მათ დიდი ინტერესი ჰქონდათ განათლებისა და სკოლის მიმართ.[6] ზოგადად, ლაზები გამუსლიმანდნენ მას შემდეგ, რაც ოსმალებმა XVI საუკუნეში დაიპყრეს რეგიონი. კლარჯეთის ბევრი სოფლისგან განსხვავებით, პანჩურეთში ეკლესიის ნანგრევები არ არის აღმოჩენილი.
XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში, რუსების მიერ რეგიონის დაპყრობის შემდეგ, 1886 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, პანჩურეთში ცხოვრობდა 51 ადამიანი და მოსახლეობის თითქმის მთელი ნაწილი შედგებოდა ლაზებისგან. იმ დროს სოფელში მხოლოდ ორი ქართველი ცხოვრობდა.[2] რუსული მმართველობის დროს, 1890-იანი წლების დასაწყისში, რეგიონში მოგზაურმა ქართველმა ისტორიკოსმა ზაქარია ჭიჭინაძემ დაწერა, რომ პანჩურეთის მოსახლეობა შედგებოდა 15 კომლისგან, და ოსმალეთ-რუსეთის ომის შემდეგ ადგილი ჰქონდა მიგრაციას, თუმცა არ მიუთითებია გადასახლებული კომლების რაოდენობა.[3] მიუხედავად ამისა, ნათელია, რომ ომამდე სოფელს უფრო მეტი მოსახლეობა ჰყავდა.
1922 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, პანჩურეთში 4 კომლში ცხოვრობდა 12 მუსლიმანი ლაზი.[7] ის ფაქტი, რომ სოფლის მოსახლეობა, რომელსაც რუსული მმართველობის დროს მეტი მოსახლეობა ჰყავდა, სამი მეოთხედით შემცირდა, მიუთითებს, რომ რეგიონიდან, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთ-რუსეთის შეტაკებების ადგილი იყო, ახალი მიგრაცია მოხდა. 1925 წელს სახელშეცვლილ სოფელში, რომელსაც ეწოდა პანჩარლი (შემდგომში პანჯარლი), 1926 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, 9 კომლში ცხოვრობდა 41 ადამიანი. აქედან 20 იყო მამაკაცი, 21 კი ქალი. იმ დროს სოფელში ცხოვრობდა 9 უცხოელი, 4 მამაკაცი და 5 ქალი.[8] ერთ კომლზე საშუალოდ 4,5 ადამიანის მოსვლა მიუთითებს, რომ ოჯახები არ იყვნენ მრავალრიცხოვანნი. დღეს დემირჯილერის სოფლის მოსახლეობა, რომელშიც შედის პანჩურეთისა და კოსტანეთის სოფლები, შეადგენს 803 ადამიანს.[9]
| სოფლის მოსახლეობის მონაცემები წლების მიხედვით | |
|---|---|
| 1926 | 41 |
| 1922 | 12 |
| 1886 | 51 |
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიული ტაო-კლარჯეთის კლარჯეთის ნაწილში მდებარე პანჩურეთი, ანტიკურ ხანაში შედიოდა კოლხეთის სამეფოს ფარგლებში. ადრეულ და გვიან შუა საუკუნეებში ის იმყოფებოდა ქართული სამეფოებისა და სამთავროების მმართველობის ქვეშ. XVI საუკუნის ბოლოს ოსმალების ბატონობის ქვეშ მოექცა . პანჩურეთი, ოსმალების მმართველობის ქვეშ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნის შემდეგ, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს (1877-1878) წლებში ცარისტული რუსეთის ხელში გადავიდა. ამ ომიდან დაახლოებით რვა წლის შემდეგ, 1886 წელს რუსების მიერ ჩატარებული მოსახლეობის აღწერის თანახმად, პანჩურეთი იყო სოფელი, რომელიც რუსეთის მმართველობის ქვეშ მყოფ ბათუმის ოლქის ბათუმის სანჯაყის (ოკრუგი) გონიოს მაზრას (უჩასტოკ) ეკუთვნოდა.[2]
პანჩურეთი, პირველი მსოფლიო ომის ბოლოსკენ რუსეთის ჯარის რეგიონიდან გასვლის შემდეგ, (1918-1921) წლებში დამოუკიდებელი საქართველოს ფარგლებში მოექცა. 1921 წელს წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს, თურქულმა ქვედანაყოფებმა ხელში ჩაიგდეს არტაანის, ართვინისა და ბათუმის რეგიონები, მაგრამ ბათუმში ვერ შეძლეს პოზიციების შენარჩუნება. ანკარის მთავრობის მიერ 1921 წლის 16 მარტს საბჭოთა რუსეთთან ხელმოწერილი მოსკოვის ხელშეკრულებით, ართვინი და არტაანი, რომელთა შემადგენლობაშიც შედიოდა პანჩურეთი, თურქეთს გადაეცა.[10]
პანჩურეთი, თურქეთის ფარგლებში მოქცევის შემდეგ, 1922 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, ბორჩხის მაზრის ცენტრალურ თემს ეკუთვნოდა. სოფლის სახელის 1925 წელს პანჩარლიდ გადარქმევის შემდეგ, იმ პერიოდში, როცა ბორჩხა იყო ართვინის პროვინციის ცენტრალური მაზრის ნაწილი, ის ბორჩხის თემის ფარგლებში რჩებოდა. 1928 წლის ოსმალურ გამოცემაში სახელწოდებით „ჩვენი სოფლების სახელები ბოლო ადმინისტრაციულ დაყოფაში“, სოფელი ბორჩხის მაზრისადმი მიკუთვნებულ სოფლად არის ჩაწერილი სახელით პანჩარლი.[11] შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 1933 წელს გამოცემულ წიგნში „ჩვენი სოფლები“, ის ჩორუჰის პროვინციის ბორჩხის მაზრისადმი მიკუთვნებულ სოფლად არის მოხსენიებული სახელით პანჩურეთი.[12] პანჩურეთს 1933 წლის შემდეგ სოფლის სტატუსი მოეხსნა და დემირჯილერის უბნად გადაკეთდა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Muvahhid Zeki, Artvin Vilayeti Hakkında Malumatı Umumiye, 1927, s. 117.
- 1 2 3 kazası (1886 Yılı)” (Rusça). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 Şubat 2020.
- 1 2 Zakaria Çiçinadze, Müslüman Gürcüler ve Gürcistan'daki Köyleri (Gürcüce), 1913, Tiflis, s. 253.
- ↑ Giorgi Kazbegi, Bir Rus Generalinin Günlükleri - Türkiye Gürcistanı'nda Üç Ay, 2019, s. 131-132, ISBN 9789755537207.
- ↑ Muvahhid Zeki, Artvin Vilayeti Hakkında Malumatı Umumiye, 2010 (Birinci basım 1927), s. 176-177, ISBN 9789944197526.
- ↑ Muvahhid Zeki, Artvin Vilayeti Hakkında Malumatı Umumiye, 2010 (Birinci basım 1927), s. 177, ISBN 9789944197526.
- ↑ Taner Artvinli, Artvin Yer Adları Sözlüğü, 2013, s. 213, ISBN 9786055708856.
- ↑ Muvahhid Zeki, Artvin Vilayeti Hakkında Malumatı Umumiye, 2010 (Birinci basımı 1927), s. 143, 148, ISBN 9789944197526.
- ↑ Yılı Borçka İlçe Nüfusu” – T.C. Borçka Kaymakamlığı.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 Mart 2020.
- ↑ Mustafa Kemal Atatürk, Nutuk, İstanbul, 1934, 2. cilt, s. 41.
- ↑ Son Teşkilat-i Mülkiyede Köylerimizin Adları (Osmanlıca), İstanbul, 1928, s. 78.
- ↑ Köylerimiz, (Yayımlayan) Dahiliye Vekaleti, 1933, İstanbul, s. 802.